№ბს-224(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ა-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 8 იანვარს ვ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ვ. ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე - ს/კ ... იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოხსნას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ვ. ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) იპოთეკა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 30 ნოემბერს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაიცა მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №373 ოქმი, მასზედ, რომ ვ. ა-მა შეიძინა 210 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ნინოწმინდის რაიონი ...ის ...ი, სარეგისტრაციო კოდი .... ოქმის თანახმად, გამოსასყიდ თანხად განისაზღვრა 6300 ლარი. ამავე ოქმის თანახმად, გადახდილი იქნა თანხა 1260 ლარის ოდენობით, რაც შეადგენდა გამოსასყიდი თანხის 20 პროცენტს.
2008 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის №58 ხელშეკრულებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ 2007 წლის 30 ნოემბერს გაცემული №373 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმიდან გამომდინარე, ვალდებულებათა სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, ვ. ა-მა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მის მიერ ოქმის საფუძველზე შეძენილი უძრავი ნივთი, მდებარე ნინოწმინდის რაიონი ...ის ...ი, ს/კ ..., 210 ჰა. ფართობი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების ოდენობა - უძრავი ნივთის პრივატიზების ფასის 80%-ის - 5 040 ლარის ოდენობით და გადახდის ვადა 9 წელი. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი ვალდებულების არსებობამდე.
2017 წლის 8 ივნისს ვ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნასთან დაკავშირებით.
2017 წლის 1 დეკემბერს №... წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის მიერ ვ. ა-ს უარი ეთქვა იპოთეკის მოხსნაზე და განემარტა, რომ მას გადასახდელი ჰქონდა 3 780 (სამი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი და ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 0.01% - 644.45 ლარი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 30 ნოემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №373 ოქმიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დადებული 2008 წლის 30 ნოემბერს №58 იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 6 300 ლარის ოდენობით, ვ. ა-ის მიერ შესრულდა სრულად, კერძოდ:
- 2007 წლის 23 ოქტომბერს გადახდილი იყო 1 260 ლარი (საგადასახადო დავალება №1);
- 2009 წლის 10 ნოემბერს გადახდილი იყო 1 890 ლარი (საგადასახადო დავალება №...). ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ 1 890 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ იყო, მაგრამ საქმეს ერთვოდა საბანკო ქვითარი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი რეკვიზიტები; საქმის განხილვის დროს მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ...იდან სრულყოფილი საგადახდო დავალება, რომლითაც დგინდებოდა 1 890 ლარის გადახდა.
- 2017 წლის 6 დეკემბერს გადახდილი იყო 3 780 ლარი (საგადასახადო დავალება №1);
- 2017 წლის 6 დეკემბერს ასევე გადახდილი იყო 644.45 ლარი, პირგასამტეხლოს სახით (საგადასახადო დავალება №1);
2017 წლის გადახდები შესრულებული იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 1 დეკემბერს №... წერილის საფუძველზე. საბოლოოდ, ვ. ა-ის მიერ გადახდილი იყო სულ 6 930 ლარი და პირგასამტეხლო 644.45 ლარი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 30 ნოემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №373 ოქმიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დადებული 2008 წლის 30 ნოემბრის №58 იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვ. ა-ის მიერ შესრულებული იყო სრულად, მას გადახდილი ქონდა საპრივატიზებო საფასური 6 300 ლარის ოდენობით. ამასთან, ვ. ა-ს გარკვეული გაუგებრობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი ჰქონდა გადახდილი. შესაბამისად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი ვალდებულება აღარ არსებობდა და აღარ არსებობდა არც იპოთეკის არსებობის სამართლებრივი საფუძველი..
რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სამართალდარღვევა ან კანონსაწინააღმდეგო/ბრალეული რაიმე ქმედება ხელშეკრულებასთან (საპრივატიზაციო მიწასთან) დაკავშირებით არ ჩაუდენია. შესაბამისად, საქმის მასალების პროკურატურაში არსებობამ (ადმინისტრაციულ ორგანოში არ არსებობამ), გავლენა არ უნდა მოახდინოს სამოქალაქო ურთიერთობაზე ან/და ამით არ უნდა შელახოს მოქალაქის უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ საქმის წარმოების მასალების პროკურატურიდან დაბრუნებამდე შეუძლებელი იყო იპოთეკის მოხსნა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა სააგენტოს 2017 წლის 8 დეკემბრის №... წერილი, რომლითაც მას ეცნობა სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის პოზიცია იპოთეკის მოხსნის თაობაზე თანხმობასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნული აქტი არ ყოფილა გასაჩივრებული ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ზემოაღნიშნულის გარდა, კასატორი მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნაზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, რომლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი, მაშინ როდესაც სასამართლო შეფასებებს აკეთებდა 24-ე მუხლზე დაყრდნობით (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე). ამასთან, კასატორის მითითებით პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, ვ. ა-ის საქმის დედანი მასალების ადმინისტრაციულ ორგანოში არ ყოფნის პირობებში, კასატორი ვერ იმსჯელებს იპოთეკის მოხსნის საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ვ. ა-ის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნის კანონიერების შემოწმება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
კასატორის მოსაზრებით, მაშინ როდესაც სადავო საგანზე მოპასუხე ადმინისტრაციულო ორგანოს წერილობითი პასუხი მოსარჩელეს არ ჰქონდა გასაჩივრებული ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სასამართლომ მაინც განიხილა საქმე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლით, კერძოდ, სასამართლომ სარჩელი განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად და არა 23-ე მუხლის თანახმად, რასაც მოსარჩელე მიუთითებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში სამართლებრივ საფუძვლად მართალია მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავდა შესაძლებლობას სარჩელის ტრანსფორმირების გზით მომხდარიყო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვ. ა-ი სადავოდ ხდიდა მის მიერ უძრავი ქონების საპრივატიზებო ღირებულების გადახდის მიუხედავად იპოთეკის არსებობას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო შეზღუდული სასარჩელო მოთხვნის ფორმულირების მიუხედავად გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, სარჩელის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რისი დადგომაც სურდა მას და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არსებითად ემსჯელა სარჩელზე, რაც რეალურად სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის №ბს-203-200(კ-11) განჩინებაზე, სადაც აღინიშნა, რომ ,,როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, არამედ მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას“. ამავე საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“.
ამასთან, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით და სარჩელის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის ფარგლებში განხილვის პირობებში, არ არსებობდა სარჩელის დაუშვებლად ცნობის წინაპირობები - ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრების უფლების გამოუყენებლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და მიაჩნია, რომ ვ. ა-ის მიერ გადახდილია უძრავი ნივთის პრივატიზების ფასი ჯამში - 6 930 ლარი და პირგასამტეხლო 644.45 ლარი, შესაბამისად, ვ. ა-ის მიერ 2007 წლის 30 ნოემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №373 ოქმით და 2008 წლის 30 ნოემბერს №58 იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად. ამდენად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი ვალდებულება აღარ არსებობს, შესაბამისად, იპოთეკის უფლების აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ძირითადი ვალდებულების არ არსებობის პირობებში არ არსებობს არც იპოთეკის უფლებაც.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი დავის შედეგზე, განსახილველი დავის არსისა და ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე