Facebook Twitter

#ბს-290(კს-20) 24 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ბ. ქ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 20 ივნისს ბ. ქ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბ. ქ. ნ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. ქ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ქ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ბ. ქ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი ბ. ქ. ნ-ს ჩაბარდა 2019 წლის 11 ოქტომბერს, რაც დასტურდებოდა საქმეზე არსებული წერილობითი კორესპონდენციის უკუგზავნილით (ს.ფ. 88), ხოლო ბ. ქ. ნ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 7 ნოემბერს (ს.ფ. 90).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ქ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ვინაიდან, დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა ერთპიროვნულად ზეპირი მოსმენის გარეშე ბ. ქ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, აპელანტს არ მიეცა შესაძლებლობა ვადის აღდგენის შესახებ თხოვნით მიემართა სასამართლოსათვის.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მან არ იცოდა სამართალწარმოების ენა და დროულად უნდა ჩაბარებოდა მიღებული გადაწყვეტილება სპარსულ ენაზე ნათარგმნი, რაც შემდგომ გამორიცხავდა გასაჩივრების ვადის დარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის განჩინებით ბ. ქ. ნ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი ბ. ქ. ნ-ს ჩაბარდა 2019 წლის 11 ოქტომბერს, რაც დასტურდებოდა საქმეზე არსებული წერილობითი კორესპონდენციის უკუგზავნილით (ს.ფ. 88), ხოლო ბ. ქ. ნ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 7 ნოემბერს (ს.ფ. 90).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი ბ. ქ. ნ-ს ჩაბარდა 2019 წლის 11 ოქტომბერს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით (ს.ფ. 88), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2019 წლის 12 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2019 წლის 25 ოქტომბერს (პარასკევი) 24 საათზე იწურებოდა, ხოლო ბ. ქ. ნ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 7 ნოემბერს (ს.ფ. 90-100).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტრანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივების ვადის აღდგენისა და გადაწყვეტილების არამშობლიურ ენაზე ჩაბარების შესახებ და განმარტავს, რომ კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადა არის იმპერატიული ბუნების და მისი აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია. ამასთან, რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორისათვის სასამართლო გადაწყვეტილების სპარსულ ენაზე ჩაბარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არც სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებამდე და არც ჩაბარების ეტაპზე არ მოუთხოვია სპარსულ ენაზე ნათარგმნი სასამართლო გადაწყვეტილება, შესაბამისად, მისი აღნიშნული არგუმენტიც საფუძველს მოკლებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ბ. ქ. ნ-ის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე, 70-78-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ქ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე