№ბს-260(კ-20) 17 ივნისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ლ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 ივლისს ი. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების (№502 ოქმი მე-40 საკითხის ნაწილში) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ 546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება ი. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 30 ივლისს ი. ლ-ის წარმომადგენელმა რ. ჭ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა განცხადებით, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №16ა-ს მიმდებარე 546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად კომისიას წარედგინა მოწმეთა განცხადება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, საჯარო რეესტრის ინფორმაცია და ფოტოსურათები.
ი. ლ-ის წარმომადგენელის რ. ჭ-ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადაუგზავნა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის წერილით კომისიას ეცნობა, ქალაქ თბილისში, ...ი, ...ის ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ 546 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით, საცხოვრებელ ზონაში (სზ-5) იყო მოქცეული.
კომისიის აპარატის თანამშრომლებმა 2016 წლის 28 იანვარს დაათვალიერეს ი. ლ-ის მიერ მითითებული 546 კვ.მ მიწის ნაკვეთი და გამოარკვიეს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია ხის ღობით, დგას კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ასევე, არის მრავალწლიანი ნარგავები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ი. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მშენებარე ნაგებობა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, საქმეზე წარმოდგენილი ორთოფოტოებით ცხადი იყო, ის ფაქტი, რომ 2010 და 2014 წლების მდგომარეობით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე აღინიშნებოდა შენობა-ნაგებობა. საქმეზე წარმოდგენილი ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ამსახველი ქვითრის მიხედვით, ი. ლ-ის ქმრის - რ. ლ-ის მიერ ...ის ...ის ქუჩის მისამართზე კომუნალური გადასახადები გადახდილი იყო 2006 და 2007 წლებში. ამასთან, მოსარჩელის განმარტებების თანახმად, 2010 წლისათვის შენობას არ ჰქონდა სახურავი, ვინაიდან მეორადი მასალით იყო გადახურული და ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი მოხადა (2017 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:48:17).
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმის გარემოებები, რითაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურდებოდა ი. ლ-ისათვის ქალაქ თბილისში, ...ი, ...ის ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ 546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის დაკანონებასაც ითხოვს განმცხადებელი, განთავსებული უნდა იყოს აშენებული ანუ დასრულებული შენობა-ნაგებობა. ამასთან, განმცხადებლის მიერ უნდა დასტურდებოდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მშენებარე შენობა, ასეთის დაკანონებას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
კასატორის მითითებით, რაც შეეხება კომუნალური გადახდის ქვითრებს, ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, რომ ისინი წარმოდგენილია ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. №16ა-ს მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ქვითრებზე მისამართად მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ ...ი, ...ის ქუჩა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ი. ლ-ე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. №10 და იმავე მისამართზეა გაცემული ელექტრო ენერგიის ვაუჩერი. აღნიშნულის საპირისპიროდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ წარდგენილი იქნა ისეთი უტყუარი მტკიცებულებანი, როგორიც იყო ორთოფოტოები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს - ზემოხსენებული კანონის ამოქმედებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - ი. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივლისს ი. ლ-ის წარმომადგენელმა რ. ჭ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №16ა-ს მიმდებარე 546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად კომისიას წარედგინა მოწმეთა განცხადება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, საჯარო რეესტრის ინფორმაცია და ფოტოსურათები.
ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ 2016 წლის 28 იანვარს მიწის ნაკვეთის დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია ხის ღობით, დგას კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ასევე არის მრავალწლიანი ნარგავები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ი. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მშენებარე ნაგებობა. ამასთან, კასაციის ძირითად მოტივსაც მითითებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ობიექტის არსებობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებარა 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი - აშენებული, მშენებარე ან დანგრეული. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის არსებობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე