Facebook Twitter

ბს-266 (კს-უს-19) 08 ივნისი, 2020

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. თ-ე (მესამე პირი), წარმომადგენელი - გ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - ა. გ-ე, გ. ხ-ე (მოსარჩელეები); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი - თ. ფ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ემ და გ. ხ-ემ 28.05.2018წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილების 2.19 კვ.მ. (ა. გ-ის და გ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების) ნაწილში ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით ქალაქ თბილისში, ...ი, N3-ში არსებული მიწის ნაკვეთი მათ მიერ შეძენილ იქნა 2014 წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით. სამშენებლო ქვაბულის ამოღების შემდეგ სამუშაოები შეჩერდა და ვერ ხდება ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული არქტიტექტურული პროექტის რეალიზება და მშენებლობის წარმოება, რომლის ერთადერთ მიზეზს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მხრიდან არსებული კანონდარღვევები წარმოადგენს, რაც მათი ღობის მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებაში გამოიხატება. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან განხორციელებული სადავო რეგისტრაცია თავისი კანონსაწინააღმდეგო ხასიათის გამო კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის პირობებში, გადაფარვის/ზედდების მოტივით უნდა მომხდარიყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. ფ-ა და ი. თ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ის და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილება 2.19 კვ.მ. ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ას და ი. თ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. სასამართლო სხდომაზე ი. თ-ის წარმომადგენელმა გ. ვ-ემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. გ. ვ-ემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია (საქმე N3/44-19) მოსარჩელე ი. თ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების გ. ხ-ისა და ა. გ-ის მიმართ მესამე პირების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. გ. ვ-ემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ. ხ-ეს და ა. გ-ეს უკანონოდ დაურეგისტრირა უძრავი ქონება, ასევე უკანონოდ მიიღო რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ზიანი მიადგა ი. თ-ეს, რადგან მესამე პირების მიერ იქნა მითვისებული ი. თ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ N3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება არსებით გავლენას მოახდენს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავის შედეგზე, ვინაიდან N3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე ი. თ-ის მიერ სადავოდაა გამხდარი გ. ხ-ის და ა. გ-ის სახელზე განხორციელებული პირველადი და შემდგომი რეგისტრაციები. შუამდგომლობის ავტორმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, 3.61 და 9.1 მუხლებზე, ასევე სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული დავის (საქმე N3ბ/3003-18) წარმოება უნდა შეჩერდეს N3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. საოქმო განჩინებით ი. თ-ის წარმომადგენლის გ. ვ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ი. თ-ის მიერ გასაჩივრებული რეგისტრაციები შემხებლობაშია მიმდინარე დავასთან, უცნობია რა სასარჩელო მოთხოვნებს ემყარება ი. თ-ის მიერ საჯარო რეესტრის მიმართ რეგისტრაციების ბათილობის მოთხოვნა. შესაძლებელია აღნიშნული რეგისტრაციების ბათილობამ გავლენა არ იქონიოს მიმდინარე დავაზე, შესაბამისად არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. თ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ. ხ-ეს და ა. გ-ეს უკანონოდ დაურეგისტრირა უძრავი ქონება, ასევე უკანონოდ მიიღო რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ზიანი მიადგა ი. თ-ეს, რადგან მითვისებულ იქნა ი. თ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, შესაბამისად N3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება არსებით გავლენას მოახდენს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავის შედეგზე. კერძო საჩივრის ავტორი სსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძო საჩივრის ავტორი 414-ე, 415-ე, 419-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების შეჩერებას N3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ ი. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები დადგენილია სსსკ-ის 279-ე და 280-ე მუხლებით. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით. სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში ა. გ-ის და გ. ხ-ის სარჩელის გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის (N3ბ/3003-18) დავის საგანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კერძოდ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 2.19 კვ.მ. ზედდების ნაწილში. საქმეში მესამე პირების სახით ჩაბმულნი არიან ი. თ-ე და თ. ფ-ა. საქმის მასალების მიხედვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. თ-ის (მესამე პირის) მოთხოვნა და განხორციელდა ი. თ-ისა და თ. ფ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა მიწის ნაკვეთის ფართობი, თუმცა შეიცვალა კონფიგურაცია, მოსარჩელეები ა. გ-ე და გ. ხ-ე თვლიან, რომ ცვლილება კანონის დარღვევით განხორციელდა და მიუთითებენ, რომ ზემოაღნიშნულის გამო ფიქსირდება ზედდება მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს.კ. ...), რის გამოც ხელი ეშლებათ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის რეალიზებასა და მშენებლობის წარმოებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ის და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილება 2.19 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მესამე პირების ი. თ-ის და თ. ფ-ას მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. სასამართლო სხდომაზე ი. თ-ის წარმომადგენელმა გ. ვ-ემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე N3/44-19, სასამართლო განიხილავს ი. თ-ის სარჩელს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების ა. გ-ის, გ. ხ-ის, დ. პაპაშვილის, ვ. გიორგობიანის და ლ. გიორგობიანის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.12.2009წ. N...; 27.09.2013წ. N...; 23.06.2014წ. N...; 24.06.2014წ. N... და 20.12.2016წ. N... გადაწყვეტილებების ი. თ-ის ღობის/ნაგებობის ტერიტორიის და საჯარო გზის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს საქმეში (N3/44-19) ჩაბმული მესამე პირების ა. გ-ის და გ. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე განხორციელებულ პირველად (საკუთრების უფლების წარმოშობის) და შემდგომ (უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების) რეგისტრაციებს.

საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის ობიექტური გარემოებით გამოწვეული სასამართლოს მიერ პროცესუალური მოქმედებების დროებით შეჩერება სასამართლო განხილვის სტადიაში. სხვა საქმის გადაწყვეტამდე საქმის განხილვის შუძლებლობა იმ თვალსაზრისით გაიგება, რომ სხვა საქმეზე დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შესაჩერებელი საქმისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ორივე საქმეში ეხება ერთსა და იმავე სადავო ტერიტორიას და შესაფასებელია თავდაპირველი მდგომარეობით ვის საკუთრებას წარმოადგენდა იგი, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის, თუ N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ N3/44-19 საქმეში ადმინისტრაციული დავის საგანია სადავო ტერიტორიაზე, კერძოდ გ. ხ-ის და ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული როგორც პირველადი, ასევე შემდგომი რეგისტრაციების კანონიერება, აღნიშნული რეგისტრაციები დროში წინ უსწრებს ი. თ-ის და თ. ფ-ას მიერ 23.04.2018წ. სადავო ტერიტორიაზე განხორციელებულ ცვლილების რეგისტრაციას (N...), რომლის კანონიერება მიმდინარე დავის (საქმე N3ბ/3003-18) ფარგლებშია შესაფასებელი. მოსარჩელეები მოცემულ დავაში თვლიან, რომ საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებით, რომლითაც მოხდა სამი მიწის ნაკვეთის გაერთიანება ერთ ნაკვეთად და ამ ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების კორექტირება, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთმა მოიცვა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული/ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, საჯარო რეესტრს უნდა მიეღო არა რეგისტრაციის, არამედ გადაფარვის/ზედდების საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეებს მიწის ნაკვეთი აქვთ თანასაკუთრებაში, გ. ხ-ეს 1/3 წილი, ხოლო ა. გ-ეს - 2/3 წილი. მოცემულ საქმეში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ზედდება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი (მესაკუთრეები:გ. ხ-ე და ა. გ-ე), თავისი კონფიგურაციით და ადგილმდებარეობით, უფრო ადრეა რეგისტრირებული, ვიდრე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი (მესაკუთრეები: ი. თ-ე, თ. ფ-ა), ამასთანავე, ი. თ-ის სასარჩელო მოთხოვნას (საქმე N3/44-19) საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ა. გ-ისა და გ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილის განხორციელება ი. თ-ის უძრავ ქონებაზე. ი. თ-ე სარჩელით მოითხოვს საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც ნაკვეთი გ. ხ-ის და ა. გ-ის სახელზე დარეგისტრირდა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოირიცხება ნაკვეთების ზედდება და მაშასადამე გ. ხ-ის და ა. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თვლის, რომ ხსენებული ადმინისტრაციული საქმეები შემხებლობაშია ერთმანეთთან, კერძოდ N3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე წარდგენილი სარჩელის განხილვისას დამდგარ შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე დავის ფარგლებში ი. თ-ის და თ. ფ-ას სააპელაციო საჩივრების განხილვისათვის, ვინაიდან N3/44-19 ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა შეფასდეს სადავო ტერიტორიაზე 23.04.2018წ. (N...) ცვლილებამდე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერება და მაშასადამე მოსარჩელეთა პრეტენზიის საფუძვლიანობა სადავო ფართზე, რაც ქმნის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავაზე საქმის (N3ბ-3003-18) წარმოების შეჩერების საფუძველს.

სსკ-ის 279-ე მუხლი შეიცავს საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობის დათქმას, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარად სახეზეა, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განაგრძოს საქმის განხილვა. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე გასაჩივრებულ განჩინებაში არ დაუდგენია ადმინისტრაციულ საქმეებს შორის შესაძლო კავშირის არსებობა. სააპელაციოს სასამართლომ ისე განაცხადა უარი საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოუკვლევია ადმინისტრაციულ საქმეთა შესაძლო შემხებლობის და საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობის საკითხი. ამდენად, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის "ე1 "ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება - გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). სსკ-ის 412.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. განჩინება და საქმე შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე