გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 169-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ისაევი,
დ. სულაქველიძე
განიხილა იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორის _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ოქტომბრის განაჩენით ნ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 თვე და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ნ. ვ. სასჯელს იხდის 2004წ. 27 სექტემბრიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2005წ. 27 სექტემბერს. მან დანიშნული სასჯელის 1/2 მოიხადა 2005წ. 27 მარტს.
2005წ. 20 მარტს სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ნ. ვ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება. დაწესებულების ადმინისტრაცია მას დადებითად ახასიათებს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილებით დაკმაყოფილდა ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული ნ. ვ. სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლდა.
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი დ. ფ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ნ. ვ-ს მიმართ აღნიშნული სასამართლო დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი ნასამართლობის მქონეა, არ არის გამოსწორებული და მისი გათავისუფლება ნაადრევია.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ნ. ვ-ს პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ იგი აშკარად დგას გამოსწორების გზაზე, ხასიათდება დადებითად, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ემორჩილება სასჯელის მოხდის რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის აღარ არის აუცილებელი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა, მითუმეტეს, რომ მან უკვე მოიხადა ამ სასჯელის ერთი მეორედი ნაწილი, რაც სავსებით საკმარისად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორის _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ ნ. ვ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.