Facebook Twitter

№ბს-283(კს-20) 10 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი. თ-ე

მოსარჩელე - თ. ფ-ა

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; გ. ხ-ე; ა. გ-ე;

განხილვის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 2 ივნისს ი. თ-ემ და თ. ფ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 მაისის №1-1133 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც, თავის მხრივ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. გ-ისა და გ. ხ-ის წარმომადგენლის გ. ხ-ის 2016 წლის 15 ნოემბრის №408812/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 27 სექტემბრის ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის №214 §17 დადგენილების №8 ოქმი, საყრდენი კედლის (ღობის) ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში, ხოლო ხსენებული დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ასა და ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ფ-ამ და ი. თ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

2020 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტ ი. თ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა საქმეზე №3/44-19, მოსარჩელე ი. თ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ი. თ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის სასარჩელო მოთხოვნებს პალატის მიერ განსახილველ საქმეზე არ აქვს ისეთი შემხებლობა, რომ აუცილებელი იყოს საქმის წარმოების შეჩერება. ორივე დავის გადაწყვეტა დამოუკიდებლად შესაძლებელია. ამდენად, ამ ეტაპზე სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევაში სასამართლო დააბრკოლებს საქმის განხილვას, რაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესთან მიმართებით უსამართლო ქმედებად ჩაითვლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სასამართლო განხილვაში მყოფ მის სარჩელზე, რომლის დავის საგანსაც წარმოადგენს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა ლ. გ-ის საკუთრების (დღეის მდგომარეობით ა. გ-ისა და გ. ხ-ის საკუთრება) უფლება და შემდგომი ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რითაც მის საკუთრებაში არსებული საყრდენი კედელი და აღნიშნულ საყრდენ კედელზე დაშენებული ღობე მოექცა სხვის საკუთრებაში. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საყრდენი კედელი არსებობს სამოციანი წლებიდან და მასზე დაშენებული ღობე აშენდა 2003 წელს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თუ ზემოაღნიშნული დავა მის სასარგებლოდ გადაწყდება, ის პირდაპირ ასახვას პოვებს მერიის განკარგულების კანონიერებაზე და სააპელაციო სასამართლოს განხილვაში არსებული დავის გადაწყვეტაზე, რამდენდაც აღარ იარსებებს მესამე პირთა ინტერესი ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე №214, &17 გადაწყვეტილების კანონიერებასთან მიმართებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით ი. თ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს ქ. თბილისის მერის 2017 წლის 19 მაისის №1-1133 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლითაც თავის მხრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 27 სექტემბრის ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის №214 §17 დადგენილების №8 ოქმი, საყრდენი კედლის (ღობის) ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში. ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა სადავო ღობის/საყრდენი კედლის მეზობელი მიწის ნაკეთის საკადასტრო საზღვრებში გადასვლა, რაც მიიჩნია სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევად და საბოლოოდ საფუძვლად დაუდო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, პარალელურად საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ი. თ-ის სარჩელი (საქმე №3/44-19; მოსარჩელე - ი. თ-ე; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - ა. გ-ე, გ. ხ-ე, დ. პ-ი, ვ. გ-ი, ლ. გ-ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ი. თ-ის ღობის/ნაგებობის ტერიტორიის და საჯარო გზის რეგისტრაციის ნაწილში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელყო მისი საკუთრების უფლება, რადგან საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მის უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ...ის ქუჩა №9 მიწის ნაკვეთის ღობის/ნაგებობის ნაწილზე, რომელიც მისი უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ღობე ფიქსირდებოდა 1952 წლიდან, ხოლო როდესაც შ. ფ-ამ 2003 წელს ააშენა ახალი სახლი, ბლოკის ღობე დაშენდა ძველ ღობეზე/რკინა ბეტონის საყრდენ კედელზე და არ შეცვლილა ამ ღობის ადგილმდებარეობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეებს შორის არსებობს კავშირი, ვინაიდან, ქ. თბილისში, ...ი №3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ი. თ-ის ღობის/ნაგებობის ტერიტორიის ნაწილში რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს განსახილველი საქმის შედეგზე, რადგან აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ იმ საკითხის შეფასება წარმოადგენს, ი. თ-ის სახლის ღობე/საყრდენი კედელი გადასულია მეზობელი მიწის საკადასტრო საზღვრებში, თუ მოქცეულია მის სასაზღვრო მიჯნაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც ი. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 412-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე