Facebook Twitter

№ბს-266(კ-20) 17 ივნისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 18 აპრილს ლ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის №61 დასკვნის და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 15 მარტის №57/განკ განკარგულების ბათილად ცნობა, აგრეთვე, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხის - 1000 (ათასი) ლარის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მარტის №57/განკ განკარგულება; ლ. მ-ეს დაუბრუნდა 2018 წლის 15 მარტის №57/განკ განკარგულების საფუძველზე გადახდილი საჯარიმო თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 25 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ლ. მ-ემ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „...ომ“ 2017 წლის 20 ნოემბერს განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 24 ნოემბერი) მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს ლ. მ-ის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის მოთხოვნით.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „...ს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლ. მ-ის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. მონიტორინგს დაექვემდებარა ლ. მ-ის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ლ. მ-ეს ეცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის №გ9724 წერილით. ამავე წერილით ლ. მ-ეს ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ: 1) ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ყველა ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში - 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით); 2) ოჯახის წევრის (და) თ. მ-ის მიერ 2016 წელს გაფორმებული უძრავი ქონების (მისამართი: ბორჯომის რაიონი, ...ი, ...ის ქუჩა №21) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 07.09.2016 წელი; 3) ლ. მ-ის მიერ 2017 წელს გაფორმებული უძრავი ქონების (მისამართი: მცხეთა, სოფელი ...ი) ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 02.02.2017 წელი; 4) 2017 წლის 25 ივნისს ლ. მ-ის მიერ წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დაფიქსირებული სს ,,...ოს ბანკთან“ და სს „რ...ა ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ბარათისა და სესხის ხელშეკრულებები, შესაბამის დანართებთან ერთად (გადახდის გრაფიკი); 5) 2017 წლის 20 ივნისს შეძენილი მსუბუქი ავტომობილის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2018 წლის 8 იანვარს ლ. მ-ემ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა 2017 წლის 20 დეკემბრის №გ9724 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის 24 იანვრის №964 წერილით ლ. მ-ეს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად დეკლარირებულ და საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებს, ასევე მხარის მიერ წარდგენილ საბანკო ინფორმაციას შორის გამოვლინდა შეუსაბამობები, კერძოდ:

1. დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაციის შევსების თვის პირველ რიცხვამდე მდგომარეობით, ლ. მ-ის სახელზე ფიქსირდება უძრავი ქონება - ავტოფარეხი -12.00 კვ.მ (მისამართი: თბილისი, ...ის პლატო, მე-4 მიკრო რაიონი), რომელიც არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ლ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი - 1 000.00 კვ.მ (მისამართი: მცხეთა, სოფელი ...ი), რაც დეკლარაციაში ასახულია მხოლოდ ხელშეკრულების გვერდზე და ასახული არ არის უძრავი ქონების გვერდზე.

2. დეკლარაციის მიხედვით, ლ. მ-ის სახელზე ფიქსირდება სახელფასო საბანკო ანგარიში სს „თ...ი ბანკში“, ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 8 000.00 ლარი, ხოლო ლ. მ-ის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით შეადგენდა 2 741.03 ლარს. ასევე დეკლარაციის მიხედვით, ლ. მ-ის სახელზე ფიქსირდება სახელფასო საბანკო ანგარიში სს „...ოს ბანკში“ - ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 9 700.00 ლარი, ხოლო ლ. მ-ის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით აღნიშნულ ანგარიშზე ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით შეადგენდა - 4 801.43 ლარს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ლ. მ-ის ოჯახის წევრის (და) თ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება - ბინა 46.30 კვ.მ (მისამართი; ბაკურიანი, ...ის 21), რომელიც შეძენილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაცია დეკლარაციაში ასახულია მხოლოდ უძრავი ქონების გვერდზე და არ არის ასახული ხელშეკრულების გვერდზე. დეკლარაციის მიხედვით, ლ. მ-ის მიერ 2016 წელს გაფორმებულია საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება სს „...ოს ბანკში“, რომლის ღირებულებაც არ არის მითითებული დეკლარაციაში. დეკლარაციის მიხედვით, ლ. მ-ის მიერ 2016 წელს გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება სს „რ...ა ბანკში“, რომლის ღირებულებაც არ არის მითითებული დეკლარაციაში, ხოლო წარდგენილი საბანკო დოკუმეტაციით კი ირკვევა, რომ სესხის ოდენობა შეადგენს 45 000.00 აშშ დოლარს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირებული ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2016 წელი), ლ. მ-ეს მიღებული აქვს ანაზღაურება ...ო უნივერსიტეტიდან - 270.00 ლარი, რაც არ არის ასახული დეკლარაციაში. დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2016 წელი), ლ. მ-ის ოჯახის წევრს (და) თ. მ-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა ლექციებიდან და კერძო პედაგოგიური საქმიანობიდან შეადგინა 30 000 ლარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირებული ელექტრონული ბაზის მიხედვით კი ოჯახის წევრის (და) თ. მ-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა: ...ო უნივერსიტეტიდან -1.410.00 ლარი; შპს ,,თ...იდან“ - 100.00 ლარი.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, წერილობითი განმარტებების წარდგენისთვის ლ. მ-ეს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.

2018 წლის 30 იანვარს ლ. მ-ემ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა განმარტება, სადაც წერილში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: 1) ავტოფარეხს (12 კვ.მ) მრავალი წელია ფლობდა ოჯახის წევრი - თ. მ-ე (მამა). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ავტოფარეხი არ იყო ასახული საჯარო რეესტრის მონაცემებში, ყოველთვის იყო დაფიქსირებული წინა წლების დეკლარაციებში და შესაბამისად, საჭიროდ ჩათვალა მისი მითითება, დაფიქსირება 2017 წლის 25 ივნისს შევსებულ დეკლარაციაშიც; 2) რაც შეეხებოდა, დეკლარაციის შესაბამის გვერდზე უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთი, სოფელ ...ში და ბინა, ...ში) თაობაზე მონაცემების ასახვას, აღნიშნული შევსებული იყო იმ პრინციპით, რომ ქონება, რომელიც შეიძინა ლ. მ-ის ოჯახმა 2017 წლამდე დაფიქსირებული იყო უძრავი ქონების გვერდზე, ხოლო 2017 წლის განმავლობაში შეძენილი ქონება ასახულ იქნა ხელშეკრულებების გვერდზე; 3) სახელფასო და საკრედიტო ბარათებზე არსებულ ნაშთებს შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით ლ. მ-ემ მიუთითა, რომ დეკლარაცია ივსებოდა ერთი თვის განმავლობაში, რა დროსაც ბარათებზე მუდმივად ხდებოდა მათზე არსებული ნაშთების ცვლილება, თუმცა მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ყველა ხარჯი, მათ შორის საკრედიტო ბარათით განხორციელებული, ასახული იყო დეკლარაციაში. ამის დასტური იყო ის, რომ 2016 წელს „...ოს ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ბარათი მითითებული ჰქონდა დეკლარაციის მე-5 გვერდზე, ხოლო აღნიშნული ბარათით წლის განმავლობაში გაწერილი გასავალი (ხარჯი) ასახული იყო დეკლარაციის მე-10 გვერდზე; 4) ...ო უნივერსიტეტიდან 270 ლარის ოდენობით შემოსავალთან დაკავშირებით, ლ. მ-ემ განმარტა, რომ 2015 წლის ბოლოს უნივერსიტეტთან დაასრულა სახელშეკრულებო ურთიერთობა, 2016 წლიდან დღემდე მას არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტთან, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო 270 ლარის ჩარიცხვის ფაქტი და საფუძველი. ...ო უნივერსიტეტიდან ყველა შემოსავალი უკავშირდებოდა იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებდა 2016 წლამდე; 5) დის - თ. მ-ის შემოსავლის სახით საანგარიშო პერიოდში 30 000 ლარის დაფიქსირებასთან დაკავშირებით კი ლ. მ-ემ განმარტა, რომ მისი და ეწევა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას, კერძოდ, ამზადებს ბავშვებს უცხო ენებში (გერმანულ და ინგლისურ ენებში) და ანაზღაურებას იღებს ხელზე. შესაბამისად, მის მიერ გამოანგარიშებულ იქნა ის თანხა, რაც მისმა დამ მიიღო კერძო პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შედეგად, რასაც დაემატა ლექციებიდან მიღებული შემოსავალი და ჯამი - 30 000 ლარი ასახა დეკლარაციაში; 6) ლ. მ-ემ ასევე განმარტა, რომ ბანკ ,,რ...ასთან“ სესხის ხელშეკრულება 45 000 აშშ დოლარზე გააფორმა არა 2016 წელს, არამედ 2014 წლის 31 დეკემბერს. მის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში გაგზავნილ ამონაწერში ჩანდა, რომ 2015 წლის 4 მაისს აღნიშნული სესხის დასაფარად შეიტანა 30 300 აშშ დოლარი, რომელიც ასახული იყო წინა წლის დეკლარაციაშიც. შესაბამისად, 2017 წლის 25 ივნისის დეკლარაციის მე-10 გვერდზე მიუთითა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასავალი.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის 13 თებერვალს №გ1757 წერილით ლ. მ-ეს აცნობა, რომ დეკლარირებულ და მის მიერ წარდგენილ საბანკო ინფორმაციას შორის დამატებით გამოვლინდა შეუსაბამობები. კერძოდ, საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით, სს ,,...ოს ბანკის“ საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდებოდა გასავალი, რომლის ოდენობა, თითოეულ შემთხვევაში, აღემატებოდა 1500 ლარს, რაც დეკლარაციაში არ იყო ასახული. ასევე ბიუროში არ იყო წარდგენილი მითითებული საბანკო ანგარიშის დეკლარაციის შევსების დღის (2017 წლის 25 ივნისი) ამონაწერი, რის გამოც ბიუროს მიერ ვერ მოხერხდა დეკლარაციაში ამავე ანგარიშზე არსებული ნაშთის სისწორის შემოწმება. ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, წერილობითი განმარტებების წარდგენისთვის ლ. მ-ეს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.

ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 20 თებერვალს, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში ლ. მ-ემ წარადგინა წერილობით ახსნა-განმარტება, კერძოდ, ლ. მ-ემ განმარტა, რომ დეკლარაციის შევსების დროს მიმართა სს „...ოს ბანკს“ და მოითხოვა ინფორმაცია წლის განმავლობაში მისი საკრედიტო ბარათის ანგარიშიდან არსებული ხარჯის (გასავალი) თაობაზე. სს „...ოს ბანკიდან“ ეცნობა, რომ აღნიშნული თანხა ჯამში შეადგენდა 39 713 ლარს და 12 თეთრს, რომლის თაობაზეც მიუთითა მთლიანად დეკლარაციის მე-10 გვერდზე და შესაბამისად, თითოეული ხარჯი ცალ-ცალკე აღარ დაუფიქსირებია.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტმა 2018 წლის 15 მარტს შეადგინა №61 დასკვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის - ლ. მ-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად იქნა შეფასებული და დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანად იქნა მიჩნეული, ლ. მ-ის მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად, არასწორად ასახვა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარუდგენლობა.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მარტის №57/გან განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. მ-ის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლ. მ-ის - 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

2018 წლის 11 აპრილს ლ. მ-ემ გადაიხადა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მარტის №57/გან განკარგულებით გათვალისწინებული ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო დეკალარაციის შევსებისას უზუსტო/არასრული ინფორმაციის მითითების ფაქტი. თუმცა, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასებულიყო პირის ქმედება არსებითად ეწინააღმდეგებოდა თუ არა კანონით დაცულ სიკეთეს, კერძოდ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის გამჭირვალობის, კორუფციული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის კანონისმიერ მიზანს. ამგვარი შეფასებით უნდა დადგენილიყო უზუსტობის ხასიათის შესაბამისობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დიფერენცირებულ ქმედებებთან.

საქალაქო სასამართლომ შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით განმარტა, რომ თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისას მონაცემების უზუსტოდ დიფერენცირება ან რაიმე მონაცემის მიუთითებლობა (მაგ: შემოსავლისა და გასავლის არასწორად განსაზღვრა, დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანგარიშზე თანხის ცდომილება, ფაქტობრივად უმოქმედო ანგარიშის მიუთითებლობა, ასევე წინა დეკლარაციით გასაჯაროებული სასესხო/საანაბრე ხელშეკრულების მიმდინარე დეკლარირებისას გაუთვალისწინებლობა და სხვ.) არ შეიძლება უპირობოდ შეფასებულიყო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენად.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შეთხვევაში დეკლარანტის - ლ. მ-ის მიერ ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებებითა და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ახსნილი იყო ის ფაქტი, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებულ დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობებით კანონის მიზნის უგულვებელყოფა არ ხდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მითითებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპალაციო პალატის მოსაზრებით, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინპერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება, არათუ სცილდებოდა კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდიოდა მასთან, ისევე როგორც, მონიტორინგს დაქვემდებარებულ დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობებით კანონის მიზნის უგულველყოფა არ ხდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეული უნდა იქნეს დასაშვებად და დადგინდეს მოსარჩელე ლ. მ-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენენ თუ არა არსებითი ხასიათის დარღვევებს, ამასთან, მოსარჩელის შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობა ქმნის თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოები სადავოდ არ ხდიან საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების სისწორეს, დავის არსს ქმნის სამართლებრივი შედეგის კანონის მიზნებთან მიმართებაში განმარტება.

კასატორმა გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რითაც საქმის განხილვისას განხორციელებული ცვლილებები მოსარჩელის სასარგებლოდ ჩამოყალიბდა, მაგრამ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ნაწილში სახეზეა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება.

კასატორი მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018-2019 წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რითაც ერთმანეთისგან გაიმიჯნა არსებითი და არაარსებითი დარღვევები, კერძოდ, არსებითად მიიჩნევა დარღვევა, როდესაც დეკლარირებულ მონაცემებში ცდომილება აღემატება 1000 ლარს, ამასთან, განსახილველ საქმეზე მოსარჩელის დეკლარირებული მონაცემები აღემატება 1000 ლარს. კასატორი აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდსაც.

კასატორი იმპერატიულ ნორმად მიიჩნევს ჩანაწერს, რითაც განისაზღვრა არარსებითი ხასიათის დარღვევის იდენტიფიცირებისათვის შესაბამისი ცდომილებების ზღვარი. კასატორი მიუთითებს მოსამართლე ლ. მ-ის მხრიდან დეკლარაციაში მითითებულ და რეალურად არსებულ მონაცემებს შორის ცდომილებაზე, რაც შეადგენს 5259 ლარს, რაც დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და მისი დაჯარიმების უპირობო და უალტერნატივო საფუძველია.

კასატორი ასევე მიუთითებს შესაბამისი ინფორმაციის ბიუროში წარუდგენლობის საკითხზე, რაც აგრეთვე თანამდებობის პირის დეკლარაციის უარყოფითად შეფასების და მისი დაჯარიმების დამოუკიდებელი და უპირობო საფუძველია. კასატორის განცხადებით, საბანკო ანგარიშის ამონაწერის წარდგენის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა 2017 წლის 20 დეკემბრის №გ9724 და 2018 წლის 13 თებერვლის №გ1757 წერილებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საფუძვლების შემოწმებისას მიუთითებს აღნიშნული აქტების გამოცემისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პერიოდისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებზე.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ მოიაზრებს მოსამართლეს. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამავე კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია, კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, - ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დასაბუთებული წერილობითი განცხადება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. აღნიშნული მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: (ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; (ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 18​1 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება - 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებულ ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციაზე“, რომლითაც განისაზღვრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების წესი და პროცედურა. აღნიშნული ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით. აღნიშნული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: (ა) დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; (ბ) დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.

კასატორი მიუთითებს, მოსამართლე ლ. მ-ის მხრიდან დეკლარაციაში მითითებულ და რეალურად არსებულ მონაცემებს შორის ცდომილებაზე, რაც შეადგენს 5 259 ლარს. ამასთან, აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდსაც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განმარტებით, კასატორი ფაქტობრივად ითხოვს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების და სანქციის შეფარდების შემდგომ ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტზე (ძვ. რედაქციის 39.1 პუნქტი), რომლის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ამასთან, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.1 მუხლი). აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილების შედეგად ხდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის გაუქმება ან პასუხისმგებლობის ზომის შემსუბუქება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და დაკავშირებულია სახელმწიფოს ვალდებულებასთან - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №ბს-698-691(კ-16) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი."

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება დეკლარაციის შემოწმების და სანქციის შეფარდების შემდგომ ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველ საქმეზე გამოყენების თაობაზე (რითაც განისაზღვრა არსებითი/არაარსებითი დარღვევების მნიშვნელობა) ეწინააღმდგება კანონის უკუძალის პრინციპს და ვერ იქნება გაზიარებული.

ამასთან, საბანკო ანგარიშის წარუდგენლობასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, შესაბამისი დავალების შემცველი წერილის პასუხად (№გ9724, 20/12/2017), მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშებიდან არსებული ხარჯის (გასავალის) თაობაზე. რაც შეეხება, იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო აუცილებლად მიიჩნევდა შესაბამისი ინფორმაციის სხვაგვარი ფორმით წარდგენას (საბანკო ანგარიშიდან გასავალის თითოეული შემთხვევის ასახვას, ხარჯის ცალ-ცალკე დაფიქსირებას), იმ პირობებში როდესაც, ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასურველი ფორმით ინფორმაციის წარდგენის თაობაზე მოსარჩელე სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა, ადრესატის მიერ არჩეული ინფორმაციის მიწოდების ფორმა (საანგარიშო პერიოდში გასავალი თანხის ოდენობის მითითება ჯამურად) არ უნდა მიჩნეულიყო დარღვევად და შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ზემოთმითითებული წერილებით, მათ შორის 2018 წლის 13 თებერვლის №გ1757 წერილით, მოთხოვნილი იყო მხოლოდ წერილობითი განმარტებები, რაც ყველა შემთხვევაში წარდგენილი იქნა მოსარჩელის მხრიდან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის შესახებ, რომ პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს პირის ქმედება არსებითად ეწინააღმდეგება თუ არა კანონით დაცულ სიკეთეს, კერძოდ, საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის გამჭირვალობის, კორუფციული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის კანონისმიერ მიზანს. ამგვარი შეფასებით უნდა დადგინდეს უზუსტობის ხასიათის შესაბამისობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დიფერენცირებულ ქმედებებთან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინტერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასება, სცდება როგორც კანონის მიზნებს და ისე, ზოგადად სამართალდარღვევის შეფასების ბუნებას და მის სუბიექტურ/ობიექტურ მახასიათებლებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე დეკლარანტმა ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებებით და მიწოდებული ინფორმაციით ახსნა ფაქტი, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებულ დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობებით კანონის მიზნის უგულველყოფა არ ხდებოდა. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ მონიტორინგისას დეკლარაციაში აღმოჩენილი არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა კანონდებლის ძირითადი მიზნის შეუსრულებლობისას და არა უპირობოდ, ყოველი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში. ამდენად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისას მონაცემების უზუსტოდ დიფერენცირება ან რაიმე მონაცემის მიუთითებლობა (მაგ: შემოსავლისა და გასავლის არასწორად განსაზღვრა, დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანგარიშზე თანხის ცდომილება, ფაქტობრივად უმოქმედო ანგარიშის მიუთითებლობა, ასევე წინა დეკლარაციით გასაჯაროებული სასესხო/საანაბრე ხელშეკრულების მიმდინარე დეკლარირებისას გაუთვალისწინებლობა და სხვ.) არ შეიძლება უპირობოდ შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (ს/ნ 205047288) საკასაციო საჩივარზე 22/08/2019წ. №01584 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (ს/ნ 205047288) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22/08/2019წ. №01584 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე