ბს-58 (კ-19) 11 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. თ-მა 08.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის 06.07.2017წ. N1529 ბრძანების ბათილად ცნობის, სამინისტროსათვის ვ. თ-ის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და სამინისტროსათვის ვ. თ-ის მიერ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.01.2018 წ. გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2016წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს ბრძანებები ვ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევისა და დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამინისტროში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკითხა დაინტერესებული პირი - ვ. თ-ი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოძიებულ იქნა ინფორმაცია ვ. თ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ორივე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ვ. თ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში. ამასთანავე, სს „...ი ბანკის“ 29.09.2016წ. წერილების თანახმად, 2005-2008 წლებში, ვ. თ-ი იღებდა პენსიას „...ის“ (სს „...ი ბანკის“) დიდუბის ფილიალში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნაკლებ სარწმუნოა მოსარჩელის განმარტება სადავო პერიოდში მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის რაიონის, სოფელი ...ის არჩევის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად ვერ დადასტურდა ახალგორის რაიონში ვ. თ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. თ-ის მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად თ. გ-ი მუშაობს მხოლოდ 2014 წლის 31 იანვრიდან და ცნობაში ასახული მონაცემები ვ. თ-ის ოჯახის მუდმივი საცხოვრებლის შესახებ ეყრდნობოდა მხოლოდ მის ზეპირ ცოდნას, სააპელაციო პალატის სხდომაზე თ. გ-ის დაკითხვიდანაც იკვეთება, რომ იგი არ იცნობდა ვ. თ-ს ან მის მეუღლეს. თ. გ-ს ახალგორის რაიონში საერთოდ არ უცხოვრია, შესაბამისად, მას არ ექნებოდა ინფორმაცია ვ. თ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მხოლოდ ამ პირის მიერ გაცემულ ცნობაზე მითითებით უარყო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი რიგი მტკიცებულებები: ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - რ. გ-ის 19.05.2009წ. ცნობა, რომ ვ. თ-ი მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში; ახალგორის მუნიციპალიტეტის 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 22.12.2014წ. დასკვნა, რომ ვ. თ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში; ახალგორის მუნიციპალიტეტის რწმუნებულ - კ. მ-ის ახსნა-განმარტება, მოწმეების ჩვენება; სამინისტროში ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, რომელშიც ვ. თ-ი ადასტურებს, რომ 2008 წლის ომამდე ცხოვრობდა სოფ. ...ში; ცნობა, რომ ვ. თ-მა 2013წ. გაიარა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია და გადაეცა კოტეჯი; პროკურატურის წერილი, რომლის თანახმად, ვ. თ-ის შვილმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რაც ადასტურებს ვ. თ-ის განმარტებას, რომ 2006 წ. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაყიდა ქ. თბილისში მდებარე ბინა; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ ვ. თ-მა 2006 წ. გაყიდა თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მეზობელთა განმარტებები ქ. თბილისში მდებარე ბინის გაყიდვის შესახებ; სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სასამართლოებს არ აქვთ რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ვ. თ-ი თვითონ იღებდა პენსიას ბანკის დიდუბის ფილიალში. მტკიცებულებები, რომელთაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას დაეყრდნო სასამართლო, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მონაცემები, სრულად გამომდინარეობს ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - თ. გ-ის მიერ გაცემული ინფორმაციიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება 2008 წლის ომამდე ვ. თ-ის ახალგორის რაიონში ცხოვრების ფაქტი, რაც სამინისტროს გასაჩივრებული აქტების არამართლოზმიერებას, დევნილის სტატუსის აღდგენის საჭიროებას და განაცდური კომპენსაციის ანაზღაურების წინაპირობებს ადასტურებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთანავე, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსკ-ის 105-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებები ურთიერთსაპირისპირო გარემოებებზე უთითებენ. ერთი მხრივ საქმეში დაცულია ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 13.05.2009წ. ცნობა, ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 12.12.2014წ. დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე გაცემული ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 22.12.2014წ. ცნობა, რომელთა თანახმად, ვ. თ-ი მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ხოლო მეორე მხრივ საქმეში წარმოდგენილია: ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 31.05.2017წ. ცნობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 02.06.2017წ. ცნობა, რომელთა მიხედვით, 2008 წლამდე ვ. თ-ი მუდმივად არ ცხოვროდა ახალგორის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში მყოფი 12.10.2016წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის 29.09.2014წ. წერილის თანახმად, ვ. თ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა სოფ. ...ში, ამასთანავე, სს „...ი ბანკის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის - 29.09.2016წ. წერილების თანახმად, ვ. თ-ისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემა ხდებოდა მისი კუთვნილი საპენსიო ბარათის საფუძველზე, 2005-2008 წლებში ვ. თ-ი იღებდა პენსიას ...ის დიდუბის ფილიალში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარზე, რომლის მიხედვით, ვ. თ-ი დაიბადა ქ. თბილისში, 9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. თბილისში, უმაღლესი განათლება მიიღო ქ. ...ში, 1973-2000 წლებში მუშაობდა სხვადასხვა უწყებებში არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, შვილებმა სკოლა დაამთავრეს და უმაღლესი განათლება მიიღეს ქ. თბილისში. სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა აგრეთვე, რომ სამოქალაქო რეესტრის ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2008 წლის ბოლომდე ვ. თ-ი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული ბოლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 22.12.2014წ. ცნობა მართალია ადასტურებს ვ. თ-ის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრებას, თუმცა არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, არ დგინდება საკითხის გამოკვლევის მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელება. აღნიშნულ დასკვნას, როგორც საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებს, არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მნიშვნელოვანია, რომ პირად ცოდნასა და ზეპირ ინფორმაციას ეყრდნობა არა მხოლოდ კასატორის მიერ მითითებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თ. გ-ის ცნობა ვ. თ-ის სოფელ ...ში მუდმივად არცხოვრების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული ახალგორის გამგებლის 31.05.2017წ. წერილი, არამედ აგრეთვე მოსარჩელის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების შესახებ ბოლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 13.05.2009წ. ცნობაც, არც ერთი აღნიშნული ცნობის გაცემისას რაიმე გარემოებების გამოკვლევა, წარმოების ჩატარება, მოწმეთა გამოკითხვა და სხვ. არ დასტუდება, ამდენად, სარწმუნოობის კუთხით ამ მტკიცებულებებს ერთნაირი ღირებულება აქვთ.
გარდა აღნიშნული ცნობისა და კომისიის დასკვნისა, რომლის საწინააღმდეგო შინაარსის ცნობაც ასევე გაცემულია, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს მის ცხოვრებას სოფ. ...ში, მაგ.: კომუნალური გადახდის ქვითრები ან აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კომუნალური ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკომლო ჩანაწერები და სხვ..
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე კანონიერ ძალაში მყოფ 12.10.2016წ. გადაწყვეტილებაში ასახულ მითითებაზე, რომ კომისიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც იძულებით გადაადგილებამდე საცხოვრებელ ადგილზე განმცხადებლის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ადასტურებს, წარმოადგენს არა ერთადერთ მტკიცებულებას, აღნიშნული მტკიცებულება უნდა შეფასდეს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში (4.21 პ.). ამასთან, კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, ვ. თ-ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში, უნდა შეფასდეს სს „...ი ბანკის“ მიერ წერილობით მიწოდებულ ინფორმაციასთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში (4.24 პ.). სწორედ აღნიშნული განახორციელა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებისას. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მიხედვით, სს „...ი ბანკის“ წერილების თანახმად, ვ.თ-ი მის კუთვნილ პენსიას იღებდა თავისი საპენსიო ბარათით, 2005-2008 წლებში ვ. თ-ი პენსიას იღებდა ...ის დიდუბის ფილიალში (4.12 პ.). ვ. თ-ის მოსაზრება, რომ უნდა გამოკვლეულიყო უშუალოდ ვ. თ-ი იღებდა თუ არა პენსიას კონკრეტულ ფილიალში, საფუძველს არის მოკლებული, რადგან პენსიის მიღება ხდებოდა მისი საპენსიო ბარათის საფუძველზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ 2008 წლის ბოლომდე ვ. თ-ი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იძლევა კასატორის მოსაზრებებისაგან განსხვავებული დასკვნის გაკეთების საფუძველს. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულეად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ აქვს წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე