საქმე №ბს-52(კ-20) 22 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. წ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. კ. წ-ემ 2017 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. წ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და კ. წ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის (მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე, ყოველთვიურად - ... ლარის ოდენობით) ანაზღაურების დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით კ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანება „კ. წ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ“; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. წ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასევე დაევალა კ. წ-ისთვის მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება, კ. წ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. კ. წ-ეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის ...ის (საშტატო კატეგორია „უფროსი სერჟანტი“, შტატი №...) თანამდებობა;
3.2. 2014 წლის თებერვალში ...ში სწავლების დროს, ...ის ... სამხედრო მოსამსახურემ არ შეასრულა ბატალიონის მეთაურის ბრძანება ...ის ჩაბარების თაობაზე და პროტესტის ნიშნად ...ეს ისინი (ტ. I, ს.ფ. 77- 78);
3.3. ...ის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2014 წლის 28 აპრილის №11 ოქმის თანახმად, კომისიაზე განხილულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის მოსამსახურეთა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დათხოვნის საკითხი. მათ შორის განხილულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის ...ის, უმცროსი სერჟანტის - კ. წ-ის პირადი განცხადებაც. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნასთან დაკავშირებით განმცხადებლებს შუამდგომლობა გასწეოდათ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან (ტ. I, ს.ფ. 68-74);
3.4. 2014 წლის 30 აპრილის პატაკის თანახმად, ...მა - კ. წ-ემ განცხადებით მიმართა ...ის მეთაურს და სთხოვა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან (ტ. I, ს.ფ. 46);
3.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის ...ი (საშტატო კატეგორია „უფროსი სერჟანტი“, შტატი №...), უმცროსი სერჟანტი - კ. წ-ე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად; საფუძველი - ...ის მეთაურის 2014 წლის 3 მაისის შუამდგომლობა №271303 (ტ. I, ს.ფ. 28);
3.6. 2014 წლის 16 მაისს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, … სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან;
3.7. 2014 წლის გაზაფხულზე, კ. წ-ისა და მისი თანამოსამსახურეების მიერ დაწერილი - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ პატაკები ატვირთულ იქნა შიდა ელექტრონულ პროგრამაში, (ე.წ. „eflow“-ში), რის შემდეგაც პატაკების დედნები ...ის ... განყოფილების უფროსმა - ი. ყ-ამ გაანადგურა;
3.8. გამოძიების პროცესში საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა წერილობითი განმარტება, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ფორმატით წარდგენილ დოკუმენტებზე (ე.წ. სკანერით გამოყენებით დამზადებულ საბუთებზე) ხელწერის ექსპერტიზა არ ტარდება, ხოლო იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაწერილი პატაკების დედნები განადგურებული იყო და გამოძიებას გააჩნდა მხოლოდ მათი ასლები, ვერ მოხდა პატაკებზე ხელმოწერებისა და სხვა რეკვიზიტების იდენტიფიკაციის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება;
3.9. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 30 მაისის წერილის თანახმად, იმასთან დაკავშირებით, რომ ...ის ... განყოფილების უფროსმა - ი. ყ-ამ დადგენილი წესების უხეში უგულებელყოფით გაანადგურა … სამხედრო მოსამსახურის პატაკების დედნები, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით, საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ იგი 2016 წლის 5 ოქტომბერს განრიდებულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა 3 000 ლარის გადახდა. ამავე წერილით დგინდება, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება (ტ. I, ს.ფ. 77- 78);
3.10. 2015 წლის 23 თებერვალს მოწმის სახით დაკითხული ა. ბ-ის ჩვენებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 16 მაისამდე (სამსახურიდან დათხოვნამდე) მსახურობდა შეიარაღებული ძალების ...ის ...ის თანამდებობაზე, ...ის წოდებით. მოწმემ მიუთითა, რომ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე პატაკი თავად დაწერა და ხელი მოაწერა. აღნიშნული პატაკი დაწერა 2014 წლის მარტის შუა რიცხვებში, სამანდატო კომისიის ჩატარების შემდეგ, დაახლოებით, 2 კვირაში, ბატალიონის მეთაურის - ტ-ის, ასმეთაურის - მ-ის და სერჟანტ - ბ-ის მხრიდან იძულების, მუქარისა და შანტაჟის გამო, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობის გამო თავისუფლება შეეზღუდებოდა (ტ. I, ს.ფ. 136-141);
3.11. 2015 წლის 29 მაისს მოწმის სახით დაკითხული - კ. წ-ის ჩვენებაში მითითებულია, რომ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე პატაკზე თარიღი მას არ დაუსვამს. პატაკი მისი ხელით არის დაწერილი და ხელიც პირადად მოაწერა 2014 წლის 10 მაისს, როდესაც, დაახლოებით, ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე იყო ჩატარებული სამანდატო კომისია. ამასთან, აღნიშნული პატაკი მან დაწერა ბატალიონის მეთაურის მოადგილის - გ. კ-ის მხრიდან იძულების, მუქარისა და შანტაჟის გამო, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობის გამო თავისუფლება შეეზღუდებოდა. მისი აზრით, საფრთხე, რომ ხელმძღვანელობა შეასრულებდა მუქარას და სრულიად უმიზეზოდ „გაუფუჭებდნენ საბუთებს“, რეალური იყო (ტ. I, ს.ფ. 143-148);
3.12. 2015 წლის 30 ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხული შეიარაღებული ძალების ...ის მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურის - ი. ს-ას ჩვენებაში მითითებულია, რომ 50-მდე ჯარისკაცი, 2014 წლის თებერვალში, ...ის ...ა ბატალიონის შემადგენლობაში იმყოფებოდა სწავლებაზე ...ში მდებარე სამხედრო ბაზაზე და ემზადებოდა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. სწავლების დროს, მითითებულმა ჯარისკაცებმა არ შეასრულეს ბატალიონის მეთაურის ბრძანება ...ის ჩაბარებასთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად ...ეს საკუთარი ...ი. მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სამანდატო კომისიის სხდომაზე, თუმცა სხდომაზე ჯარისკაცების პატაკები, ახსნა-განმარტებები და რაიმე სახის დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ სხდომის პერიოდში მას ჯარისკაცების პატაკები არ უნახავს და არ იცის, რა ვითარებაში და როდის მოხდა მათი დაწერა (ტ. I, ს.ფ. 149-152).
4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პატაკის დაწერისას არ ყოფილა გამოვლენილი მისი რეალური ნება შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ და პატაკი დაწერილ იქნა მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის შედეგად. იმ დროს, როდესაც სამანდატო კომისიის მიერ მოხდა მითითებული საკითხის განხილვა, სამხედრო მოსამსახურეებს არ ჰქონდათ დაწერილი პატაკები, რის გამოც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ამ მხრივაც დარღვეული იყო აქტის გამოცემისთვის სავალდებულო ადმინისტრაციული წარმოების პირობები. სასამართლომ განმარტა, რომ უტყუარად დგინდებოდა მოსარჩელის მიმართ განცხადების (პატაკის) დაწერის იძულება, რამეთუ იძულება არ არის ფაქტი, იძულება არის სამართლებრივი შეფასება ფაქტებისა, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს მოსაზრებით, მოწმეთა ჩვენებები მიუთითებდა ხელმძღვანელობის მხრიდან იძულების განხორციელებაზე, ხოლო მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე, მან ეს მუქარა რეალურად ჩათვალა და ამ მოტივით დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით პატაკი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასტურდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთება. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა პატაკების განადგურების ფაქტზე, მოწმეთა ჩვენებებზე და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პატაკის დაწერისას არ ყოფილა გამოვლენილი მისი ნამდვილი ნება - პატაკი დაიწერა მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის შედეგად. სამანდატო კომისიის მიერ საკითხის განხილვისას მოსამსახურეებს არ ჰქონდათ დაწერილი პატაკები, შესაბამისად, ამ მხრივაც დარღვეული იყო აქტის გამოცემის წესები. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე ხელმძღვანელობის მხრიდან მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ მოტივით დაწერა მოსარჩელემ პატაკი, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ბრძანების გამოცემას.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც მოსამსახურე უნდა იაზრებდეს და დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო სათანადოდ უნდა იცავდეს დასაქმებულის შრომით ინტერესს, უფრო მეტიც, იგი უნდა ითვალისწინებდეს იმ შრომასა და ძალისხმევას, რასაც პირი სწევს სახელმწიფო/საჯარო ინტერესისთვის. ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართლიანად და კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდეს, უნდა იკვლევდეს საქმის გარემოებებს და ამის შემდეგ უნდა ირჩევდეს საკითხის გადასაწყვეტად საუკეთესო გზას. დისკრეციულობა არ არის ის უფლებამოსილება, რომელიც შესაძლებელია ზედაპირულად დასაბუთდეს. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული ვალდებულება ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის ბრძანება გასაჩივრებულია 2017 წელს, მიუხედავად იმისა, რომ კ. წ-ისთვის ცნობილი იყო გათავისუფლების ბრძანების არსებობის თაობაზე. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მხარის ინფორმირების ფაქტი, კასატორის განმარტებით, სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბერის სხდომაზე გამოიკვეთა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
12. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. თუმცა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა ჯერ კიდევ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიება დასრულებული არ არის.
13. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
15. კ. წ-ის წარმომადგენელმა 2020 წლის 10 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია წარმოადგინა. მხარე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე დაკავშირებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელზეც უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადები დაცულია, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტად მიჩნეულია 2014 წლის 16 მაისი, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 18 აპრილს.
16. მოწინააღმდეგე მხარე წერილობით პოზიციაში მიუთითებს, რომ დაუშვებელია აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს ასეთი აქტის მხარისთვის ჩაბარებამდე. მოსარჩელეს კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, სადავო აქტი მისი გასაჩივრების წესის განმარტებას არ შეიცავს. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
17. მოწინააღმდეგე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მართებულად გაითვალისწინეს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოითხოვა და დაურთო საქმეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, იგი ასევე უფლებამოსილი იყო, შეეფასებინა დასახელებული მტკიცებულებები.
II სამოტივაციო ნაწილი:
18. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კ. წ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობდა დასაქმებულის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რამდენად იქნა დაცული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული წესები და მიღებულ იქნა თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება. თუმცა, მოცემული გარემოებების დადგენამდე და შეფასებამდე, პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რამეთუ, ზოგადად, „ვადის უფლებაწარმომშობი და უფლებააღმკვეთი თვისება გამოკვეთილია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართალში, არამედ იგი დამახასიათებელია მთელი სამართლისათვის. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული... სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურსამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობა შეზღუდულია ნორმატიულად იმპერატიულად განსაზღვრული ვადებით. კანონმდებლობით გათვალისწინებულია დროის ის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც უნდა მიმართოს მხარემ სასამართლოს თავისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად. სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების შემოღების ერთ-ერთ მიზანს საქმის სწორად გადაწყვეტა წარმოადგენს. კერძოდ, „გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - „თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21, 23).
21. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ინსტიტუტის შემოღება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ვადების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, რათა უფლება დაუსრულებლად, განუსაზღვრელად არ იყოს საეჭვოობის ხასიათის მატარებელი. ამასთანავე, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დროული განხორციელება ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არაჯეროვანი გამოყენება, სასამართლოსათვის ვადის დარღვევით მიმართვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. კერძოდ, მოთხოვნის უფლება აგრძელებს არსებობას, მაგრამ, მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას და დარღვეული უფლების აღდგენა მხოლოდ დამრღვევის მიხედულებაზე იქნება დამოკიდებული. უფრო მეტიც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული შეცილებითი და მავალდებულებელი სარჩელის წარდგენისას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვა წარმოადგენს სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს და ასეთი ვადის დაუცველობა საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობას ქმნის. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მითითებული ვადების მხარეთა მიერ დაცვის ფაქტი.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების შემთხვევაშიც, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. იმავე მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.
23. ამრიგად, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი გაცნობიდან მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გასაჩივრების შესაძლებლობა. გამონაკლისის სახით, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მის აუცილებელ რეკვიზიტს გასაჩივრების წესის განმარტების თაობაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი და ასეთი აქტის გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კ. წ-ე იყო საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა რეგულირდებოდა სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე და მოსარჩელის როგორც დანიშვნა, ისე გათავისუფლება მოხდა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის, არამედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადები.
24. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის დაცვის საკითხის შესწავლისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული ბრძანების მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბრძანების მხარისთვის ოფიციალურად ჩაბარების დასტური არ აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანება არ შეიცავს მისი გასაჩივრების წესის განმარტებას. დამატებით საყურადღებოა მოსარჩელის განმარტება, რომ აქტი ჩაბარდა 2016 წლის 18 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 18 აპრილს, გასაჩივრების ერთწლიანი ვადის დაცვით.
25. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო აქტის მხარისთვის სათანადო წესით ჩაბარება და ვერ დაძლია აქტის მხარისთვის ჩაბარების მტკიცების ტვირთი, გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის, გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკაც. კერძოდ, „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისს კანონმდებლობა უსაფუძვლოდ არ უკავშირებს დაინტერესებული მხარის მიერ აქტის გაცნობის ფაქტს. ბუნებრივია, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის გასაჩივრება. აქტის არცოდნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ამ აქტით მიღებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტისა და გადაწყვეტილების შინაარსის მხარისათვის გაცნობას და არა მარტო იმას, რომ პირმა მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურად ჩაიბაროს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-312-308(კ-14)). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის სათანადოდ წესის ჩაბარების მნიშვნელობა გამოიხატება, ერთი მხრივ, ადრესატის მიერ აქტის შესრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი რეალიზაციის მიზნის მიღწევაში. ამასთან, შრომითი ურთიერთობების თავისებურებების გათვალისწინებით, სამსახურებრივი მოვალეობების განუხორციელებლობა, სამსახურში გამოუცხადებლობა და ხელფასის მიუღებლობა ცალსახად მიუთითებს და ადასტურებს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, რის თაობაზეც ცნობილია დასაქმებულისთვისაც.
26. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2014 წელს. ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცედურებისა (სამანდატო კომისიის სხდომის ჩატარება, პატაკების დაწერა) და მოსარჩელის მიერ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად დასახელებული გარემოების (იძულება) გათვალისწინებით კი, ცალსახაა, რომ კ. წ-ისთვის 2014 წლიდან ცნობილი იყო არა მხოლოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, არამედ სამუშაოდან დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიც. მაშასადამე, მიუხედავად ადრესატისთვის აქტის არჩაბარებისა, მას შეეძლო, საკუთარი დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა და საკუთარი პოზიციის სათანადოდ ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარების სავალდებულოობაზე, იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება, ასეთი ვითარება ხელყოფს სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და სტაბილური მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნებს. ამდენად, აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა კ. წ-ისთვის აქტის მატერიალური სახით გადაცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია 2014 წელს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ 2017 წლის 18 აპრილს, უნდა შეფასდეს, მოსარჩელე 2014 წლიდან იყო თუ არა უკვე აღჭურვილი დარღვეული უფლების ჯეროვნად დაცვის, დასაბუთებული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობით.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიკვლიეს რა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, მიუთითეს გასაჩივრებული აქტის მხარისთვის სათანადო წესით ჩაუბარებლობაზე, რის გამოც მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, სადავო შემთხვევის ბუნებაზე. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი სათანადო წესით შესწავლილი და გამოკვლეული არ არის. მათ შორის, გამოკვლეული არ არის, ხომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეჩერების/შეწყვეტის წინაპირობები.
28. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ იძულების განხორციელებასა და შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკის, რეალური ნების საწინააღმდეგოდ, დაწერაზე. აღნიშნულის გამო, პალატა, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დადგინდეს 2014 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში განახორციელა თუ არა კ. წ-ემ საკუთარი უფლებების დაცვა არა სასამართლოსთვის, არამედ სხვა სახელმწიფო, სამართალდამცავი, მათ შორის, საგამოძიებო, ორგანოებისათვის მიმართვის გზით. ასეთი მიმართვის არარსებობის პირობებში კი, გამოკვლეულ უნდა იქნეს, ხომ არ არსებობდა ობიექტური გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად სათანადო ორგანოებისათვის მიმართვას, ან იყო თუ არა ეს იძულების გაგრძელებით განპირობებული. საყურადღებოა, რომ თუკი მოსარჩელე სასამართლოსათვის დროულად მომართვის შესაძლებლობას გამორიცხავს იძულებაზე მითითებით, სწორედ მან უნდა უზრუნველყოს იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითება, რაც დაადასტურებს მის მიმართ იძულების განხორციელებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებზე, არ შეაფასა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, სადავო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე ზუსტად არ განსაზღვრა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის მომენტი და არ გამოიკვლია ვადის შეჩერების/შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე