საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-129(კ-20) 15 ივლისი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - (მოსარჩელე) ქ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ქ. თ-მა 2018 წლის 23 აგვისტოს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 17 ივლისის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით ქ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თ-მა.
კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარადგინა 2000-2003 წლების საგადასახადო სია, სადაც დაფიქსირებულია, რომ მის მამკვიდრებელს - ა. თ-ს აწერია 0.93 ჰა და 0.83 ჰა ფართობის სათიბი მიწის ნაკვეთი, თუმცა, სარეგისტრაციო სამსახურმა და შემდეგ სასამართლომ განმარტეს, რომ მართლზომიერ მფლობელობას საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ საგადასახადო სიაში ასახული ბოლო - 2004 წლის მონაცემები, სადაც ა. თ-ის სახელზე ფიქსირდება 1600 კვ. მ მიწის ნაკვეთი. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ წესში, რომლითაც ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრი და ახორციელებს მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, არ არის მითითება საგადასახადო სიის ბოლო მონაცემის გამოყენების სავალდებულოობაზე.
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიწის გადასახადის გადამხდელთა სია დგებოდა ყოველწლიურად მიწის გადასახადის ადმინისტრირების მიზნით. აღნიშნული სიების შედგენის დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიწის გადასახადს იხდიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, ხსენებულ სიებში აისახებოდა პირის მიერ კანონიერ (მართლზომიერ) მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე ინფორმაცია (მიწის კატეგორია, ფართობი), რომელიც შესაძლოა შეცვლილიყო (მაგალითად, მიწის ნაკვეთის სხვა პირისათვის დათმობის ან მის სარგებლობაზე უარის თქმის გამო). ცვლილება, ბუნებრივია, აისახებოდა მომდევნო წელს შედგენილ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში. ამდენად, ბოლოს შედგენილი სია ასახავდა რეგისტრაციის მომენტისათვის რეალურად არსებულ მონაცემებს და შესაბამისად, სწორედ ბოლო სიაში დაფიქსირებული ინფორმაცია ადასტურებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობს.
კასატორი მიუთითებს, რომ 1998 წლიდან მიწის ნაკვეთის სხვა პირისათვის დათმობა ან სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამდენად, საგადასახადო სიებს შორის ცდომილება შეუძლებელია გამოეწვია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ, საკანონმდებლო მოწესრიგების გათვალისწინების გარეშე, მის განკარგვას.
გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრისა და სასამართლოს მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რადგან იდენტურ საქმეებზე, 2017 წლის 23 მაისს ერთ-ერთი რეგისტრაციისას ... საკადასტრო კოდზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოიყენა 2003 წლის საგადასახადო სია, ასევე, 2017 წლის 25 იანვარს ... საკადასტრო კოდზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 2002 წლის საგადასახადო სია. შესაბამისად, ადგილი აქვს საქმის გარემოებათა იდენტურობას, ასეთ შემთხვევებში კი, დაუშვებელია სხვადასხვა პირთა მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, საგადასახახო სიის მხოლოდ ბოლო წლის მონაცემის გათვალისწინების საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 მუხლის თანახმად, 1999 წლიდან საგადასახადო სია წარმოადგენდა იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მხარეს ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე, მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, რა დროსაც რეგისტრატორს სარეგისტრაციოდ უნდა გამოეყენებინა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის „სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია“. „სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სიის“ გამოყენების თაობაზე ანალოგიურ ჩანაწერს ასევე ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესიც“.
საგადასახადო სია, მოქმედი კანონმედებლობით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს. 2016 წლამდე მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით, საგადასახადო სიასთან დაკავშირებით არსებობდა დათქმა, რომ მართლზომიერი სარგებლობის დოკუმენტად მოიაზრებოდა მხოლოდ სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, თუმცა არსებული მოწესრიგება, მითითებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, აღარ უთითებს რეგისტრაციის დროისათვის მისი მოქმედების აუცილებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ბორჯომში, ...ში (...ის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 6500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2003 წლის საგადასახადო სიაში ასახული მონაცემების შესაბამისად. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №21-02-1/15104 წერილით, ირკვევა, რომ კასატორის მამკვიდრებელს, ა. თ-ს 2003 წლის მონაცემებით აწერია 0.83 ჰ. მიწა, ხოლო 2004 წელს 1600 კვ.მ მიწა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნია საგადასახადო სიაში ასახული ბოლო - 2004 წლის მონაცემი, რის გამოც ქ. თ-ის მოთხოვნა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ა. თ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით უკვე რეგისტრირებული არის 1520 კვ. მ და 450 კვ. მ მიწის ნაკვეთი. სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართის ჯამი კი აღემატება მამკვიდრებლის - ა. თ-ის სახელზე რეგისტრირებულ ფართს. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2004 წლის საგადასახადო სიით გათვალისწინებული ფართი (1600 კვ.მ) ამოწურული იყო და წარდგენილი დოკუმენტი (2003 წლის საგადასახადო სია) არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად საგადასახადო სიის წარდგენის შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა ხორციელდება ყველაზე უახლესი, ბოლო საგადასახადო სიის შესაბამისად, ვინაიდან, ბოლოს შედგენილი სია ასახავს რეალურ მონაცემებს, რომლითაც დგინდება რეგისტრაციის განხორციელებისას დაინტერესებული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, სარეგისტრაციო წარმოებისას, მართებულად გამოიყენა 2004 წელს მოქმედი საგადასახადო სია და იმის გათვალისწინებით, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ა. თ-ის სახელზე უკვე იყო რეგისტრირებული 1542 კვ. მ და 450 კვ. მ მიწის ნაკვეთები, ქ. თ-ს საფუძვლიანად ეთქვა უარი სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ჩანაწერის - „სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი“ ამოღებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაცია არ შეიცავს ხსენებულ ჩანაწერს, რეგისტრაციის განხორციელების პრინციპი უცვლელია და მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საგადასახადო სია, თუმცა კონკრეტული დათქმის გარეშე. საკანონმდებლო ცვლილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ №376 დადგენილებით დამტკიცებული წესი მიღებულია 2016 წლის 28 ივლისს, ამ პერიოდისათვის კი, საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, აღარ ხორციელდება საგადასახადო სიების წარმოება და მარეგისტრირებელმა ორგანომ ყოველი კონკრეტული მართლზომიერ მოსარგებლის მიმართ, რომელიც საგადასახადო სიის საფუძველზე ითხოვს რეგისტრაციას, უნდა გამოიყენოს მის მიმართ არსებულ საგადასახადო სიაში ასახული ბოლო მონაცემი და არა განმცხადებლის მიერ მითითებული მისთვის ხელსაყრელი ის მონაცემი, სადაც მეტი მიწის ფართი ფიქსირდება.
რაც შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ დადგენილია საქმის გარემოებათა იდენტურობა, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თანასწორობის პრინციპი კრძალავს თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირების უსაფუძვლო დიფერენცირების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კასატორის მიერ მითითებულ საკადასტრო კოდებზე (... და ...) რეგისტრაცია განხორციელდა 2002 და 2003 წლის საგადასახადო სიების საფუძველზე, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დასახელებულ შემთხვევებში აღნიშნული სიები წარმოადგენდა ბოლო მონაცემების ამსახველ საგადასახადო სიებს. შესაბამისად, არ დასტურდება გარემოებათა იდენტურობა და პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. კასატორს - ქ. თ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 06.08.2019წ. №21128012 გადახდის ქვითრით ლარისა შელეკიძის (პ/ნ 05001008746) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე