Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-493(კს-20) 13 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ო-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ.

2020 წლის 31 იანვარს გ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთვის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, ამავე დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 22 იანვრის №23/23675 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, გ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 მაისის განჩინებით, გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, დაცვის უფლება გარანტირებულია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უზენაეს კანონს, უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. პატიმრობის კოდექსი არის საქართველოს კანონი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

დისციპლინური გადაცდომების სახეები, გადაცდომების (დარღვევების) ამომწურავი ჩამონათვალი (ანუ გადაცდომებისა, რომლებიც შესაძლებელია ჩაიდინოს საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა), აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანმხლები დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კანონით „პატიმრობის კოდექსით“.

„პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული და არც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი მსუბუქ დისციპლინურ დარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს.

საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არაერთი ქვეყნის კანონმდებლობაც, ხოლო რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა ახდენს დისციპლინური დარღვევის მნიშვნელობისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გასაჩივრების წესის დიფერენციაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ო-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. ო-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე