Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-556(კ-19) 15 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ვ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი (ვაკე-საბურთალო)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ვ-მა 2018 წლის 15 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №04-00-ვ/38160 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №04/76492 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხეებისათვის ლარისა ვანიშვილის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე, მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №04-00-ვ/38160 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №04/76492 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) დაევალათ ლ. ვ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან ლ. ვ-ს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მიუღია პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო შეეჩერებინა პენსიის დარიცხვა, ხოლო პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ - შეეწყვიტა მისი გაცემა. ამასთან საგულისხმოა, რომ საპენსიო კანონმდებლობა პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღების ვალდებულებას ცალსახად არ ითვალისწინებს.

კასატორი განმარტავს, რომ სააგენტო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას, თვალსაჩინოებისათვის, ახორციელებს ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ინდივიდუალურად, თითოეული პენსიონერის მიმართ. „სამმართველო ინფორმაცია“ შიდა გამოყენების დოკუმენტია, სადაც ხდება თითოეული პირის მიმართ მიღებული, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, თუმცა ბენეფიციარის დაინტერესების შემთხვევაში (წერილობითი მიმართვა), სააგენტო უზრუნველყოფს მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილებების გაცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. პენსიის დანიშვნის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება გულისხმობს ყოველთვიური ფულადი სარგებლის მიღებას, ხოლო შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, წყდება ყოველთვიური სარგებლის დარიცხვა, რის თაობაზეც მხარისათვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. ამდენად, ლ. ვ-ს ან მის კანონიერ წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეეძლო გადაემოწმებინა პირადი საპენსიო ანგარიში და საჭიროების შემთხვევაში მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეჩერებული ან შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე, რაც 2016 წლის 7 ოქტომბრამდე არ განხორციელებულა. ამასთან,ლ. ვ-ის პენსიის შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი სახით გამოცემის თაობაზე მოთხოვნა სააგენტოში არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას პენსიის შეჩერების თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და სააგენტოს მიერ მიღებილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, პენსიის მიუღებლობის საფუძვლით, პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის, ასევე, მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაოობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას, ხოლო, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, შეჩერებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის შეჩერების შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან. რაც შეეხება პენსიის შეწყვეტას, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით, ასეთ შემთხვევაში პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ანაზღაურდება.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს დანიშნული პენსიის გაცემის შეჩერების, ხოლო შემდეგ შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი პენსიონერი კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არ იღებს პენსიას. შესაბამისად, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი თანხა, ხოლო, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრისას - კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მიუღებელი პენსიის გაცემას და შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, გამოირიცხება პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

მოცემულ შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის საფუძვლით 2008 წლის 1 ნოემბრიდან საპენსიო პაკეტის მიმღები პირს - ლ. ვ-ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2013 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო შეჩერებიდან, 3 წლიანი ვადის გასვლის გამო, შეუწყდა 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ლ. ვ-ს, მისი 2016 წლის 10 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო პენსია (180 ლარის ოდენობით) დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან, თუმცა, 2013 წლიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა ადმინიტრაციული ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, პენსიის შეჩერება/შეწყვეტიდან გამომდინარე განსახილველ საქმეზე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესაბამისობა მისთვის ნორმატიულად დადგენილ მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, პენსიის შეჩერებას საფუძვლად დაედო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კასატორი ასაბუთებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დადგომით, თუმცა კანონისმიერი საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებისა და მისი ავტომატური შეწყვეტის კანონიერებას. ასეთი პირობების დადგომა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია. ადმინისტრაციული წარმოება, თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ითვალისწინებს დაინტერესებული პირისთვის წარმოებაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იზღუდება მხარის უფლება ან კანონიერი ინტერესი.

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიზღუდა ლ. ვ-ის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, პენსიის როგორც შეჩერების, ასევე შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენა საჭიროებდა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით და დაინტერესებული პირის მონაწილეობით, გადაწყვეტილების მიღებას წერილობითი სახით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი სამი დღის ვადაში გამოეცა წერილობითი ფორმით და უზრუნველეყო აქტის კანონიერ ძალაში შესვლა ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის Nბს-575-572(კ-17) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.“ სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 06 ოქტომბრის №04-00-ვ/45938 წერილზე (ს.ფ. 122-123) რომლითაც ირკვევა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში არ მოიძებნა ინფორმაცია, იყო თუ არა მოქალაქე ინფორმირებული სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება/შეწყვეტის თაობაზე. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათანადო ფორმით გამოცემისა და მხარისთვის გადაცემის კანონისმიერი ვალდებულება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ე.წ. „სამმართველო ინფორმაციიდან გამომდინარე“ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე ლ. ვ-ის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ასახული პენსიის შეჩერებისა და მისი შეწყვეტის შინაარსის გაცნობა, ვერ ჩაანაცვლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების ვალდებულებას და აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ოფიციალურ გაცნობად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ, საქმეზე გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე დასტურდება პენსიის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების წერილობითი სახით გამოცემის სავალდებულოობა. პენსიის შეჩერების შესახებ აქტის გამოცემის გარეშე, ლ. ვ-ის მიერ, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი, არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეჩერების მართლზომიერებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო აქტები გამოცემულია მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთხოვნათა დარღვევით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გასაჩივრებული აქტების კანონიერების მტკიცება, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.

რაც შეეხება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანო პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი, მისი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას.

იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის, ლ. ვ-ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე