კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-580(კს-20) 27 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის - ი. ჩ-ის, ს. ნ-ისა და ქ. ჩ-ის მიმართ.
2019 წლის 22 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ი. ჩ-ის, ს. ნ-ისა და ქ. ჩ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ი. ჩ-ის, ს. ნ-ისა და ქ. ჩ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, ი. ჩ-ის, ს. ნ-ისა და ქ. ჩ-ის მიმართ ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავის შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობად და მისი განხილვა დადგინდა ზემოაღნიშნული თავით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ი. ჩ-ის, ს. ნ-ისა და ქ. ჩ-ის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის განხილვის დავალება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით მოწესრიგებულია პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახდის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. ამავე კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული ბრძანება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მართალია, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია არა ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც შეუძლია საკასაციო სასამართლოს, არამედ განჩინების, რომელიც გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონმდებლობით კერძო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს ბრძანების კანონიერება და შესაბამისად, არც პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების უფლება აქვს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 2165 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე