ბს-807 (გ-19) 09 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 05.02.2019წ. სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჯ. ა-ის მიმართ15.09.2015წ. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის 3085,20 ლარის, ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული პირგასამტეხლოს - 1401,30 ლარისა და 1000 ლარის, ჯამში 5486,5 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ჯ. ა-ს შორის 15.09.2015წ. დაიდო იჯარის ხელშეკრულება, თეთრიწყაროს რაიონში, ...ის საკრებულოს მიწებში მდებარე 89 180 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ხელშეკრულებით განისაზღვრა მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის - 1472 ლარის გადახდის საჭიროება ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგინდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.10.2017წ. ბრძანებით შეწყდა აღნიშნული ხელშეკრულება ჯ. ა-ის მიერ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო. სააგენტოს არაერთგზის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად ჯ. ა-მა არ მოახდინა ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურება. მოსარჩელე თვლის, რომ ხელშეკრულების დებულებების, ასევე სკ-ის 361-ე და 417-ე მუხლების საფუძველზე, ჯ. ა-ს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 23.05.2019წ. განჩინებით დადგინდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, მოსარჩელის მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობაა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას. სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე, ხოლო არაგანსჯად სასაამრთლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. ამასთან, ვინაიდან განსჯადობის ზოგადი წესიდან გამომდინარე საქმე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განსჯადია, ხოლო ამ სასამართლოში არ არის შექმნილი სპეციალიზებული კოლეგიები, სასამართლომ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულების სრაფად და ეფექტურად განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს საქმის წარმოების წესი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 03.06.2019წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.6 მუხლის და საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვას და განკარგვას, სახელმწიფო ქონების სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით გადაცემას, ასევე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. სააგენტოს ქმედებები უშუალოდ არის დაკავშირებული თავისი საჯარო ფუნქციების შესრულებასთან, შესაბამისად, 15.09.2015წ. იჯარის ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, რის გამო დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საქმის წარმოების წესით შემდეგ გარემოებათა გამო:
კომპეტენციის გამიჯვნის პოზიტიური ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით სზაკ-ის 2.1 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ამასთანავე, კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი ნიშნის გამოყენებით (ენუმერაციის მეთოდი) კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (იხ. სუს 11.09.2014 წ. განჩინება საქმეზე N350-316(გ-14)). განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ჯ. ა-ს შორის 15.09.2015წ. დაიდო იჯარის ხელშეკრულება თეთრიწყაროს რაიონში, ...ის საკრებულოს მიწებში არსებული 89180 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთზე, 10 წლის ვადით (ხელშეკრულების 1-ლი მუხ.). მოჯარემ ხელშეკრულებით იკისრა ყოველწლიური საიჯარი ქირის - 1472 ლარის გადახდა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით (ხელშეკრულების 2.1, 2.2 მუხ.). ხელშეკრულების მიხედვით, იჯარით გაცემული ქონება რჩებოდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ქონების ბუნებრივი და იურიდიული ნაყოფი ეკუთვნოდა მოიჯარეს (5.1 მუხ.). ხელშეკრულება არ შეიცავდა გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე სპეციფიურ პირობებს (მაგ.: ინვესტიციის განხორციელება, ნაგებობის მოწყობა და სხვ.), ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადაცემას სათანადო ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგანს შეადგენს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკურმა პირმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა შესაბამისი საფასური მიწის ნაკვეთით დროებით სარგებლობის სანაცვლოდ. მართალია 15.09.2015წ. იჯარის ხელშეკრულების საგანი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირის სარგებლობაში გადაცემა იყო, თუმცა ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას იმთავითვე არ განსაზღვრავს გარიგების მხარეთა ან/და ხელშეკრულების საგნის მესაკუთრის სტატუსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად, დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელშიც ადმინისტრაციული ორგანო არ არის აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (იხ. სუს 26.12.2013წ. განჩინება საქმეზე 31-27(კ-13)). ხელშეკრულების დადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ მოუხდენია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება, მან მოახდინა მხოლოდ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ჯ. ა-ისაგან საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა არ გულისხმობს მხარეებს შორის ვერტიკალური, ქვემდებარეობითი ურთიერთობის არსებობას, ორგანო ჯ. ა-ისაგან მოითხოვს ვალდებულების შესრულებას როგორც საიჯარო ხელშეკრულების კრედიტორი და არა, როგორც საჯარო უფლებამოსილების იმპერატიული ნების გამომხატველი სუბიექტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა შესაძლებელია არა მხოლოდ საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი ფორმებით (მაგ.:იჯარა, ქირავნობა), სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები. ქონების იჯარით გაცემის საკითხები კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ქონების იჯარით გადაცემა არ უკავშირდება სახელისუფლებო უფლებამოსილებას, მისი დადების შედეგად არ ხდება მოიჯარის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით აღჭურვა (იხ. სუს 15.11.2018წ. განჩინება საქმეზე Nბს-1138-1132(გ-17)). სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებდა სახელმწიფო ქონების განკარგვას, მათ შორის პრივატიზებას (მე-2 მუხ. „ბ“ ქვ.პ) და სარგებლობის უფლებით გადაცემას (მე-2 მუხ. „დ“ ქვ.პ.). სახელმწიფოს უძრავი ქონების განკარგვა იმთავითვე მოიაზრებდა ქონებაზე მესაკუთრის ცვლილებას, ხოლო ქონების სარგებლობაში გადაცემისას სახელმწიფო ინარჩუნებდა ნივთზე მესაკუთრის უფლებებს, ხდებოდა მხოლოდ სარგებლობის უფლების გადაცემა. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემოდა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე (33.1 მუხ.) სხვადასხვა სუბიექტებზე, მათ შორის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე (33.2 მუხ.). ფიზიკურ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით გადასცემდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, ის სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, ხოლო უკეთუ სახელმწიფო ქონება არ იყო სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს სარგებლობაში გადასცემდა ქონების მმართველი დადგენილი წესით (36.1 მუხ.). ქონების მმართველად მიიჩნეოდა სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მათ მიერ უფლებამოსილი ორგანო ან სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი სათანადო წინაპირობების არსებობისას (მე-2 მუხ. „ჰ1“ ქვ.პ.). საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N390 დადგენილებით დამტკიცებული „ქონების მმართველის უფლებამოსილებების და მათი განხორციელების ფორმის“ მიხედვით, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემაზე და სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოდ დასახელდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (2.1 მუხ. „მ ქვ.პ.; საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხ. „მ“, „ძ“ ქვ.პ.). ამდენად, დგინდება, რომ სათანადო პროცედურის დაცვით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო ფიზიკური პირისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. სწორედ აღნიშნული განხორციელდა განსახილველ შემთხვევაში, როდესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ჯ. ა-ს შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის (სათიბის) იჯარის ხელშეკრულება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადების საფუძვლად „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონთან ერთად მითითებულია სამოქალაქო კოდექსი (ს.ფ. 16), ხოლო ჯ. ა-ის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია იჯარის ხელშეკრულების შესაბამისი მუხლები, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამსახურებრივი ბარათი და სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, რომელიც ვალდებულების დარღვევისას მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით და მის საფუძველზე მიწის (სათიბის) დროებითი სარგებლობის მიზნით ფიზიკურ პირთან დადებული იჯარის ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის საკითხთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობას კერძო-სამართლებრივი ბუნება აქვს და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს გადაწყვეტილი.
დავის ადმინისტრაციული კატეგორგიისადმი კუთვნილებას არ ადასტურებს სახელმწიფო ქონების ფიზიკური პირისათვის ვადიანი, სასყიდლიანი სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების ნორმატიულად განსაზღვრა საჯარო კანონმდებლობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (სზაკ-ის მე-2 მუხ. „ა“ ქვ.პ.), მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შესაძლოა ერთვებოდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში სათანადო ხელშეკრულებების დადების გზით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა („საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის 3.1 მუხ.), იგი უფლებამოსილია განახორციელოს არა ყველა სახის, არამედ მხოლოდ შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ კანონითვე სხვა რამ არ არის განსაზღვრული (3.2 მუხ.), გარიგებები, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნორმატიულად განსაზღვრულ საქმიანობის სფეროს არ ეხება და სსიპ-ის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს ცდება, ბათილია (3.4 მუხ.). ამდენად, იმისათვის, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა დადოს კონკრეტული შინაარსის გარიგება, მას აღნიშნულის უფლებამოსილება ნორმატიულად უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ამასთან, სსიპ-ის მიერ ხელშეკრულების დადება იმთავითვე არ ადასტურებს ხელშეკრულების დადებას საჯარო-სამართებრივი მიზნით და შესაბამისად, გარიგების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის საფუძვლიანობას. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი გულისხმობს არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, არამედ ხელშეკრულების დადებას ძირითადი, უშუალო ფუნქციის განსახორციელებლად. სხვაგვარად ადმინისტარციული ორგანოს მიერ დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას მიენიჭებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტატუსი, რადგან სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება. ამდენად, ხელშეკრულების საჯარო-სამართლებრივად მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების მიზანს, ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ ხელშეკრულების შინაარსიდან მისი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადება, მხარეთა საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვა არ იკვეთება, რაც ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხასიათს გამორიცხავს. ამასთანავე მხედველობაშია მისაღები, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დადების, ამ მიზნით აუქციონის დანიშვნისა და ჩატარების პროცედურა. დავა ეხება მხოლოდ შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად დადებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის საფასურის - საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების საკითხებს, რაც დამატებით ადასტურებს დავის კერძო-სამართლებრივ ხასიათს. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეც სწორედ სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 581-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონებაზე იჯარის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მიმნიჭებელი ნორმატიული აქტები მიუთითებენ სწორედ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობაზე („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36.1 მუხ., საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N390 დადგენილებით დამტკებული „ქონების მმართველის უფლებამოსილებების და მათი განხორციელების ფორმის“ 2.1 მუხ. „მ“ ქვ.პ.; საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხ. „მ“ ქვ.პ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხ.). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად, მის შეუსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251 მუხლის, 65.2, 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე ჯ. ა-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და განხილულ იქნეს სამოქალაქო საქმის წარმოების წესით;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ა. წულაძე