ბს-1436 (2კ-18) 30 ივლისი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა 07.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, გ. გ-ის ნაწილში „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 11.07.2017წ. №1654584 ბრძანების ბათილად ცნობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გ. გ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ი ...ის სამმართველოს ...ის ...ი ...ის ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 11 ივლისიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.2017წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად (სასკ-ის 16.2 მუხ.) იქნა ჩაბმული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 11.07.2017წ. №1654584 ბრძანება გ. გ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საკითხის დამატებით გამოკვლევის საჭიროების თაობაზე, ვინიადან გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე, კერძოდ, არ გამოკვლეულა გ. გ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების მიუხედავად მსგავსი ფუნქცია-მოვალეობების მატარებელი შტატის შექმნის საკითხი. სასამართლომ მიუთითა, რომ მსგავსი ფუნქციის მქონე შტატის არსებობის შესაძლებლობა და აღნიშნული საკითხის გამოკვლევის გარეშე სადავო აქტის გამოცემა ადასტურებს დავის სასკ-ის 32.4 მუხლით გადაწყვეტის კანონიერებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს გ. გ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის მქონე ფუნქციის სხვა შტატის არსებობის საკითხი რეორგანიზაციის შემდეგ, აგრეთვე ამგვარი შტატის არსებობა სხვა დაწესებულების დაქვემდებარებაში.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. გ-ი იყო პოლიციელი და მასზე ვრცელდებოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად პოლიციელი შეიძლება განთავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნას კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს (42-ე მუხ.). კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის გასვლა პოლიციელის დათხოვნის საფუძველია. გ. გ-ს სადავოდ არ გაუხდია მისი კადრების განკარგგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 07.03.2017წ. №551460 ბრძანება, რაც გახდა „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 11.07.2017წ. №1654584 ბრძანების გამოცემის საფუძველი, ვინაიდან გავიდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა. არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების საკითხის გამოკვლევის საჭიროების თაობაზე. აღნიშნულის გამოკვლევის შესაძლებლობა გააჩნდა სასამართლოს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, რის გამოც არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი.
კასატორი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. გ-ი გათავისუფლდა კანონმდებლობის მოთხოვნათა, აგრეთვე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვით, რეორგანიზაციის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო. კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ, თუ სამინისტრო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დადებითად ვერ გადაწყვეტს პოლიციელის შრომითი მოწყობის საკითხს, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიცელი თავისუფლდება სამსახურიდან. გ. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი იყო მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა, რაც მის მიერ სადავოდ არ გამხდარა. აღნიშნულის გამო არასწორია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. გადაწყვეტილება შეესაბამება საკასაციო პალატის მიერ მსგავსი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებულ განჩინებას (სუსგ 04.07.2019წ. საქმეზე Nბს-564 (2კ-19)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. გ-ი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ი ...ის სამმართველოს ...ის ...ი ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული უწყებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირად მიჩნეული იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა, იგი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული აქტის ფორმალური კანონიერების საკითხს, სადავო აქტის გამოცემაზე შსს-ს უფლებამოსილების არ ქონის საკითხი არ დასმულა სასარჩელო განცხადებაში. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ გასაჩივრებულა სააპელაციო და საკასაციო წესით გ. გ-ის მიერ. ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია მხარის მოთხოვნის ფარგლებით, იგი არ არის უფლებამოსილი გასცდეს დავის საგანს და მიაკუთვნოს ის, რაც მხარეს არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხ.), ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გასაჩივრების და კასატორების საუარესოდ საქმის გადაწყვეტის დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამოსილებისა და აქტის არარად ცნობის საკითხზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გ. გ-ის მიერ არ გასაჩივრების გამო, არ არსებობს აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების მიზნით, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. თუმცა აღნიშნული გარემოებები არ ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უკანონობას, ვინაიდან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ზემდგომი ორგანოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლისთვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხზე ხელახალი მსჯელობის დავალება მოიცავს მათ შორის საკითხის უწყებრივი ქვემდებარეობით გადაგზავნაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოწმების დავალებასაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მიღებისას, საკასაციო სასამართლოს მყარი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით (სუსგ 04.07.2019წ. საქმე Nბს-537 (2კ-19), 26.09.2019წ. საქმე Nბს-884 (კ-19), 13.02.2020წ. Nბს134 (2კ-19), 20.03.2020წ. Nბს-891 (კ-19) და სხვ.), უნდა იმსჯელოს საკითხის ქვემდებარეობით გადაგზავნაზე, შეფასება უნდა მიეცეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა გათავისუფლებაზე შსს-ს უფლებამოსილების საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2018წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ა. წულაძე