საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-468(კ-20) 6 აგვისტო, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ჩ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ჩ-ემ 2017 წლის პირველ აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა იმავე სააგენტოს 2015 წლის 3 ივლისის ოჯახის დეკლარაციისა და მის საფუძველზე საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების, 2015 წლის 20 ნოემბრისა და 2016 წლის 4 ივნისის ოჯახის დეკლარაციების, 2017 წლის 30 ივნისის №04/43218 და 2017 წლის 27 ივლისის №04/49304 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის რ. ჩ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 3 ივლისის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 ნოემბრისა და 2016 წლის 4 ივნისის ოჯახის დეკლარაციები და 2017 წლის 30 ივნისის №04/43218 და 2017 წლის 27 ივლისის №04/49304 გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ. ჩ-ის სასარგებლოდ დაევალა 2015 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე, 182-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ რ. ჩ-ეს 2015 წლის 1 ივნისიდან დახმარების შეწყვეტა ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია, რის გამოც მისი საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი. კასატორი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, ხანდაზმულობის ვადების დარღვევის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2015 წლის 3 ივლისის, 2015 წლის 20 ნოემბრისა და 2016 წლის 4 ივნისის ოჯახის დეკლარაციების შევსებისა და მათ შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე, გარდა ამისა, უნდა შეფასდეს, რამდენად დაცულია მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი და ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად; ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ.
სარეიტინგო ქულის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი. იმავე „წესის“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „B3“ პუნქტში - ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“; ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია: ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობით (I50) (III – IV ფუნქციური კლასი „NYHA“) ან სტაბილური სტენოკარდიით (I20.8) (III – IV ფუნქციური კლასი „CCS“); ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია); გ) თუ ოჯახის წევრს შეესაბამება ორი ან მეტი კატეგორია, შემოიხაზება ყველა შესაბამისი კატეგორიის კოდი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნეს ასახული ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კომუნალურ გადასახდელებზე გაწეული ხარჯი.
განსახილველ შემთხვევაში, რ. ჩ-ის ოჯახის დეკლარაციებში მონაცემები შეტანილია არასწორად, კერძოდ, სათანადოდ არ არის ასახული მოსარჩელის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. 2015 წლის 12 ივნისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელის მდგომარეობა არის უმწეო, მხედველობის გამო, განეკუთვნება I ჯგუფის ინვალიდს, აქვს ჰიპერტონიული დაავადება, გულის უკმარისობა, ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მარჯვენამხრივი ჰემიპარემიით, ოპერირებული გლაუკომა და პროსტატის ადენომა, რომელიც მიმდინარეობს ქრონიკულად და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. აღნიშნულის მიუხედავად, ოჯახის დეკლარაციაში მითითებული არ არის, რომ რ. ჩ-ეს დაუხმარებლად არ შეუძლია გადაადგილება და საჭიროებს მომვლელს, ასევე, ასახული არ არის ინფორმაცია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მუდმივი მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. გარდა ამისა, ოჯახის დეკლარაციაში მითითებული კომუნალური გადასახდელების ოდენობა გაზრდილია უსაფუძვლოდ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სადავო დეკლარაციებში მონაცემების არასწორად დაფიქსირების ფაქტს, რამაც სარეიტინგო ქულის ცვლილება და საბოლოოდ - მოსარჩელისთვის საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტა გამოიწვია. ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მათში ასახული მონაცემები არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად ცნეს ბათილად გასაჩივრებული აქტები.
რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი საარსებო შემწეობის გაცემის დავალებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სადავო აქტების უკანონობა, რამაც საბოლოოდ მოსარჩელის მიერ კუთვნილი საარსებო შემწეობის მიუღებლობა გამოიწვია, რ. ჩ-ეს უნდა აუნაზღაურდეს 2015 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობა. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით, მათ შორის, თუკი მოსარჩელეს სადავო პერიოდში (2015 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლამდე) აღუდგა საარსებო შემწეობა, დროის იმავე მონაკვეთში გაცემული შემწეობა ხელმეორედ ანაზღაურებას აღარ დაექვემდებარება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში. ამრიგად, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოსცა აქტი, მის მიმართ გასაჩივრების ვადის ათვლა ვერ დაიწყება. გარდა ამისა, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მის აუცილებელ რეკვიზიტს გასაჩივრების წესის განმარტების თაობაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი და ასეთი აქტის გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელისთვის საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტის შესახებ აქტი კასატორს არ გამოუცია, რ. ჩ-ეს მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 სექტემბრის წერილით ეცნობა, რომ ოჯახი შემოწმდა 2015 წლის 3 ივლისს, 20 ნოემბერს და 2016 წლის 4 ივნისს, მიღებული სარეიტინგო ქულები კი არ იყო საკმარისი ფულადი დახმარების მისაღებად. ამრიგად მოსარჩელემ მითითებული წერილით მიიღო ინფორმაცია საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძვლების თაობაზე, ეს წერილი კი გასაჩივრების უფლების განმარტებას არ შეიცავდა და რ. ჩ-ემ ინფორმაციის მიღებიდან ერთი წლის ვადაში წარადგინა საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად, აქტების გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს. თანხის დაკისრების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. იმავე კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად კი, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამრიგად, მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილშიც ხანდაზმულობის ვადები დაცულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადასტურებულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა, რაც მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის თანხის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე