Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-789(კ-19) 6 აგვისტო, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ლ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ლ-მა 2018 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №MOD ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ა. ლ-ის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №MOD ... გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მოსარჩელე ა. ლ-ის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 25 დეკემბრის №848, 1997 წლის 5 ივლისის №249 და 2008 წლის 30 აპრილის №2168 ბრძანებებზე, ადმინისტრაციული ორგანოს 2008 წლის 22 აპრილის №711 ცნობასა და ა. ლ-ის ხელნაწერ ბიოგრაფიაზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ლეიტენანტი ა. ლ-ი სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 1996 წლიდან.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურის, კომპენსაციის მიღებაზე უფლების მქონე პირის წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან. ვინაიდან ა. ლ-ი სამხედრო სამსახურში გაწვეულ და ჩარიცხულ იქნა 1996 წლიდან, წელთა ნამსახურობა შეადგენს 20 წელზე ნაკლებს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, რაც სასარჩელო მოთხოვნათა უსაფუძვლობას ადასტურებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოსარჩელის ნამსახურობის წლების გაანგარიშების დაწყების მომენტის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, პირის ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. კერძოდ, დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, მათ შორის, ოფიცრები. იმავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს იმავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია, მის მიერ სამხედრო სამსახურის დაწყების პერიოდი და ნამსახურობის წლების საერთო ჯამი. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით. ამდენად, ნამსახურობის წელთა გამოანგარიშების მიზნებისთვის მნიშვნელობა არ ენიჭება პირისთვის სპეციალური წოდების მინიჭების მომენტს, არამედ გადამწყვეტია მისი სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის თარიღი.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ლ-ი 1992 წლის 11 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალის ...ი განყოფილების ...ის თანამდებობაზე და 2010 წლის 21 ნოემბრამდე უწყვეტად მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის საერთო სამუშაო სტაჟს, ა. ლ-ი 1975 წლის აგვისტოდან 1978 წლის აგვისტომდე მუშაობდა ...ის რაიონის ...ში ...ის თანამდებობაზე, ხოლო 1982 წლის აგვისტოდან 1982 წლის სექტემბრამდე - ...ის რაიონის ...ში ...ის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ა. ლ-ის ნამსახურობის ვადა უნდა აითვალოს მისი სამსახურში ჩარიცხვის დღიდან - 1992 წლის სექტემბრიდან. მოცემული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა ათ წელს აღემატება, ხოლო მისი შრომის საერთო სტაჟი ოც წელზე მეტს შეადგენს. ამრიგად, ა. ლ-ის მიერ სამხედრო სამსახურის დაწყების პერიოდიდან, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა და საერთო სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსარჩელე აკმაყოფილებს სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის ნამსახურობის წელთა გაანგარიშებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე