Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1206(2კ-19) 6 აგვისტო, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

კასატორი (მესამე პირი) - ვ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქორწინების სააქტო ჩანაწერის შესწორების დავალება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. რ-მა 2018 წლის 11 ივლისს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისისა და წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: თ. რ-ის ქორწინების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანაზე უარის შესახებ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ამავე რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული №9 ქორწინების აქტის ჩანაწერის შესწორების დავალება, კერძოდ საცოლის სახელის, ქორწინების შემდგომი გვარის და ქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის თარიღის - 1975 წლის 23 ივნისის მითითება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 10 აპრილის ... გადაწყვეტილება „თ. რ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №...გადაწყვეტილება „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ უნდა შესწორდეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული სააქტო ჩანაწერი №9 და მასში დაფიქსირდეს შემდეგი მონაცემები: საცოლე მოქალაქე ტ. რ-ი ს., გვარი ქორწინების შემდეგ რ-ი, რეგისტრაციის თარიღი 1975 წლის 23 ივნისი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ამავე სააგენტოს თბილისისა და წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ვ. ფ. შ-ი.

2019 წლის 19 აპრილს ვ. შ-მა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისისა და წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურებისა და ვ. შ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება; აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ამავე სააგენტოს თბილისისა და წალენჯიხის სამსახურებმა და ვ. შ-მა, რომელთაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ამავე სააგენტოს თბილისისა და წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები მიიჩნევენ, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად თუ ადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად: ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას“. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააგენტოს არ ეცნობა სასამართლოში დავის მიმდინარეობის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სააგენტოს მიერ გამოცემული 2018 წლის 14 მაისის №... გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელა და ბათილად ცნო იგი.

კასატორების (მოპასუხეების) მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ შეფასდა ტერიტორიული განსჯადობის საკითხი, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების უფლებამოსილების ფარგლები. მათივე განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოპასუხედ მითითების საკითხი იყო სადავო. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორები (მოპასუხეები) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-82-ე მუხლებზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების 56-ე და 59-ე მუხლებზე მითითებით განმარტავენ, რომ, მართალია, სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, თუმცა ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპი არ მოქმედებს შესწორების საქმისწარმოებისას. ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი რეგისტრირებული იყო წალენჯიხის რაიონის, სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს მიერ, თუმცა მოცემული ფაქტი არ უკრძალავს სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურებს განახორციელონ შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის (რომელთა ადგილდებარეობა არის თბილისი) მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების კანონიერება და შემდგომ შესაბამისი შესწორების შეტანა, სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, აღნიშნული დავის პირობებში, არ წარმოადგენს მოპასუხეს.

ადმინისტრაციულ ორგანოთა საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და იმსჯელა არა ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორების კანონიერებაზე, არამედ ქორწინების ნამდვილობაზე. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნევს (გვ. 15, აბზაცი 2), რომ: „ვ. შ-სა და თ. რ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება დღემდე ნამდვილია და მისი ბათილობის მოთხოვნით დავა არ დაწყებულა“, იმ პირობებშიც კი როდესაც სასამართლოს ვ. შ-მა მიმართა ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული სარჩელი წარმობაში არ იქნა მიღებული. სასამართლომ არ გაზიარა აპელანტების სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთება, რომელიც სრულად ცხადყოფს, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა და სააგენტომ კანონმდელობის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.

კასატორები (მოპასუხეები) საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის თანახმად: სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის ერთ-ერთი საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. მოცემულ საქმეზე, დადგენილი არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება ქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას შეცდომის დაშვება. შესაბამისად, არ არსებობს ქორწინების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი. წალენჯიხის რაიონის, სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულია თ. ს. რ-ის (დაბადებული ... წლის ... ...ს) და ვ. ფ. შ-ის (დაბადებული ... წლის ... ...ს) ქორწინების აქტის ჩანაწერი №9, საცოლის გვარი ქორწინების შემდეგ ფიქსირდება - შ-ი, ხოლო საქმროს გვარი ქორწინების შემდეგ - შ-ი. ქორწინების აქტის ჩანაწერში არ ფიქსირდება აქტის რეგისტრაციის თარიღი, გრაფაში „გაცემული მოწმობა“ მითითებულია - №.... მექორწინეთა ხელის მოწერის გრაფაში ორივე ხელმოწერა ჩასწორებულია სათანადო წესით დამოწმების გარეშე. სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი არ მოიძებნა. ამასთანავე, ხსენებული ქორწინების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 1975 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დამტკიცებული 1971 წლის 9 მარტს) 165-ე მუხლისა და ამავე პერიოდში მოქმედი „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის“ 1412-ე მუხლის მიხედვით ქორწინების აქტის ჩანაწერზე ხელმოწერა ხორციელდებოდა სააქტო ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ. ამრიგად, აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით აშკარაა ის გარემოება, რომ ქორწინების აქტის ჩანაწერი უნდა წაკითხულიყო სრულად და მხოლოდ სრულად წაკითხვის შემდგომ უნდა მომხდარიყო აქტზე ხელმოწერის განხორციელება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული. თ. რ-ის და ვ. შ-ის ქორწინების აქტის ჩანაწერში მექორწინეთა ხელმოწერა ჩასწორებულია. აქედან გამომდინარე, ვიდრე უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ დადგინდება აქტის ნამდვილობა, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს შესწორება აქტის ჩანაწერში საცოლის სახელის ნაწილში.

კასატორი - ვ. შ-ის აღნიშნავს, რომ თ. რ-ის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 10 აპრილისა და 14 მაისის გადაწყვეტილებები თ. რ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ აღნიშნული საქმე განიხილა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ. საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია, თუ რა წესის დაცვით ხორციელდება განსჯადი სასამართლოს შერჩევა და ასევე გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, რომლის არსებობისას დასაშვებია საქმის განხილვა სხვა სასამართლოში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი გამონაკლისი შემთხვევა არ მოიპოვება. ასევე კანონმდებლობით არ არის დადგენილი სამოქალაქო აქტებში შესწორების შეტანაზე ტერიტორიული განსჯადობა. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ დაარღვია კანონი და სააპელაციო ინსტანციამ ანალოგიური გაიმეორა. ამდენად, კასატორი ვ. შ-ი მიიჩნევს, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, არასათანადო მოპასუხის მიმართ, რაც მისი მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. გარდა ამისა, ვ. შ-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები, მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოდ, არ გაიზიარა ვ. შ-ის შუამდგომლობა.

ვ. შ-ი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მესამე პირად ჩაერთო სააპელაციო ინსტანციაში. პირველმა ინსტანციამ განიხილა საქმე მის დაუსწრებლად, შესაბამისად მისი მოსაზრებით, შეეზღუდა პირველი ინსტაციის პროცესუალური შესაძლებლობებით სარგებლობის უფლება. აღნიშნული ფაქტი უნდა გამხდარიყო სააპელაციო სასამართლოსთვის ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთი ერთი უპირობო საფუძველი. გარდა ამისა, საქმეში არ იყო ჩართული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არ მიეცა თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელი თავის შესაგებლებში აღნიშნავდა ამის შესახებ, რაც სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა.

კასატორი (ვ. შ-ი) დამატებით აღნიშნავს, რომ თავის გადაწყვეტილებაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს თ. რ- და ვ. შ-ის ქორწინების ფაქტს, რითაც არღვევს კანონს ვინაიდან, აღნიშნული სარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს ქორწინების ფაქტის დადგენა ან ქორწინების ნამდვილობის დადგენა, რაც სულ სხვა სასამართლოს განსჯადია, ამდენად, სასამართლო გაცდა სარჩელის ფარგლებს.

ვ. შ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს არ უსჯელია სათანადო წესით იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად დაცული იყო ქორწინებაში შესვლის წინაპირობა და ქორწინების წესი, კერძოდ „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ შესაბამისი ინსრუქცია. მხარებს არ მიუმართავთ განცხადებით ქორწინებაში შესვლასთან დაკავშირებით, ორივე იმყოფებოდა სხვა პირთან ქორწინებაში, ხოლო სოფელ ...ში თანაცხოვრობდნენ ხანგრძლივი მივლინების დროს. დასახელებული მიზეზების გამო შედგა ქორწინების სადაო ჩანაწერი, რომლის რეალური შედეგი არც ყოფილა ოჯახის შექმნა. ეს ფაქტი ასევე დადასტურდა თ. რ-ის წარმომადგენლების მიერ. ამდენად, სახეზეა ქორწინების ბათილობის საფუძვლები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არ მიიღო მხედველობაში არსებული წაკითხვის წესის დაცვის ვალდებულება. ასევე, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმეში არსებულ განქორწინების აქტების შესახებ, კერძოდ, ვ. შ-ისა და ტ. შ-ის შორის 1975 წლის 18 ივნისს რეგისტრირებულ განქორწინების აქტზე და ვ. რ-ის და თ. რ-ის 1975 წლის 17 ივნისს რეგისტრირებულ განქორწინების აქტზე, სადაც საეჭვოდ მსგავსი მონაცემები მოიპოვებოდა. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოწმეთა დაკითხის შესახებ შუამდგომლობა და დაეყრდნო მათ მიმართ განახორციელებულ გამოკითხის ოქმებს, რომელსაც სავალდებულო ძალა არ აქვს. გამოკითხვის ოქმებში მითითებულია ის ფაქტები, რომლებსაც ადგილი საერთოდ არ ჰქონდა და შესაბამისად, მნიშველოვანი იყო მათი დაკითხვა სასამართლოს წინაშე. სასამართლოს არ უმსჯელია სათანადოდ იმასთან დაკავშირებით, რომ გაცემულ მოწმობა გადასწორებულია, ქორწინების №... მოწმობაში აქტის ჩანაწერის ნომრის გრაფაში მითითებულია ..., ხოლო ასეთი აქტის ჩანაწერი საერთოდ არ იძებნება წალენჯიხის რაიონის სოფელ ...ს ქორწინების სარეგისტრაციო წიგნებში. თ. რ-ის და ვ. შ-ის სახელზე რეგისტრირებული ქორწინების აქტის ნომერია - №9. ხოლო ხსენებული აქტის ჩანაწერზე გაცემულია ქორწინების მოწმობა №..., რომელიც ფიქსირდება სულ სხვა პირების მიმართ რეგისტრირებულ აქტის ჩანაწერზე. შესაბამისად, სააგენტო ნამდვილად მოკლებულია შესაძლებლობას შესწორება და დამატება განახორციელოს.

კასატორი (ვ. შ-ი) ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ქორწინების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში მოქმედი „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის 165-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა ჩანაწერის წაკითხვის აუცილებლობას, რაც მოწმდებოდა ბეჭდით. თ. რ-მა ქორწინების რეგისტრაციისას შეიცვალა გვარი „რ-ი“ მეუღლის გვარით „შ-ი“, და ქორწინების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ცვლილება გვარი „შ-ის“ შემდგომი ცვლილების შესახებ. ამდენად, არ არსებობს აღნიშნული აქტის ჩანაწერში სამოქალაქო აქტების კანონის 78-ე და 79-ე მუხლის გათვალისწინებული შესწორებისა ან ცვლილების შეტანის საფუძველი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოყვანილი აქვს არგუმენტად, რომ თ. რ-ის კანონიერი ნდობა ჰქონდა ქორწინების მოწმობის მიმართებაში მაგრამ საერთოდ არ უმსჯელია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ თუკი კანონიერი ნდობა ჰქონია, მან არ იზრუნა ამ მოწმობით დადგენილი გვარით სარგებლობაზე, ვინაიდან ქორწინების შედეგად მას დაუდგინდა ახალი გვარი - „შ-ი“ და არა „რ-ი“. სასამართლოს საერთოდ არ უსჯელია იმაზე თ. რ-ი რამდენად წარმოადგენს შედავებაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად, თავდაპირველი მოსარჩელე რამდენად წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, ვინაიდან აღნიშნულ მოწმობაზე შედავების უფლება ჰქონდა თ. შ-ს და არა თ. რ-ს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისისა და წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურებისა და ვ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. რ-ისა და ვ. შ-ის ქორწინების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული აქტებისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის შესწორების დავალების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე და მე-80 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებას, ზემოაღნიშნული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ანიჭებს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წარმოადგენს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველს. ამრიგად, კანონმდებლობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნევს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების და დამატების შეტანას, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას შეცდომის დაშვება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის - თ. რ-ის მიმართ შედგენილია ქორწინინების სააქტო ჩანაწერი, შესაბამისად ის წარმოადგენს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირს. თ. რ-ი და ვ. შ-ი დაქორწინდნენ 1975 წლის 23 ივნისს, მათ შეეძინათ საერთო შვილი, ასევე ქორწინებამდე ისინი განქორწინდნენ თავიანთ პირველ მეუღლესთან. საქმეში არსებული როგორც წერილობითი მტკიცებულებებით (ქორწინების მოწმობა, შვილის დაბადების მოწმობა, საოჯახო ფოტოები,), ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება რომ ქორწინების რეგისტრაციის დროს დაშვებულია შეცდომები - როგორც ქორწინების შემდგომი გვარის გრაფაში ასევე, საცოლის სახელში, გარდა ამისა არ არის მითითებული ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 1975 წლის 23 ივნისი, რაც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქორწინების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია. ამრიგად, საკასაციო პალატა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არ არსებობდა ქორწინების სააქტო ჩანაწერში მოთხოვნილი შესწორებების განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და წალენჯიხის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულ №9 სააქტო ჩანაწერში უნდა განხორცილდეს შესაბამისი ცვლილება.

განსჯადობის წესის თაობაზე კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე ერთ - ერთ მოპასუხედ წარმოდგენილია წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლო, ხოლო შემდგომში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და ვ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 01.10.2019წ. №31158 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - ვ. შ-ს (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტი ...) დაუბრუნდეს 12.12.2019წ. №8801913121 საგადახდო მოთხოვნით ე. ფ-ას (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე