Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბ-862-7(გან-20) 7 სექტემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ს-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ს-ამ 2019 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის №3 სხდომის ოქმისა და რექტორის 2019 წლის 25 იანვრის №... ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის №3 სხდომის ოქმი და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 25 იანვრის №... ბრძანება „ი. ს-ას სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება.

2020 წლის 27 ივლისს ი. ს-ამ №ბ-861-20 და №ბ-862-20 განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების განმარტება მოითხოვა.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების მოთხოვნით. სასწავლებელმა უარი უთხრა ი. ს-ას უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსით აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ, მართალია, ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მაგრამ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული უნივერსიტეტის ვალდებულებაზე ი. ს-ასთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს, განიმარტოს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა იწვევს თუ არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, კერძოდ, სტუდენტის სტატუსის აღდგენასა და სწავლის განახლებას. ასევე, განცხადებით მოთხოვნილია, განმარტებულ იქნეს, რა პერიოდში უნდა აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს აქტის შესრულების სავალდებულოობისა და მისი სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთვევაში, თუკი მისი სარეზოლუციო ნაწილი არის ბუნდოვანი და შეუძლებელია/გართულებულია მისი აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების განმარტება, რომლითაც სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და გაურკვეველი, იგი არის ნათლად ჩამოყალიბებული და ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ძალაში იქნა დატოვებული.

რაც შეეხება სასამართლოს განჩინების აღსრულების შეუძლებლობას/გართულებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, არსებითად კი დავა გადაწყვეტილი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კერძოდ, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოთა მიერ მიჩნეულ იქნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დავა კანონიერად და მართებულად არის გადაწყვეტილი. შესაბამისად, აღსრულებას უნდა დაექვემდებაროს სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის №3 სხდომის ოქმი და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 25 იანვრის №... ბრძანება „ი. ს-ას სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“. ამრიგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების განმარტების საჭიროება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე