Facebook Twitter

#ბ-898-8(2გან-20) 7 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ტ-ისა და თ. ბ-ის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 29 დეკემბერს ე. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად მისი დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2017 წლის დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ...ის საკითხებში ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ... ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების, ასევე, ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ის საკითხებში) თანამდებობისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაება ნ. ი-ე.

2017 წლის 29 დეკემბერს თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ო საკითხებში) მოსარჩელის დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2017 წლის დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ...ო საკითხებში ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ... ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების, ასევე, ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ო საკითხებში) თანამდებობისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაება ს. წ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ტ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ის საკითხებში) ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ე. ტ-ისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა; ე. ტ-ს უარი ეთქვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილის წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების დავალდებულებასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ის საკითხებში) თანამდებობებისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის დაკისრებაზე; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ო საკითხებში) ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე თ. ბ-ისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ო საკითხებში) თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა; თ. ბ-ს უარი ეთქვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილის წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების დავალდებულებასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის დაკისრებაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ე. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2020 წლის 3 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ე. ტ-მა და თ. ბ-მა, რომლებმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე #ბს-204(კ-19)) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტების განმარტება მოითხოვეს.

განმცხადებლების მითითებით, მათ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა განაცდური ხელფასის ანაზღაურება ... (...) ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრიდან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის #14 დადგენილებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #4 დადგენილებაში შევიდა ცვლილებები და მათ თანამდებობებზე ხელფასის ოდენობა გაიზარდა ... ლარამდე. შესაბამისად, განმცხადებლების განმარტებით, მათ 2018 წლის 9 თებერვალს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, დაურთეს ზემოაღნიშნული #14 დადგენილება და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოთხოვნილ იქნა შემდეგნაირად: 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის იანვრამდე მომხდარიყო ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ... ლარის ოდენობით. განმცხადებლების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხსენებულ ნაწილში დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით კი, განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა ... (...) ლარის ოდენობით 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. განმცხადებლებისათვის გაუგებარია, დაკმაყოფილებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #4 დადგენილების კონსოლიდირებული ვერსიით განსაზღვრული, საშემოსავლო გადასახადის დაქვითვით გამოანგარიშებული ... ლარი (... ლარს - 20% საშემოსავლო = ... ლარი), თუ ცვლილებებამდე არსებული ხელფასი - ... (...) ლარი, რომელსაც უნდა დაექვითოს საშემოსავლო გადასახადი.

ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, განმცხადებლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტების განმარტებას მოითხოვენ.

2020 წლის 5 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე #ბს-204(კ-19)) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის განმარტება მოითხოვა.

განმცხადებლის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე - მოსარჩელე ე. ტ-ი 2018 წლიდან არის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ხოლო 2018 წლის 11 სექტემბრიდან იგი არჩეულ იქნა „...ისათვის“ ფრაქციის ...ის ...დ (საქმეში წარმოდგენილია ე. ტ-ის არჩევის შესახებ განკარგულებები). ამასთან, იგი დღემდე იღებს თანამდებობრივ სარგოს ხელფასის სახით.

განმცხადებლის განმარტებით, ბუნდოვანი და შეუძლებელია გამოტანილი გადაწყვეტილების არსებული სახით აღსრულება, კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გაუგებარია, რამდენად არის შესაძლებელი ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღსრულების მიზნით განაცდური ხელფასისა და შრომის ანაზღაურების - თანამდებობრივი სარგოს ერთობლივად გაცემა. ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე მითითებით, განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე #ბს-204(კ-19)) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის განმარტება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ტ-ისა და თ. ბ-ის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. შესაბამისად, გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტებისას პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ე. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

განმცხადებლები - ე. ტ-ი და თ. ბ-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტების განმარტებას მოითხოვენ, კერძოდ, განმცხადებელთათვის გაურკვეველია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განსაზღვრული ... (...) ლარი წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #4 დადგენილების კონსოლიდირებული ვერსიით განსაზღვრულ, საშემოსავლო გადასახადის დაქვითვით გამოანგარიშებულ ... ლარს, თუ ცვლილებებამდე არსებულ ხელფასს - ... (...) ლარს, რომელსაც უნდა დაექვითოს საშემოსავლო გადასახადი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით დადგინდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით, ე. ტ-ისა და თ. ბ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 დეკემბრიდან მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას (იხ. სუსგ 13.09.2007წ. #ბს-171-160(კ-07); 28.05.2008წ. #ბს-65-65(2კ-08); 05.02.2019წ. #ბს-1512(კს-18)).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, იგი ცალსახად შეიცავს მითითებას სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელეთა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ე. ტ-ისა და თ. ბ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებას, მოპასუხე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებას აღსრულების შემაფერხებელ შესაძლო გარემოებაზე მითითებით ითხოვს. კერძოდ, განმცხადებლისათვის გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთობლივად იქნეს გაცემული როგორც იძულებითი განაცდური ხელფასი, აგრეთვე, მოსარჩელე ე. ტ-ის მიმდინარე შრომითი ანაზღაურება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ე. ტ-ი ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზე წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს. ამასთან, იგი სწორედ ამავე პერიოდში იქნა არჩეული ფრაქციის ...ის ...დ. თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არც სააპელაციო სასამართლოში და არც შემდგომში საკასაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს არ განხორციელებულა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებში კი, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მიზნით, გამოიყენოს ის გარემოება, რომელიც საფუძვლად არ დასდებია გადაწყვეტილების მიღებას და რომლის თაობაზეც დავის მიმდინარეობის ეტაპზე არ ყოფილა მითითებული. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტული პუნქტის განმარტება გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება. განმცხადებლის - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განცხადებით წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოება კი, პირიქით, მიზანმიმართულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის მინიჭებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გამორიცხვისაკენ.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასებების შედეგს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. სწორედ აღნიშნული მოსაზრებით აკეთებს მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე. გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალურ წინაპირობას მითითებული მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება წარმოადგენს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ისა და ე. ტ-ის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე