№ბს-209-209 (კ-18) 11 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ა. თ-ი, მ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - თ. დ-ი, ზ. ჩ-ი, ა. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. თ-მა და მ. ბ-მა 21.04.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.04.2016წ. N... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.10.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქ. თბილისში, სოფელ ...ში, 800 კვ.მ. ფართობის უძრავი ქონება (საკ. კოდი: ...) თანასაკუთრების უფლებით აქვთ აღრიცხული საჯარო რეესტრში. აღნიშნული ქონება მოსარჩელეების სახელზე რეგისტრირებულია თანაბარი წილის უფლებით. მიწის ნაკვეთს ორ მხარეს, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, კერძოდ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ა. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკ. კოდით ..., ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება თ. დ-ის და ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთი საკ. კოდით .... მოსარჩელეებს არ გააჩნიათ საკუთრებამდე მისასვლელი გზა, რადგან ა. გ-ის, ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის თვითნებური ქმედების შედეგად საერთო სარგებლობაში არსებული გზა მიტაცებულ იქნა და მოექცა მათ საკადასტრო საზღვრებში.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საჯარო რეესტრის მიერ მესამე პირთა მოთხოვნები რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა წარდგენლი სარეგისტრაციო მასალების რეესტრში დაცულ დოკუმენტაციასთან შედარების გარეშე, რის შედეგად მიღებულ იქნა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებები. ა. გ-ის მიწის ნაკვეთი 10.09.2015წ. დარეგისტრირდა საჯარო რესტრში, ისე, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით გადმოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეესტრში დაცულ დოკუმენტაციას, კერძოდ ა. გ-ის ნაკვეთს რეესტრში დაცული დოკუმენტაციის თანახმად ესაზღვრებოდა 2 მეტრი სიგანის გზა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტებით გზის არსებობა არ დასტურდებოდა, რაც ქმნიდა არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, არამედ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. საჯარო რეესტრს ასევე არ უნდა განეხორციელებინა ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან საჯარო რესტრის მასალებში არ იძებნება უძრავ ქონებაზე მათი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ სოფ. ...ის საკრებულოს მიერ 20.01.2003წ. გაცემული N69 ცნობა. ამასთანავე, ტექ. ბიუროში დაცული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია დასტურდება სოფ. ...ის საკრებულოს თავმჯდომარის ცნობის თანახმად, რომლის მიხედვითაც ზ. ჩ-ის საკუთრებას დასავლეთით ესაზღვრება გზა. მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ ემთხვევა მესაკუთრის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზის კონფიგურაციას და საზღვრებს. ფაქტობრივი მდგომარეობით ზ. ჩ-ის დასავლეთით გზის არსებობა არ დგინდება. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემა მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ. სარეგისტრაციო სამსახურს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და ზ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის უნდა გადიოდეს 2 მეტრი სიგანის გზა სამხრეთით მდებარე ხევამდე, რაც დასტურდება ასევე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით. ეს სწორედ ის გზაა, რომლის საშუალებაც ა. თ-ი და მ. ბ-ი დაუკავშირდება მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.05.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. გ-ი, თ. დ-ი და ზ. ჩ-ი.
თბილისის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2016წ. გადაწყვეტილებით ა. თ-ის და მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. თ-ი და მ. ბ-ი 13.01.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 16.01.2015წ. დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში, სოფელ ...ში, 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრეებად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 20.12.2010 წლიდან აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში ვ., ვა., ლ. და მ. ხ-ების სახელზე, რომელთა უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენდა 23.02.2005წ. სოფ. ...ის საკრებულოს N351 და 352 ცნობები, ასევე 06.10.1992წ. N31 მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე 1000 კვ.მ. ფართობის უძრავი ქონება 18.11.1992წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გ. ხ-ისგან მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა თ. დ-მა და ზ. ჩ-მა, რომლებიც 23.01.2003 წლიდან აღირიცხნენ საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად. 11.11.2010წ. ზ. ჩ-მა მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტების მოთხოვნით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლის 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
ა. გ-მა 03.06.1999წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. ლ-ესგან შეიძინა 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლი, მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ...ი, დასახლება „...ი“ (ს.კ. N...). ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთიდან (108 მ. სიგრძე) ესაზღვრებოდა გზა, დასავლეთით (188მ. სიგრძე) ესაზღვრებოდა მ. ხ-ის მიწის ნაკვეთი, ჩრდილოეთით (20 მ. სიგანე) - გზა, ხოლო სამხრეთით (22.8 მ. სიგანე) - ხევი. 09.09.2015წ. ა. გ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. განცხადებას თან ერთვოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსია. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილებით ა. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
11.04.2016წ. ა. თ-მა და მ. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების და N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.04.2016წ. N... გადაწყვეტილებით ა. თ-ის და მ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რის შემდეგაც დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ამ მოკვლევის ფარგლებში რეესტრმა ჩაატარა ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას აკრავს მყარი კედელი. N1 შენობა აგებულია 17 წლის წინ. N1 შენობიდან მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ კედლამდე დაშორება შეადგენს 6.82 მ-ს. N... კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს N... კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთისაგან ყოფს მყარი კედელი. ორ უძრავ ნივთს შორის გზის ან მისი კვალის არსებობა არ დგინდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.10.2016წ. N... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გამოვლინდა სზაკ-ის 601 მუხლით განსაზღვრული, რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.11.2015წ. N007154015 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი საფეხმავლო (ორგასასვლელიანი) მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დატანილია გზა და ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია საავტომობილო ბეტონის გზა, კიბე და საფეხმავლო ბილიკი.
ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2016წ. N002029916 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან არც საფეხმავლო და არც საავტომობილო. ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობით საერთო სარგებლობაში არსებული 2 მეტრიანი გზა არ არსებობს. ქ. თბილისში, სოფელ ...ში ა. გ-ის სახელზე გაცემულ 05.04.2011წ. მომზადებულ ცნობა-დახასიათებასა და მასზე თანდართულ 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნახაზზე არსებული მშენებარე ნაგებობის და ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული აღმოსავლეთ ნაწილში საზღვრის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საკადასტრო საზღვრის ადგილმდებარეობას.
სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 18.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ზ. ჩ-ის და ა. გ-ის მიერ რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად არ გამოვლენილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და/ან შეწყვეტის საფუძვლები, რის გამოც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.09.2015წ. N... და 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილებები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სზაკ-ის 601.4 მუხლის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს უდავოდ აქვს. მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ა. თ-ის და მ. ბ-ის კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, არ დგინდება სადავო აქტების ბათილად ცნობისადმი მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არსებობა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეების - ა. თ-ის და მ. ბ-ის სახელზე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა 16.01.2015 წელს, რაც ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, კერძოდ 11.11.2010წ. განხორციელებული რეგისტრაციის დროს ჯერ კიდევ არ გააჩნდათ საკუთრება, შესაბამისად გასაჩივრებული აქტით მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს რაიმე სახის პირდაპირი და უშუალო ზიანი ვერ მიადგებოდა. ასევე არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელების შედეგად მათ შეუმცირდათ კუთვნილი წილი. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ როდესაც მხარეთა შორის ადგილი აქვს რაიმე ქონებით საერთო სარებლობას და ამა თუ იმ პირს ხელი ეშლება აღნიშნულით სარგებლობაში, ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა მოქცეული იქნეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამეზობლო სამართლის რეგულირების სფეროში.
სასამართლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 19.04.2016წ. მიღებული N... გადაწყვეტილება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.10.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გამოვლენილა სზაკ-ის 601 მუხლით განსაზღვრული რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 22.12.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. თ-ისა და მ. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინებით ა. თ-ის და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება, როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა. სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული, კანონიერი დაინტერესება. კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები (უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება).
საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების, როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტებით მათთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტს. აპელანტებმა ვერ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. თ-ის და მ. ბ-ის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ა. გ-მა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა არასწორად შედგენილი საკადასტრო ნახაზი, რადგან მის ნაკვეთს მოსარჩელეთა ნაკვეთის მხარეს აღარ ესაზღვრებოდა 2 მეტრი სიგანის გზა. საჯარო რეესტრს უნდა შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებლისათვის მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენა. განხორციელებული რეგისტრაციის მიმართ ა. გ-ის კანონიერი ნდობა არ არსებობს, რადგან რეგისტრაცია განხორციელდა მის მიერ არასწორად შედგენილი საკადასტრო ნახაზის საფუძველზე. ა. გ-ის საკუთრებას დაუსაბუთებლად მიენიჭა უპირატესობა მოსარჩელეთა საკუთრებასთან მიმართებით. მოსარჩელეები ვერ ახერხებენ საკუთრებით შეუზღუდავ სარგებლობას, რადგან საექსპერტო დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეების ნაკვეთი გზასთან არ არის დაკავშირებული. აღნიშნული ასაბუთებს სადავო რეგისტრაციების შედეგად მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების შეზღუდვას. საჯარო რეესტრის მოვალეობაა მასთან დაცულ და სარეგისტრაციოდ წადგენილ დოკუმენტაციას შორის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა. გ-ის სახელზე უკანონოდ განხორციელებული რეგისტრაციით მოსარჩელეებს მოესპოთ თავის ნაკვეთთან მისვლის შესაძლებლობა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს ფაქტობრივი გარემოებები, არ შეაფასეს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები. ა. თ-ის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოდან გამოთხოვილი ტექნიკური პასპორტის თანახმად, ა. გ-ის ნაკვეთს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთის ესაზღვრება გზა, სამხრეთით - ხევი, ხოლო დასავლეთით - მ. ხ-ის ნაკვეთი და გზა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. გ-ისა და ზ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის უნდა გადიოდეს გზა. სწორედ ამ გზით შეძლებენ მოსარჩელეები ნაკვეთთან დაკავშირებას.
მოპასუხე მხარემ და მესამე პირებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული და კანონიერია. საფუძველსაა მოკლებული მესამე პირთა მოსაზრება, რომ მათ მიერ შეცვლილი იქნა საცხოვრებელი სახლის კონფიგურაცია, რამაც გამოიწვია დაშორების გაზრდა უძრავი ქონების აღმოსავლეთ კედელსა და აღმოსავლეთ საზღვარს შორის. 2 მეტრამდე სიგანის არსებობას ადასტურებს ასევე საქმეში ჩართული მესამე პირი ზ. ჩ-ი მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით.
წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში ა. გ-ი აღნიშნავს, რომ მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საზღვრები სრულად შეესაბამება 03.06.1999წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული ნაკვეთის საზღვრებს. ა. თ-ის და მ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებულ 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთს არასდროს ჰქონია მისასვლელი ჩრდილოეთ საზღვრიდან, არც მესამე პირთა და ა. გ-ის საკუთრებებს შორის არსებობდა გზა, მათ შორის არც საფეხმავლო გასასვლელი გზა. ასეთი მისასვლელი (საფეხმავლო) აღნიშნულ ნაკვეთს გააჩნია მხოლოდ სამხრეთით მდებარე ხევის განაპირა მხრიდან. ა. თ-ს და მ. ბ-ს საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად შეუძლიათ ნაკვეთის სამხრეთით მდებარე ტერიტორიით სარგებლობა, სადაც საფეხმავლო გზის მოწყობის შესაძლებლობა დადასტურებულია ა. გ-ის ინიციატივით ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზის 28.07.2016წ. დასკვნით.
ა. გ-ი მიუთითებს, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტში, მოსაზღვრეობის გარაფში, რაიმე ტიპის გზის არსებობა ა. გ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით არ დასტურდება. გზის არსებობა ამ დოკუმენტით დგინდება მხოლოდ ჩრდილოეთით. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.07.2016წ. ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აკრავს მყარი კედელი, შენობა-ნაგებობა აგებულია 17 წლის წინ. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ა. გ-ისა და ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთებს შორის გზის არსებობა, შესაბამისად არ არსებობს რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების გზით, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დაადგინოს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. სააპელაციო სასამართლო, რომელიც ეთანხმება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ გადაწყვეტლებას, ვალდებულია მოიყვანოს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ, რომელი ფაქტებისა და ნორმებზე დაყრდნობით არ იზიარებს სააპელაციო პალატა აპელანტის სააპელაციო პრეტენზიებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ფაქტიურად არ შეიცავს მოტივაციას. სსკ-ის 390-ე მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებების გაზიარების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იცვლება მათზე - გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ შეფასებაზე მითითებით. კანონის აღნიშნული დათქმა არ გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს კანონისმიერ ვალდებულებას დასაბუთებული პასუხი გასცეს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას. სასამართლოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, იმ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა წარმოადგენს, რაც გააჩნია მოდავე მხარეს.
საქმის მასალების მიხედვით, ა. თ-ი და მ. ბ-ი 13.01.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თანასაკუთრების უფლებით ფლობენ ქ. თბილისში, სოფელ ...ში, 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს.კ. ...). მათი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხულია 2015 წლის 16 იანვრიდან. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები N... და N... საკადასტრო კოდებით. N... საკადასტრო კოდით რეგისტირებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში 2003 წლის 23 იანვრიდან აღრიცხულნი არიან თ. დ-ი და ზ. ჩ-ი, რომელთაც უძრავი ქონება 18.11.1992წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღეს. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილებით დაზუსტდა. რაც შეეხება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, აღნიშნული უძრავი ქონება ა. გ-მა 03.06.1999წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა თ. ლ-ისგან და 10.09.2015წ. დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ. მოსარჩელეები ა. თ-ი და მ. ბ-ი სადავოდ ხდიან თ. დ-ის, ზ. ჩ-ის და ა. გ-ის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციებს იმ საფუძვლით, რომ მათ თავიანთი მიწის ნაკვეთების საზღვრებში მოაქციეს ნაკვეთებს შორის გამავალი საერთო სარგებლობის გზა, რაც მოსარჩელეების ა. თ-ისა და მ. ბ-ის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე, თუმცა ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ მცხეთის რაიონის გამგეობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 21.01.2003წ. N22 ცნობის მიხედვით თ. დ-ი და ზ. ჩ-ი 2003 წლის 21 იანვრიდან აღრიცხულნი არიან სოფელ ...ში 0.1 ჰა დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) თანამესაკუთრეებად. საქმეში დაცულია სოფ. ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ დამოწმებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნახაზი, რომელზეც მითითებულია უძრავი ქონების პარამეტრები და მოსაზღვრე მხარეები. აღნიშნული ნახაზის მიხედვით ზ. ჩ-ის ნაკვეთს ა-ბ მხარეს ესაზაღვრება გზა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის მოთხოვნა და მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დაზუსტებული საზღვრებით. დადგენილია, რომ დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრაციის შემდეგ, ფაქტობრივი მდგომარეობით ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის ნაკვეთს ა-ბ მხარეს არ ესაზღვრება გზა, ისე როგორც ეს მითითებულია სოფ. ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ დამოწმებულ ნახაზზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ, სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას (სუს ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება). არც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტის გამოცემამდე. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რამდენად იძლეოდა ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული და რეესტრში დაუზუსტებელი რეგისტრაციის დროს დაცული ინფორმაცია წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით მიწის ნაკვეთის დაზუსტების შესაძლებლობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 11.11.2010წ. მიღებული N... გადაწყვეტილება შეესაბამებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის და კანონის მოთხოვნებს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ა. გ-ი 10.09.2015წ. დარეგისტრირდა. ა. გ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 03.06.1999წ. ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ა. გ-მა თ. ლ-ისგან იყიდა სოფელ ...ში, დასახლება „...ში“ მდებარე 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მშენებარე საცხოვრებელ სახლთან ერთად. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მიწის ნაკვეთი მოთავსებულია შემდეგ ზომებში და საზღვრებში: აღმოსავლეთით (108 მ. სიგრზე) ესაზღვრება გზა, დასავლეთით (118 მ. სიგრძე) ესაზღვრება მ. ხ-ის მიწის ნაკვეთი და გზა, ჩრდილოეთით (20მ. სიგანე) ესაზღვრება გზა, სამხრეთით (22.8 მ. სიგანე) ესაზღვრება ხევი. საქმეში დაცულია ასევე 03.06.1999წ. მიღება-ჩაბარების აქტი თანდართული ნაკვეთის გეგმით, რომელზეც მითითებული მოსაზღვრე მხარეები ემთხვევა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ მოსაზღვრე მხარეებს, კერძოდ ნახაზის მიხედვით, ა. გ-ის მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება გზა, დასავლეთით ესაზღვრება მ. ხ-ი და გზა, ჩრდილოეთით - გზა, ხოლო სამხრეთით - ხევი. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ ა. გ-ის მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება არა გზა, არამედ თ. დ-ის და ზ. ჩ-ის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს.კ....). „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. N503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. N327 ბრძანებულება ადგენდა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა მიწის ნაკვეთის პარამეტრების და მოსაზღვრე მხარეების შესახებ ინფორმაცია, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას. ამდენად, საქმეში დაცული მასალების მიხედვით დასტურდება, რომ თ. დ-ის, ზ. ჩ-ისა და ა. გ-ის მიწის ნაკვეთებს შორის უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით ფიქსირდება გზის არსებობა, თუმცა რეესტრში რეგისტრირებული სადავო რეგისტრაციების შედეგად ფაქტობრივი მდგომარეობით გზის არსებობა არ დგინდება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელების დროს არ გამოვლენილა რეგისტრაციაზე უარის თქმის ან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია მესამე პირების სახელზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის შესაბამისობა რეგისტრირებულ მონაცემებთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ორი კვლევის შედეგი. კერძოდ 30.11.2015წ. დასკვნით დადგენილია ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი საფეხმავლო (ორგასასვლელიანი) მისასვლელი გზის მოწყობის შესაძლებლობა მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, ხოლო 11.04.2016წ. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთს, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ისე ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან არც საფეხმავლო და არც საავტომობილო, ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის საერთო სარგებლობაში არსებული 2 მეტრიანი გზა არ არსებობს. ა. გ-ის სახელზე გაცემული 05.04.2011წ. ცნობა-დახასიათებასა და მასზე თანდართული 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნახაზზე არსებული მშენებარე ნაგებობისა და ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული აღმოსავლეთ ნაწილში არსებული საზღვრის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საკადასტრო საზღვრის ადგილმდებარეობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსკ-ის 105-ე მუხ.), მათ შორის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ფასდება სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით (სსკ-ის 172-ე მუხ.). ამასთანავე, სასამართლოს მიერ უნდა დასაბუთდეს ექპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმა (სსკ-ის 175-ე მუხ.). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს საექპერტო დასკვნის არგუმენტირებული უარყოფის დასაბუთებას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით არ არის დადგენილი თუ რა უდევს საფუძვლად ნაკვეთების წანაცვლებას, კერძოდ უფლებადამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული გზის მეზობელი მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში მოქცევას.
საქმის მასალების მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ჩატარდა ადგილზე დათვალიერება და შედარდა უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საზღვრები მის რეგისტრირებულ მდგომარეობასთან. ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ა. გ-ის საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის მონაცემებია: მიწის ნაკვეთის ფართობი- 2400 კვ.მ., ზომები: 20.90x114.83მ., მიწაზე მდგომი შენობა-ნაგებობის გვერდებიდან მიწის ნაკვეთის საზღვრამდე მანძილი აღმოსავლეთით არის 5.2 მ., დასავლეთით - 2.40 მ., ხოლო ჩრდილოეთით - 2.80 მ., შენობის გვერდების ზომებია 14.05x13.30მ., ხოლო ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სიგანე დასავლეთ საზღვრიდან აღმოსავლეთ საზღვრამდე (სახლის ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ)-21.77 მეტრია, მანძილი სახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხიდან ნაკვეთის დასავლეთ საზღვრამდე - 1.3 მ., სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან ნაკვეთის აღმოსავლეთ საზღვრამდე - 6.83 მ., სახლის გვერდების ზომებია: 13.55x14.08მ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არ გამოვლენილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, შესაბამისად რეგისტრაცია განხორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი რეგისტრირებული ნაკვეთის ზომები სრულად არ შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებს, კონკრეტულ შემთხვევაში მონაცემებს შორის მცირედი სხვაობაც შესაძლოა არსებითი მნიშვნელობის იყოს, ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა მიზნად ისახავს გზის მესამე პირების საკადასტრო საზღვრებიდან გამოთავისუფლებას, ხოლო გზის გაბარიტები საქმეში დაცული დოკუმენტებით არ დგინდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა თ. ხ-ის, გ. მ-ის, გ. ხ-ისა და მ. ხ-ის განცხადება (ტ. 2, ს.ფ. 121), რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან მისასვლელი გზის არსებობას, რომლითაც აგრეთვე სარგებლობდა აწ გაუქმებული ...ი. ადმინისტრაციული წარმოებისას ა. ბ-მა განაცხადა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სამხრეთით, ხევში, მოწყობილი იყო აუზი ...ისათვის, საიდანაც ხდებოდა წყლის მიწოდება, წყლის მისაღებად აუცილებელი იყო ავზამდე ავტომობილით მისვლა, ავზის კვალი (რკინა-ბეტონის ნანგრევი) დღესაც შეინიშნება. ა. ბ-ის მოსაზრებით 1989-90 წლებში ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის უნდა ყოფილიყო საავტომობილო გზა (ტ. 2, ს.ფ. 25). ასევე ნაკვეთებს შორის გზის არსებობას ადასტურებს ზ. ჩ-ი და თ. დ-ი საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, კერძოდ შესაგებლის ავტორები თავად აღნიშნავენ, რომ მათ ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღეს 1992 წელს გ. ხ-ისაგან, ამ პერიოდისათვის მათ და ა. გ-ის საკუთრებას შორის არსებობდა დაახლოებით 150-200 სანტიმეტრის სიგანის გზა. შესაგებელში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად მათ და ა. გ-ის საკუთრებებს შორის არსებობდა გზა, რაც დატანებულია თავდაპირველ ნახაზებშიც და ტექნიკურ ნახაზებშიც. შესაგებლის ავტორები ადასტურებენ, რომ ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მათ ნაკვეთს ესაზღვრება გზა ფეხით მოსიარულეთათვის, ორმეტრიანი სიგანის გზა-ორღობე ა. გ-ის საკუთრებაში დარჩა (ტ. 1, ს.ფ. 255-256). ზემოაღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შეფასებულა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული წარმოებისას მ. ხ-ის, ს. ქ-ის და ა. შ-ის იმის აღნიშვნას, რომ ა. გ-ის მიერ უძრავი ნივთის შეძენისას ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის არსებობდა არა გზა, არამედ მყარი კედელი (ტ.2, ს.ფ. 25), აგრეთვე ამჟამად არსებული მდგომარეობით ხსენებული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნაკვეთების მყარი კედლით გაყოფას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას, უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია და მათში ცვლილებების შეტანა წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საკადასტრო მონაცემების საფუძველზე, საკადასტრო რუკა დგება შესაბამის კოორდინატთა სისტემაში განხორციელებული აგეგმვის საფუძველზე და არა ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის ან ღობის გათვალისწინებით. ნაკვეთის კორექტირებას საფუძვლად უდევს საკადასტრო მონაცემები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად არის მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის გრაფიკული და ტექნიკურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი არის ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც დგება სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და შესაბამისობაში უნდა იყოს უფლებადამდგენი დოკუმენტაციის მონაცემებთან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ლ-ესა და ა. გ-ს შორის 03.06.1999წ. დადებული მშენებარე სახლის და 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ნაკვეთს სამი მხრიდან (აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, დასავლეთით) ესაზღვრება გზა, ხელშეკრულების თანახმად დასავლეთით ნაკვეთს ესაზღვრება მ. ხ-ის მიწის ნაკვეთი და გზა. 03.06.1999წ. ხელშეკრულების მიხედვით თ. ლ-ე იყო მესაკუთრე, თანახმად მცხეთის ტექინვენტარიცაზიის ბიუროს მიერ 18.05.1999წ. გაცემული N186 ცნობისა და ...ის სოფლის საკრებულოს და მიწის რეფორმის კომისიის მიერ 06.10.1992წ. გაცემული N8 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარზე ა. გ-ის მიერ წარდგენილ შესაგებელში მითითება მის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელშიც არ არის მ. ხ-ის (მოსარჩელეთა წინამორბედი მესაკუთრე) კუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელი გზა, არის უსაფუძვლო და არ ადასტურებს სადავო რეგისტრაციის მართლზომიერებას. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. N503 დადგენილების თანახმად მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგელობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთ საფუძველს (მე-2 პუნქტი), ამასთანავე მიღება-ჩაბარების აქტი გაიცემოდა და მიწის რეფორმის პერიოდში ის წარმოადგენდა მიწათსარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ნაკვეთის ფიზიკური პირის საკუთრებაში გადაცემა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთ პირს წარმოადგენდა არა ა. გ-ი, არამედ თ. ლ-ე, რომელზედაც, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გაცემული იყო მიწის რეფორმის კომისიის 06.10.1992წ. N8 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (აღნიშნული დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთიდაიმავე ნაკვეთზე ორი მიღება-ჩაბარების აქტი არ გაიცემოდა, მიღება-ჩაბარების აქტის მიღება ხდებოდა იმ პირის მიერ, რომელიც მიწის რეფორმის დროს იყო კომლად რეგისტრირებული. ამდენად ა. გ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის 03.06.1999წ. ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნაკვეთი ესაზღვრებოდა გზას, თუმცა ნაკვეთი გზას ესაზღვრებოდა აგრეთვე საქმეში დაცული 03.06.1999წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა საკუთრება შეიძინეს მ. ხ-ისაგან, რომლის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი იყო 06.10.1992წ. N31 მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, დადგენას საჭიროებს წინა მესაკუთრეების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით მიწის ნაკვეთის გზასთან დაკავშირების, კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტში მოსაზღვრე ობიექტების ასახვა და ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საქმეში დაცულ სხვა დოკუმენტებთან ერთობლიობაში შეფასება. სასამართლოს არ გამოუთხოვია არც მოსარჩელეთა - მ. ბ-ისა და ა. თ-ის წინამორბედ მესაკუთრეებზე გაცემული 06.10.1992წ. N31 მიღება-ჩაბარების აქტი და არც ა. გ-ის წინამორბედ მესაკუთრეზე თ. ლ-ეზე გაცემული 06.10.1992წ. N8 მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე არ არის გამოთხოვილი უძრავი ქონების შესაბამისი პერიოდის ორთოფოტო მასალა. მოსარჩელეთა წინამორბედ მესაკუთრეთა უფლებადამდგენი დოკუმენტის და ა. გ-ის წინამორბედ მესაკუთრეზე გაცემული უფლებადამდგენი დოკუმენტის, აგრეთვე მესამე პირთა სახელზე გაცემული უფლებადამდგენი აქტების ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლომ უნდა დაადგინოს გზის არსებობის ფაქტი, ასეთის დადგენის შემთხვევაში განსაზღვროს მისი გაბარიტები და კოორდინატები. რაც შეეხება ა. გ-ის საკასაციო შესაგებელში მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან საფეხმავლო გზის მოწყობის შესაძლებლობას, რაც დადასტურებულია ა. გ-ის ინიციატივით ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზის 28.07.2016წ. დასკვნით, ნაკვეთის სამხრეთის მხარეს, აღნიშნული სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, სასამართლო მოწოდებულია გადაწყვიტოს კანონიერებისა და არა მიზანშეწონილობის საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება ცალკეული ნორმების ციტირებისაგან (სზაკ-ის 22.1, 96-ე, 53.5, 97.1, 60.4, 601, სასკ-ის 2.1, 4, "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის მე-2, 3.6, მე-5, მე-8, 10.1, "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-18, სკ-ის 312-ე, სსკ-ის 102-ე, 105-ე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხ.), თუმცა სამოტივაციო ნაწილში არ არის ახსნილი ციტირებული ნორმების კავშირი სადავო სამართალურთიერთობებთან. ნორმების ციტირების გარდა სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ მესამე პირებს აქვთ სადავო რეგისტრაციების მიმართ კანონიერი ნდობა, ხოლო სადავო აქტებით მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალირი) ზიანის მიყენების ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ არ არის საქმეზე წარმოდგენილი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტს. ამგვარი დასკვნა საპროცესო კანონმდებლობის თანახმად იწვევს არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, არამედ საქმის წარმოების შეწყვეტას (სასკ-ის 26.1 მუხ.). ამასთანავე, საკასაციო სასამართლო სზაკ-ის 601.4 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციული აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევვისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილებებით ა. თ-ს და მ. ბ-ს ეზღუდებათ საკუთარი ნაკვეთით სარგებლობის უფლება, სადავო რეგისტრაციები უშუალო შემხებლობაშია მოსარჩელეთა კონსტიტუციით დაცულ უფლებასთან. ამდენად სააპელაციო სასამართლოს მიერ სზაკ-ის 601.4 მუხლზე მითითებით მოსარჩლეთა უფლებებზე ზიანის მიყენების ფაქტის გამორიცხვა არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზუსტებული რეგისტრაციისთვის საჭირო ნახაზი განმცხადებლის მიერ იქნა წარდგენილი, არ დასტურდება მისი შესაბამისობა უფლებისდამდგენ დოკუმენტაციასთან, შესაბამისად დაუსაბუთებელია მითითება დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის არსებობაზე. დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს პირდაპირი და უშუალო ზიანი ვერ მიადგებოდა, ვინაიდან მათი საკუთრება რეესტრში აღირიცხა მას შემდეგ, რაც 11.11.2010წ. განხორციელდა ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის სახელზე სადავო რეგისტრაცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციების ქრონოლოგიას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვის, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სადავო აქტებით მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, ამასთანავე შეფასების საგანს წარმოადგენს 11.11.2010წ. ზ. ჩ-ის და თ. დ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, ხოლო მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სადავოდ არ გამხდარა მხარეებს შორის.
საქმეში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთამდე გაყვანილი იყო გზა, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობით მიწის ნაკვეთს გზა არ გააჩნია და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრები გადის ყოველგვარი გამყოფი გზის გარეშე. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დავა გადაწყვიტეს ამ კოლიზიის ახსნის გარეშე, სასამართლოებს არ დაუდგენიათ გზის არსებობა ა. გ-ისა და თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის თანასაკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარი ითქვა სადავო აქტების ბათილად ცნობაზე დავისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის გარეშე. საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტაციასა და სადავო რეგისტრაციების შესახებ გზასთან დაკავშირებით არსებული წინააღმდეგობა არ არის ახსნილი არც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს და არც სასამართლოს მიერ.
დავის წარმოება განპირობებულია მოსარჩელეთა ნაკვეთამდე მისასვლელი გზის მოწყობის ინტერესით. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად (სკ-ის 180-ე მუხ.). ის გარემოება, რომ არსებობს სადავო სამართალურთიერთობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სამეზობლო სამართლის რეგულირების სფეროში მოქცევის შესაძლებლობა არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას. მოცემული საქმის დავის საგანს შეადგენს რეგისტრაციის შესახებ გამოცემული აქტები, რომლებიც სზაკ-ის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ამდენად, უნდა დადგინდეს სადავო აქტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, დავის გადაწყვეტა უკავშირდება სადავო აქტების უპირველეს ყოვლისა ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას. სასკ-ის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად სამეზობლო სამართლის მიხედვით საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობაზე მითითება არ ადასტურებს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზუსტებას საჭიროებს დავის საგანი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.04.2016წ. N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.10.2016წ. N... გადაწყვეტილება. დაზუსტებას საჭიროებს მოსარჩელეთა მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. ცხადია მოსარჩელეთა პრეტენზიის დაკმაყოფილება, სარჩელის მიზნის მიღწევა გულისხმობს საერთო სარგებლობის გზის გამოთავისუფლებას მესამე პირთა საკადასტრო საზღვრებიდან. გზის მოთხოვნასთან კავშირში არ არის მოსარჩელეთა მოთხოვნა თ. დ-ის და ზ. ჩ-ის საკუთრების გაფორმების კანონიერების შესახებ. სსკ-ის 3.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მოთხოვნას, ამასთანავე, სასკ-ის 281 მუხლის მიხედვით, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსს, მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და დაეხმაროს მოსარჩელეს მიზნის შესაბამისად მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა ინტერესს შეადგენს სადავო რეგისტრაციების არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ, მხოლოდ მესამე პირთა საკადასტრო საზღვრებში საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში ბათილად ცნობა, სახეზეა მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევას მნიშვნელობა აქვს დავაზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, განჩინება არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს, განჩინებაში არ არის გაცემული პასუხი სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე, განჩინების ძირითადი ნაწილი შეიცავს ნორმების ციტირებას და საქმის გარემოებების აღწერას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. სააპელაციო პალატის განჩინება ფაქტიურად არ შეიცავს დასაბუთებას. სსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება გადმოსცეს მოკლე დასაბუთება არ ნიშნავს მართლმსაჯულების ფორმალურ განხორციელებას, სსკ-ის 377.1 მუხლით განსაზღვრული სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციის უარყოფას, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში. აპელანტის პროცესუალური ვალდებულება დაასაბუთოს სააპელაციო საჩივარი (სსკ-ის 368.1 მუხ. "ე", "ვ" ქვპ.) შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის ზემდგომი ინსტანციის მიერ შეფასებაზე, არგუმენტირებულად მათ უარყოფაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, საჭიროა საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილად შემოწმება.
ამდენად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. თ-ის და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე