Facebook Twitter

№ბს-209-209 (კ-18) 09 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ა. თ-ი (მოსარჩელე, კასატორი), წარმომადგენელი გ. დ-ა

კასატორი - მ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - თ. დ-ი, ზ. ჩ-ი, ა. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

განმცხადებლის მოთხოვნა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. თ-მა და მ. ბ-მა 21.04.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2010წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.04.2016წ. N... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.10.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.05.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. გ-ი, თ. დ-ი და ზ. ჩ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. თ-ისა და მ. ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო მესამე პირთა წარდგენილ განცხადებებზე რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, შესაბამისად სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. თ-ისა და მ. ბ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს მიერ ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

08.09.2020წ. ა. თ-ის წარმომადგენელმა გ. დ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის შესახებ 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების (ს.კ. ...) მოქმედების შეჩერება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.4 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სასკ-ის 29.3 მუხლის თანახმად, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. მოცემულ შემთვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე არსებობს რეალური შესაძლებლობა მესაკუთრემ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც შეუძლებელს გახდის საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების რეალურ აღსრულებას და არსებითად დააზიანებს მოსარჩელეთა ქონებრივ ინტერესებს, ვინაიდან საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება ვერ შეეხება კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლებას. აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად არის ცნობილი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივისთვისაც მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, შუამდგომლობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი.

ადმინისტრაციული სამართლისთვის დამახასიათებელია სუსპენზიური ეფექტის, როგორც უფლების დაცვის პრევენციული საშუალების, არსებობა, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება, კერძოდ, გასაჩივრების შემდგომ, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ან სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლო წარმოებაში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამასთან, მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება. ყველა საგამონაკლისო შემთხვევაში საჯარო ინტერესების დაცვაა წინა პლანზე წამოწეული და სწორედ მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას. "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 29.4 მუხლის მიხედვით რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს მაინც შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანამდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს აქტის მოქმედების შეჩერების გამომრიცხავ შემთხვევებს, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს კონკრეტული საქმის გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა მხარის კანონიერი ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილების (ს.კ. ...) მოქმედების შეჩერებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 25.1 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება შეჩერდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებით თუ წარმოდგენილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სამართლებრივი აქტი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის წარმოება განპირობებულია მოსარჩელეთა ნაკვეთამდე მისასვლელი გზის მოწყობის ინტერესით. მოსარჩელე ითხოვს აქტების ბათილად ცნობას, სახეზეა შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.) და არა მავალებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) სარჩელი. მოსარჩელეთა მიზანია საერთო სარგებლობის გზის გამოთავისუფლება მესამე პირთა საკადასტრო საზღვრებიდან, შესაბამისად გასაჩივრებულია მესამე პირთა სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების წარმომშობი რეგისტრაციები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილება, შესაბამისად აღძრულია შეცილებითი სარჩელი სასკ-ის 22-ე მუხლის თანახმად და არა მავალებელი სარჩელი სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხორციელდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საფუძვლიანია შუამდგომლობის ავტორის მოტივაცია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საკასაციო სასამართლოს მიერ ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2017წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმეზე არ არის მიღებული არსებითი გადაწყვეტილება. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ქონებაზე დასადგენია მოსარჩელეთა უფლების არსებობა, მნიშვნელოვანია დავის დასრულებამდე ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების შენარჩუნება.

სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. თ-ის წარმომადგენლის გ. დ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილება (ს.კ. ...).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. თ-ის წარმომადგენლის გ. დ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 10.09.2015წ. N... გადაწყვეტილება (ს.კ. ...);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე