Facebook Twitter

ბს-571 (კ-19) 08 სექტემბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ნ-მა 03.02.2017წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ამავე კომისიის 18.11.2016წ. N10/194/2016წ. განკარგულებისა და N10 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.02.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 05.12.2017წ. გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.11.2016წ. N10/194/2016წ. განკარგულება და N10 სხდომის ოქმი, მოპასუხეს დაევალა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, სზაკ-ისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ა. ნ-ის 04.05.2015წ. N237 საკუთრების უფლების მოწმობის თაობაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას უნდა შეაფასოს არამარტო მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, არამედ საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოახდინოს ამ აქტებთან მიმართებით კანონიერი ნდობისა და კანონიერების პირინციპის შეფარდება, კერძოდ აღმჭურველი აქტით დაცული უფლებისა და ამ აქტის გაბათილებით ან გაუბათილებლობით მოსარჩელისა და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ აღიარების კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შეფასებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად განხორციელდა საკუთრების მოწმობის გაუქმება. კომისიამ 18.11.2016წ. სხდომაზე განიხილა 04.05.2015წ. N237 საკუთრების მოწმობის კანონიერების საკითხი. კომისიის მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ უძრავ ნივთზე განკარგული იყო საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, კერძოდ სოფელ ...ში მდებარე 728 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე განკარგული იყო საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთის გარეშე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.11 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი. მსგავს დათქმას შეიცავს საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი“. სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელეს ზემოაღნიშნული კანონმდებლობით. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული სასკ-ის 601 და 32-ე მუხლები. აღიარების კომისიის მიერ სადავო განკარგულების მიღებისას დაცული იყო როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერება, სადავო აქტის თანდართული ოქმი წარმოადგენდა მისი გამოცემის სრულყოფილ დასაბუთებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 04.05.2015წ. გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 1455 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 728 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ა. ნ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების N237 მოწმობა. ა. ნ-ის მიერ გადახდილ იქნა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურიც. საქმის მასალების მიხედვით 728 კვ.მ. შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა ტრაქტორების ყოფილ სარემონტო სახელოსნოს, რომელიც ირიცხებოდა შპს „...ის“ ბალანსზე და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 09.01.2003წ. წერილის თანახმად დაექვემდებარა ჩამოწერას. საქმეში დაცულია ასევე 17.03.2003წ. სალარო შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ნ-ის მიერ ამორტიზებული სარემონტო სახელოსნოს და ტრაქტორების ფარდულის შეძენის მიზნით გადახდილია 2500 ლარი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ა. ნ-ს, მისი 17.10.2014წ. განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა ინფორმაციას საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ უძრავი ნივთთან გადაფარვის შესახებ, აცნობა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი 1455 კვ.მ. უძრავი ნივთის ნაწილი ზედდებაში (გადაფარვაში) იყო ბაზაში დაუზუსტებელი ფართობით რეგისტრირებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან (ს.კ. ...), ხოლო ნაწილი არ იყო რეგისტრირებული, რის შემდეგაც ა. ნ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 1455 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმების მოთხოვნით, რომელმაც თავის მხრივ ა. ნ-ის განცხადება განსახილველად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა. აღიარების კომისიამ სადავო 18.11.2016წ. N10/194/2016წ. განკარგულებითა და N10 სხდომის ოქმით ბათილად ცნო ა. ნ-ისათვის მიწის ნაკვეთის აღიარების შესახებ კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება და გააუქმა 04.05.2015წ. ა. ნ-ის სახელზე გაცემული N237 საკუთრების უფლების მოწმობა.

კასატორი სადავო გადაწყვეტილებაში, ისევე როგორც საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) გასხვისებული იყო კომპეტენტური ორგანოს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) მიერ და ასეთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთიც უნდა განესაზღვრა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ქონების მმართველს, ანუ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის დაცული რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა კომპეტენტური ორგანოს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შენობა-ნაგებობის გასხვისების ფაქტი. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება შპს „...ასა“ და ა. ნ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ გამოყენების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიამ ისე გააუქმა ა. ნ-ის სახელზე 04.05.2015წ. გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, რომ არ უმსჯელია საკუთრების უფლების გაცემის სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ არ გამოუკვლევია რა პირობებში მოხდა ა. ნ-ზე საკუთრების უფლების აღიარება და რატომ ეწინააღმდეგებოდა იგი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ 04.05.2015წ. N237 საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის დროს დასაბუთების მაღალი სტანდარტი მოეთხოვება, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე