Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-636 (კ-20) 08 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2019წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2019წ განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.06.2018წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ვ-ემ.

საკასაციო სასამართლოს 31.07.2020წ. განჩინებით, სსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, რ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი რამოდენიმე საფუძვლით. კერძოდ, ვინაიდან არ დგინდებოდა საკასაციო საჩივრის სსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილ 21 დღიან ვადაში წარმოდგენა კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ფოსტისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე ვინაიდან საკასაციო საჩივარზე სსკ-ის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდილი არ იყო საკასაციო საჩივრის განხილვისთვის სახელმწიფო ბაჟი, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის (300 ლ.) გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს დაევალა აგრეთვე სსკ-ის 396.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერით საკასაციო საჩივრის შემოტანა, ვინაიდან საქმეში დაცული საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მისი შემომტანი პირის ხელმოწერას.

აღნიშნული რამოდენიმე ხარვეზის გამოსწორებისთვის კასატორს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 31.07.2020წ. განჩინება გაეგზავნა რ. ვ-ეს და 05.08.2020წ. ჩაბარდა გადასაცემად მის ოჯახის წევრს - შვილს ი. ვ-ეს (პ/ნ ...) (ს.ფ. 429). საკასაციო სასამართლოს 13.08.2020წ. განცხადებით მომართა ბ. რ-მა, როგორც რ. ვ-ის წარმომადგენელმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინებით კასატორისათვის დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოსწორდა დადგენილ ვადაში. კერძოდ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილით კასატორს ნათლად განემარტა საკასაციო საჩივარზე დადგენილი რამოდენიმე ხარვეზი, რომელთაგან არ გამოსწორდა საკასაციო საჩივრის ვადაში შემოტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის დავალების თაობაზე დადგენილი ხარვეზი, აგრეთვე წარმოდგენილი არ იქნა საკასაციო საჩივარი მისი შემომტანი პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი რ. ვ-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაბარდა 20.05.2020წ. (ს.ფ. 407), საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იქნა 11.06.2020წ. (ს.ფ. 408), სსსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი ვადის გადაცილებით. რ. ვ-ის მიერ საკასაციო საჩივრის ვადის დარღვევით შემოტანის გამო იმთავითვე არსებობდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ხარვეზი, რათა მხარეს მისცემოდა დამატებითი შესაძლებლობა დაედასტურებინა საკასაციო საჩივრის ვადაში შემოტანა. კასატორის მიერ ამგვარი დოკუმენტი არ წარმოდგენილა.

გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი საკასაციო სასამართლოში შემოტანილი იქნა არაუფლებამოსილი პირის - ბ. რ-ის მიერ. კერძოდ, რ. ვ-ის მიერ ბ. რ-ის მიმართ გაცემული მინდობილობის თანახმად ბ. რ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა 2020 წლის 27 ივნისის ჩათვლით (ტ.1.ს.ფ. 216-218), მის მიერ განცხადების შემოტანის დროისთვის - 13.08.2020წ., ბ. რ-ი არ იყო უფლებამოსილი რ. ვ-ის სახელით განცხადების შემოტანაზე.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ვინაიდან კასატორის მიერ არ გამოსწორდა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სკ-ის 396.3 მუხლის თანახმად არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2019წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. ი. ვ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ რ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე 06.08.2020წ. №24016907 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე