Facebook Twitter

საქმე ბს-748 (გ-19) 26 თებერვალი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 03.04.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,...ის’’ მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 3 548 251 აშშ დოლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.2014წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 15.04.2015წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ დავა დაკავშირებულია კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების შესრულებასთან. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს ,,...ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 99.449%-ის შესყიდვა. შპს ,,...მა” იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით საპრივატიზებო თანხის გადახდის, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებაზე რიცხული კრედიტორული დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის, ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების, საზოგადოების კუთვნილ შენობა-ნაგებობებში განთავსებული დევნილებისათვის, მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ფართობის შეთავაზების ან კომპენსაციით დაკმაყოფილების ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, დაედასტურებინა საკუთრების უფლება გამოსყიდულ ქონებაზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების პირობით. ხელშეკრულებით განიკარგა სააქციო საზოგადოების აქციათა პაკეტი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.2011წ. №ბს-733-727(გ-11) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონი არ არის კომპლექსური, კერძო და საჯარო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებისაგან შემდგარი აქტი, ის არის მხოლოდ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტი, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო კერძო სამართლის იურიდიულ პირად მონაწილეობს, იგი შპს-ში პარტნიორი, ხოლო სს-ში აქციონერის სახით მონაწილეობს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასრულებს არა საჯარო უფლებამოსილებას, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორს, გამოდის პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში კერძო სამართლის სუბიექტის სახით და როგორც პარტნიორი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად უნდა გადასცემოდა სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.12.2015წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შპს ,,...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 100 360,45 აშშ დოლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.12.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობაზე, აპელანტმა აგრეთვე სადავო გახადა განსჯადობის საკითხიც.

საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმე ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას, რამდენადაც დავა წარმოშობილია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და მხარეთა შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება. გარიგებიდან გამომდინარე სახელმწიფო საჯარო ინტერესს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების საჯარო მიზანი შეადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.19წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, სასკ-ის 2.1 და 26-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებზე სამართლებრივი დაფუძნება, ანუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარე აუცილებლად უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. მოსარჩელე მხარეა ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნაა - მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 354 8251 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და შპს ,,...ს" შორის 04.09.2008წ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს ,,...ის“ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შპს ,,...ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 23.07.2008 წ. N517 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 30.07.2008წ. N1-1/1574 ბრძანების საფუძველზე. სწორედ ზემოაღნიშნული კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრა ნასყიდობის საგანი და მისი საპრივატიზებო პირობები, კერძოდ, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა და მათ შორის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო და მისი გადახდის წესი, ადმინისტრაციული კანონმდებლობით განისაზღვრა. შესაბამისად, დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და არა სამოქალაქო კანონმდებლობიდან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადად მიიჩნია, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით საქმე განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის კატეგორიას, რის გამოც სახეზეა დავა განსჯადობის თაობაზე, რის გამოც განსჯადობის საკითხზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას, შესაბამისად უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. სსკ-ის 11.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. სასკ-ის 2.3 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

კონკრეტული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმისადმი კუთვნილების მაჩვენებელია სადავო ურთიერთობებში ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა, სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობა და ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, დავის განსჯადობის გადაწყვეტა საჭიროებს ამ ხელშეკრულების ბუნების გარკვევას, რადგანაც სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. სზაკ-ის 65.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით, ხოლო სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული სამოქალაქო - სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 23.07.2008წ. #517 განკარგულებით შპს „...ის“ აქციათა პაკეტის 99.449% პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა შპს „...ს“ (ტ.1.ს.ფ.15-16). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და შპს „...ს“ შორის 04.09.2008წ. გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ. 21), შემდგომში მხარეთა შორის გაფორმდა 19.07.2011წ. და 18.11.2011წ. ხელშეკრულებები 04.09.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ტ.1.ს.ფ.35-38, 43-45). აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2012-2013 წლებში არაერთი წერილით მიმართა შპს „...ს“ (ტ.1.ს.ფ.48-49, 50-52). ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ნაწილი შპს „...ის“ მიერ აღიარებულია (ტ.1.ს.ფ.58-61). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონის 2.1 მუხლის მიხედვით, არის ადმინისტრაციული ორგანო. მაშასადამე, სახელმწიფო პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი ხმარე, მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითადი მახასიათებელია ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი მაშინაა სახეზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მისთვის კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უკანასკნელის შესრულების მიზნით. ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა, პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციათა რიგს განეკუთვნება, ამდენად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს მისთვის კანონით დადგენილ საჯარო უფლებამოსილებას და აქედან გამომდინარე, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება. შპს-სთან ხელშეკრულების დადებისას სააგენტო ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, ხელშეკრულება დაიდო საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტია. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა პრივატიზების გზით, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა ანუ პრივატიზაცია სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. საერთო წესის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვს ორგანოსთვის კანონმდებლობით მოწესრიგებულ უფლებამოსილებათა კომპლექსის რეალიზაციას. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას სახელმწიფო ცალმხრივად ადგენს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებს, მაშინაც კი როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ინიცირება ხდება დაინტერესებული პირისაგან, რაც განაპირობებს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დომინირებულ მდგომარეობას და დამატებით ადასტურებს ურთიერთობის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ადმინისტრაციული განსჯადობის დასადგენად, ყველა სხვა ელემენტთან ერთად, უნდა განისაზღვროს თავად ხელშეკრულების მატერიალურ-სამართლებრივი ბუნება, ხელშეკრულება უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულება იდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს ხელშეკრულების საპრივატიზებო პირობების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის დამაგვირგვინებელი ეტაპია პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადება, თუმცა ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს (ობიექტის პრივატიზების ფორმების შესახებ), ახორციელებს საჯარო მოქმედებებს (რეალაქტებს) (მაგ. განცხადებების მიღება, შედეგების შეჯამება, ობიექტის გადაცემა და სხვ.).

"სახელმწიფო ქონების შესახებ" 21.07.10წ. კანონის 47.5 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი. ხელშეკრულების დადების დროისთვის მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პრივატიზების დეფინიციის თანახმად, პრივატიზება არის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა (ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის სახელმწიფო ქონებაზე ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონით, პირდაპირი მიყიდვით ან ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმებით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით გათვალისწინებული წესით). საფუძველს არის მოკლებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა კოლეგიის 15.04.15წ. განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავა უკავშირდება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების შესრულებას, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოშობილია არა "მეწარმეთა შესახებ" კანონიდან, რომელსაც უთითებს თავის განჩინებაში საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, არამედ საპრივატიზაციო კანონმდებლობიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის სამოქალაქო საქმეთა კატეგორიისადმი კუთვნილებას არ ადასტურებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითება სუს 12.10.12წ. Nბს-733-727(გ-11) განჩინებაზე, რომლითაც "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების სახელმწიფოსთვის დაკისრების შესახებ დავის განსჯადობის საკითხი გადაწყდა. აღნიშნულ დავაში სახელმწიფო კორპორატიულ ურთიერთობაში გამოდიოდა, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, დამფუძნებელი პარტნიორი, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო გამოდის არა კორპორატიულ ანუ კერძო-სამართლებრივ, არამედ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში, რომელშიც ის მოქმედებს როგორც საჯარო კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილებით აღჭურვილი საჯარო პირი. პრივატიზება არის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფოს ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" კანონის და არა "მეწარმეთა შესახებ" კანონის საფუძველზე. განსახილველი დავა არ უკავშირდება კორპორატიულ ურთიერთობებს, ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, აგრეთვე ამჟამად მოქმედი "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის "გ"ქვეპუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვა წარმოადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფორმას. ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.09.07წ. N1-1/1415 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანს შეადგენდა საკუთრების უფლების გადაცემა იმ მყიდველისთვის, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებდა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი ("სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" კანონის მე-6 მუხ. მე-5 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული აქტის - „სახელმწიფო ქონების შპს „...ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 23.07.2008წ. №517 განკარგულების გამოცემა. თავად ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი მხარეებს შორის გაფორმდა „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ“ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 23.07.2008წ. N517 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 30.07.2008წ. N1-1/1574 ბრძანების საფუძველზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კანონმდებლობა ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია, რომლითაც წესრიგდება სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ურთიერთობები. ამდენად, ხელშეკრულება ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ წარმოებას. ვინაიდან ხელშეკრულება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე იდება, სახეზეა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა, სახეზეა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი დავა, ხოლო პრივატიზების ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები საერთო სასამართლოების მიერ განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251.2 მუხ.). მართალია დავის საგანია - მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ თავად ნასყიდობის ხელშეკრულებით ხდება სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რაც მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის ადმინისტრაციულ ხასიათს განაპირობებს. სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის, 251 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება.

პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული მოთხოვნის ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალება, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება (სკ-ის 405-ე მუხ.), აღნიშნული არ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დავის განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით. განსახილველი დავის შინაარსს არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლიანობას ასაბუთებს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი დასაბუთება არ ზღუდავს სასამართლოს განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტაში. ამასთანავე, სასამართლო კომპეტენციის სისრულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს ძალუძს გაერკვეს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დავის გადაწყვეტისას გამოიყენოს არამხოლოდ საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმები, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავა კომპლექსური ხასიათისაა და საჯარო-სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეიცავს დამატებით კერძო-სამართლებრივი რეგულაციის ელემენტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად საქართველოში მოქმედებს ერთიანი სასამართლო სისტემა. მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. მთავარი საკითხის გადამწყვეტ მოსამართლეს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკითხთა მთელი ერთობლიობა. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული საკითხები ზოგადად სამოქალაქო, კერძო სამართლის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს, არ ქმნის განსჯადობის საქმის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარების საფუძველს, რადგან თავად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რომელიც საჯარო კანონმდებლობით მოწესრიგებას მოითხოვს. სწორედ ხელშეკრულების საგანი, მისი დადების საფუძვლები, მიზანი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად უფლება-მოვალეობათა შინაარსი განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის საგნობრივ განსჯადობას.

ამდენად, სასკ-ის 251, 26.3 მუხლების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 251, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს ,,...ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი