Facebook Twitter

საქმე №ბს-200(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - შპს „ ...“

მოპასუხე - შპს „ს...ა“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...-ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 5 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - შპს „ს...ისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, შპს „ს...ის“ 2018 წლის 1 ნოემბრის №1/02-2272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 ნოემბრის №1/04-16-11146 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შპს „ს...ისათვის“ შპს „...-ის“ კუთვნილი ობიექტის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების (შეჭრის) სამუშაოების განხორციელების დავალების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელე შპს „...-ის“ სარჩელი, მოპასუხე შპს „ს...ის“ მიმართ, შპს „ს...ის“ 2018 წლის 1 ნოემბრის №1/02-2272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს და სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე შპს ს...ის 2018 წლის პირველი ნოემბრის №1/02-2272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს ს...ისთვის დავალება, განახორცილოს შპს „...-ის“ კუთვნილი ობიექტის მარეგულირებელი გაზსადენის სისტემის მიერთების სამუშაოები. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი დავის შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. კერძოდ, დავის საგანი ეფუძნება სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებულ ურთიერთობებს, მოპასუხე მხარეს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი. ამდენად, არ არსებობს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის წინაპირობები. წარმოდგენილი სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით მოცემული დავა ატარებს არა საჯარო სამართლებრივ, არამედ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები. ადმინისტრაციული კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან, ამკვიდრებს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშნელოვან განსჯადობის პრინციპს. როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვექნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე „ა“ მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესის შესაბამისად, არის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადასცემოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას და 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებზე. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საერთო სასამართლომ განიხილოს და გადაწყვიტოს დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს სამართლებრივად მნიშვნელოვანი ორი კომპონენტი: 1) დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს და 2) ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (სამართალსუბიექტობის პრინციპი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: მოპასუხე - შპს „ს...ის“ 2018 წლის 1 ნოემბრის №1/02-2272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „ს...ისთვის“ შპს „...-ის“ კუთვნილი ობიექტის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების (შეჭრის) სამუშაოების განხორციელების დავალება. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ უარი ეთქვა მისი კუთვნილი ობიექტის მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, მსჯელობის საგანია შპს „ს...ა“ სადავო საკითხის გადაწყვეტისას წარმოადგენდა თუ არა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოს. შპს „ს...ა“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან www.reestri.gov.ge). მისი საქმიანობის ძირითადი მისია და სტრატეგიაა: საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება; ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ტრანზიტის უზრუნველყოფა; ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის მოვლა-პატრონობა და მისი გაუმჯობესება; გაზის ტრანსპორტირების სისტემის მართვა და გაზის რეჟიმების რეგულირება; გამართული და მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას ქვეყნის მოსახლეობისათვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური დეფინიცია ორი ნაწილისაგან შედგება: დეფინიციის პირველი ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ცნებას - ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და დაწესებულებებს. ხოლო, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომელიც ცნების მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. „ნებისმიერი სხვა პირი“ გულისხმობს იმ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა კანონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოს ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა. შპს „ს...ა“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 10/12/2009წ. №21/0 გადაწყვეტილებით გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (სერია 22, №004) საფუძველზე და აქედან გამომდინარე, იგი ითვლება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულირებად საწარმოდ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ს...ა“ თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური ექსპლუატაციის“, „მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო ექსპლუატაციის“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის“ წესებით.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. 1.11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ეს კანონი ვრცელდება ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე. ამასთან, „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილების დანართი №1-ის 1.1. პუნქტის თანახმად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები“ ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაბამისი კანონის საფუძველზე არ წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას და განსაზღვრავს აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 1.3. პუნქტის თანახმად კი, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმებას, ასევე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენებას. ამავე დადგენილების დანართი №2-ის 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, ლიცენზირების წესები ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტისთვის, მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიების გაცემას, მათში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას, ასევე სალიცენზიო პირობების განსაზღვრასა და მათი შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დადგენილების 1.5. პუნქტის თანახმად კი, კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიით რეგულირების მიზანი და ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; ბ) ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; გ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. დადგენილების 2.1. პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში კომისიის მიერ გაიცემა შემდეგი სახის საქმიანობის ლიცენზიები: ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია; ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 2012 წლიდან შპს „ს...ამ“ დაიწყო გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომლის ფარგლებში დღემდე 107000-ზე მეტ აბონენტს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა (იხ. საქართველოს მთავრობის 12.04.2012წ. №684, 12.04.2012წ. №684, 16.08.2013წ. №1067, 16.09.2013წ. №1352, 16.07.2014წ. №1256 განკარგულება და მისთ.). ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ს...ა“ შექმნილია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური დეფინიციის შესაბამისად, სასამართლო დასაბუთებულად ვარაუდობს, რომ იგი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, ვინაიდან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და მისი მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს მმართველობით - საჯარო სამართლებრივ ფუნქციას. სახელმწიფო ამ ფუნქციას ახორციელებს კერძო სამართლებრივი ფორმით. თუმცა, აღნიშნული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და სამართალსუბიექტობის ზუსტად დადგენა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მმართველობის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობის, მათ მიერ მმართველობითი ფუნქციების განხორციელებისა და ადმინისტრაციულ წარმოების საკითხებს აწესრიგებს სამართლის ის ნორმები, რომლებსაც აერთიანებს ადმინისტრაციული სამართალი. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსა და საჯარო უფლებამოსილების ცნების განსაზღვრა და შესაბამისად, კონკრეტული სუბიექტის სამართალსუბიექტობის დადგენა უნდა მოხდეს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის შესაბამისად.

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ს...ა“ ახორციელებს თუ არა საჯარო უფლებამოსილებას და აქვს თუ არა დელეგირებული ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილებები უნდა იქნეს გამორკვეული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, თუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან სხვა საჯარო სამართლის წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს შპს „ს...ის“ 2018 წლის 1 ნოემბრის №1/02-2272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამასთან, აღნიშნული წერილით, როგორც სარჩელიდან ირკვევა შპს „...-ს“ უარი ეთქვა ტექნიკური პირობის გაცემასა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთებაზე. შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს მითითებული „გადაწყვეტილების“ სამართლებრივი ხასიათი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეს არის – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სადავო ურთიერთობა, კერძოდ - ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთება, რეგულირდება „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერი №114 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანების მე-9 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად, ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზით მომარაგება ან მომარაგების შეწყვეტა განეკუთვნება მხოლოდ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის უფლებამოსილებას. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზით მომარაგებამდე ვალდებულია მოთხოვოს განაწილების ლიცენზიატს ან პირდაპირ მომხმარებელს, სისტემასთან მიერთების და აღრიცხვის კვანძის ტექნიკური მდგომარეობის გამართულობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს მიერთებაზე, თუ განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელთან (სისტემასთან) მიერთება აშკარა უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთო სისტემაზე ან/და შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება სხვა მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს უარი განაცხადოს მიერთებაზე იმ მოტივით, რომ ტრანსპორტირების სისტემასთან განაცხადში მითითებულ სავარაუდო მიერთების წერტილთან უკვე არსებობს ტრანსპორტირების ქსელთან მიერთება ან სხვა ბუნებრივი გაზის ქსელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს განაცხადით მოთხოვნილი პირობები. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის უარი უნდა იყოს დასაბუთებული. სწორედ ზემოთ დასახელებული ბრძანების საფუძველზე იქნა შემოწმებული და უარყოფილი შპს „...-ის“ მოთხოვნა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების თაობაზე ტექნიკური პირობის გაცემის შესახებ. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთების პროცედურები განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით“. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების საკითხი ასევე რეგულირდება „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღძრული სარჩელის განხილვისას ადმინისტრაციულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს რამდენად სწორად ეთქვა მოსარჩელეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთების შესახებ ტექნიკური პირობის გაცემაზე უარი და აღნიშნულის შემდგომ უნდა გადაწყდეს მოპასუხისათვის შპს „...-ის“ კუთვნილი ობიექტის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების სამუშაოების განხორციელების დავალების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა. შესაბამისად, ვინაიდან ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ცნების ლეგალური დეფინიცია ადმინისტრაციული სამართლითაა განსაზღვრული, აღნიშნულ შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საგანია სადავო „გადაწყვეტილების“ სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, წარმოადგენს თუ არა სადავო „გადაწყვეტილება“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - შპს „ს...ისათვის“ შპს „...-ის“ კუთვნილი ობიექტის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების (შეჭრის) სამუშაოების განხორციელების დავალება. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა, ტექნიკური პირობის გაცემის შემდგომ, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ობიექტის მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხესთან კონტრაჰირების იძულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაჰენტი (მხარე) და განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი. თუმცა, სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. იძულებით კონტრაჰირებას კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ამგვარ იძულებას ბაზარზე პირის დომინირებულ მდგომარეობას და მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირებს. კანონმდებლის მიზანი სუსტი მხარის-მომხმარებლის დაცვაა, რომლის ინტერესები შეიძლება არსებითად შეილახოს, ამით კი ნორმა სამართლის სოციალურ ფუნქციას ეხმიანება. სხვა შემთხვევაში, მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და სრულად მხარის ნებაზეა დამოკიდებული ხელშეკრულების დადების საკითხი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობებს, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა ზემოაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, ამიტომ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო ნორმა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოთა შორის დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხლი). კანონიერი სასამართლოს უფლება კი, სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებს. განსახილველი დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს მოსარჩელესა და შპს „ს...ას“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ამგვარად, იმისათვის, რომ საერთო სასამართლომ განიხილოს და გადაწყვიტოს დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, აუცილებელია, რომ ერთდროულად არსებობდეს სამართლებრივად მნიშვნელოვანი ორი კომპონენტი: 1) დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს და 2) ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (სამართალსუბიექტობის პრინციპი).

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს „...-ის“ სარჩელი კუთვნილი ობიექტის მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2018 წლის 1 ნოემბრის №1/02-2272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების (შეჭრის) სამუშაოების განხორციელებაზე ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელიც არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას მითითებული დავის საგნის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად მიჩნევის შესახებ. სასამართლოებს შორის საგნობრივი დავის წარმოშობა უკავშირდება მოპასუხედ დასახელებული კერძო სამართლის სუბიექტის შპს „ს...ის“ მიმართ არსებულ მოთხოვნას. თუმცა, საკასაციო პალატა იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ აღნიშნული არ ცვლის დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის განსჯადობას, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის განსჯადობას განაპირობებს არა მოპასუხის კერძო სამართლის იურიდიულ პირის სტატუსი, არამედ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...-ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელი ასევე შეიცავს მოთხოვნას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ 2018 წლის 13 ნოემბრის №1/04-16-11146 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შპს „ს...ისათვის“ მოსარჩელის კუთვნილი ობიექტის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების (შეჭრის) სამუშაოების განხორციელების დავალების შესახებ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ს...ის“ მიმართ სასარჩელო მოთხოვნების ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან შპს „ს...ა“ უფლებამოსილებას ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კომისიის მიერ უვადოდ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება წარმოადგენს ექსკლუზიურ საქმიანობას, რომლის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება აკრძალულია.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით. ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთების პროცედურები განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით“. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში: ა) განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის მოთხოვნები; ბ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა; გ) შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის; დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

განსახილველ შემთხვევაში შპს „ს...ის“ მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად არ უნდა მოხდეს იმ მომხმარებლის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება, რომელთა მომსახურებაც შეუძლია ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესი, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნებით არის მის საკუთრებაში არსებული ობიექტის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება, რომლის გადაწყვეტის წესს ადგენდა სადავო პერიოდში მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების XIV თავი ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების პროცედურებს, ხოლო ამავე თავში შემავალი 70-ე მუხლით დადგენილია მიერთების განაცხადის განხილვის წესი, 71-ე მუხლით კი, გათვალისწინებულია ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამგვარად, დავის გადაწყვეტისთვის საჭიროა შპს „ ...-ის“ კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საჯარო უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე გამოცემულ ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის დადგენა, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს. ასევე საგულისხმოა, რომ საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია საჯარო სამართლებრივი ბუნების მქონე დავისგან ცალკე წარმოებად საქმის გამოყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ შესაძლოა დავა მოიცავდეს ასევე კერძო სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ რამდენიმე ნიშანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „...-ის“ სარჩელის გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო (ადმინისტრაციული) ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, რის გამოც სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...-ის“ სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე