საქმე №ბს-295(გ-20) 24 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა გ. რ-ის საჩივართან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 11 დეკემბერს გ. რ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითრისა და MIA 3 19 03259964, 5/12/2019 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გ. რ-ე საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს იმ ადგილის მიხედვითაც, სადაც ცხოვრობს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითრის თანახმად, გ. რ-ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოცემული №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითარი 2019 წლის 22 ნოემბერს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გაასაჩივრა გ. რ-ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის MIA 3 19 03259964, 5/12/2019 დადგენილებით, გ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით, გ. რ-ის საჩივარი №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითრისა და MIA 3 19 03259964, 5/12/2019 დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განჩინებით, გ. რ-ის საჩივარი №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითრისა და MIA 3 19 03259964, 5/12/2019 დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვანაიდან სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი და მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს საქმის განსახილველად სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით გადაგზავნაზე, საქმე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 აპრილის დადგენილებით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.
წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითრისა და MIA 3 19 03259964, 5/12/2019 დადგენილების ბათილად ცნობა. ამასთან, დადგენილია, რომ გ. რ-ის მიმართ გამოწერილი №..., 19/11/2019 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ქ. თბილისში, ხოლო გ. რ-ის საცხოვრებელი ადგილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვიტირი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, კანონმდებლობა 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 125-ე მუხლი, გ. რ-ის საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვიტირი. მან საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, გ. რ-ე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეების კატეგორიას. აღნიშნული მუხლის თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების შემოწმება მიეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგანია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის №..., 19/11/2019 საჯარიმო ქვითრისა და MIA 3 19 03259964, 5/12/2019 დადგენილების კანონიერების შემოწმება, რომელიც ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეების კატეგორიას განეკუთვნება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.
,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 გადაწყვეტილების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 3 მოსამართლით, რომელთაგან, აღნიშნული პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი, მე-2 და 261-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. რ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე