საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-66(კ-20) 23 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორები (მოსარჩელეები) - ნ. ტ-ე, ლ. კ-ე, ლ. შ-ე
წარმომადგენელი - თ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ს. ლ-ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლით) - ა. ნ-ი
წარმომადგენელი - მ. დ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2019წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
13.05.2016წ. ნ. ტ-ემ, ლ. კ-ემ და ლ. შ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიურო მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 07.04.2016წ. N1462 ბრძანების ბათილად ცნობა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 18.07.2003წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით აღსრულების დავალება.
მოსარჩელეთა განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული 18.07.2003წ. N2/1431 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, მოვალეებს - ა. ნ-ს და რ. ხ-ს, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და ლ. შ-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 18 810 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, ვალის დაფარვის ანგარიშში იძულებით აუქციონზე რეალიზაციას ექვემდებარებოდა იპოთეკის საგანი - თბილისში, ...ას შეს. N...-ში მდებარე ბინა, წილობრივი მონაცემებით - .... სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად წარედგინა 22.08.2003წ., რის საფუძველზეც, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N... განკარგულებით, რ. ხ-ისა და ა. ნ-ის სახელზე რიცხული ბინის მესაკუთრეები გახდნენ კრედიტორები, შესაბამისად, მოვალეების ნაცვლად, კრედიტორები აღირიცხნენ უძრავი ქონების მესაკუთრეებად, რაზეც გაცემულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ხ-ისა და ა. ნ-ის სარჩელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N... განკარგულება. აღნიშნული განკარგულება შევიდა კანონიერ ძალაში, თუმცა მისი აღსრულებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, რ. ხ-ს და ა. ნ-ს 2014 წლის 11 დეკემბრამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში არ წარუდგენიათ. შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილება სრულად აღსრულდა 12.03.2015წ. - თბილისში, ...ას შეს. N...-ში მდებარე უძრავი ნივთის ... წილზე დარეგისტრირდა მესამე პირთა საკუთრება და აღდგა ამ უძრავ ნივთზე 29.07.2002წ. გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკარებად კვლავ დარეგისტრირდნენ მოსარჩელეები.
მოსარჩელეთა განმარტებით, ვინაიდან თბილისის სააღსრულებო ბიურო არ აგრძელებდა აღსრულებას მათზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 03.06.2015წ. განცხადებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 06.10.2003წ. N... განკარგულებით დასრულებული საქმის წარმოების მასალების გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულის პასუხად ეცნობათ, რომ წარმოების მასალები აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივის მასალებში არ იძებნება, თუმცა რეალურად, წარმოების მასალა სამსახურში დაცულია. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ვინაიდან თბილისის სააღსრულებო ბიურომ არაჯეროვნად აღასრულა სააღსრულებო ფურცელი, აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ არ გააგრძელა აღსრულება და ამჟამად უარს აცხადებს აღსრულებაზე ხანდაზმულობის მოტივით, მათ მიადგათ ზიანი და იძულებულნი არიან, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიმართონ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.09.2016წ. საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. ნ-ი და რ. ხ-ი. ამავე სასამართლოს 17.03.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სასამართლოს 17.03.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინებით ა. ნ-ი ცნობილ იქნა გარდაცვლილი რ. ხ-ის უფლებამონაცვლედ. ამავე 11.07.2019წ. განჩინებით ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.2017წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილებით ა. ნ-ს და რ. ხ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ლ. კ-ის სასარგებლოდ 8098 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (აქედან 4800 ძირითადი თანხა, 288 პროცენტი, 3010 პირგასამტეხლო), ნ. ტ-ის სასარგებლოდ - 7507 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (აქედან 4450 ძირითადი თანხა, 267 პროცენტი, 2790 პირგასამტეხლო) და ლ. შ-ის სასარგებლოდ - 3205 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (1900 ძირითადი თანხა, 114 პროცენტი, 1191 პირგასამტეხლო) გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვალის დაფარვის ანგარიშში, საჭიროების შემთხვევაში, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეოდა იპოთეკის საგანი - თბილისში, ...ას შესახვევ N...-ში მდებარე ბინა, წილობრივი მონაცემებით-.... აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 18.07.2003წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული პირველი საჯარო აუქციონის შედეგად, 06.10.2003წ. N... განკარგულებით, რ. ხ-ისა და ა. ნ-ის სახელზე რიცხული, თბილისში, ...ას შესახვევ N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ლიტ. „ა“, ძირითადი ფართი ... კვ.მ) მესაკუთრეები გახდნენ ლ. კ-ე, ნ. ტ-ე და ლ. შ-ე. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ლ. კ-ე, ნ. ტ-ე და ლ. შ-ე დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრეებად.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N01/14126 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.11.2005წ. N104320-05 მიმართვით, საჭიროების გასვლის შემდეგ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაუბრუნდა N01/03-01-5611 სააღსრულებო წარმოების მასალები (კრედიტორები: ლ. კ-ე, ნ. ტ-ე, ლ. შ-ე; მოვალეები: რ. ხ-ი და ა. ნ-ი). აღნიშნული წერილი 08.11.2005წ. ჩაბარდა სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის თანამშრომელს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2014წ. N... გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და ლ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თბილისში, ...ას შესახვევ N...-ში მდებარე ბინაზე (ლიტ. „ა“, წილობრივი მონაცემები ...). რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.01.2015წ. N... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ ბინაზე დარეგისტრირდა რ. ხ-ისა და ა. ნ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი: 25.02.1999წ. დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2015წ. N... გადაწყვეტილების შესაბამისად, ხსენებულ უძრავ ქონებაზე რ. ხ-ისა და ა. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, რეგისტრირებულ მონაცემებში აისახა იპოთეკის უფლება (საფუძველი: 29.07.2002წ. გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება).
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 01.03.2016წ. N2099 წერილით კრედიტორების: ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის რწმუნებულს ეცნობა, რომ ვინაიდან გასულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებითი აღსრულების გატარების - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, არ არსებობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. N2/1431 გადაწყვეტილების ხელახლა აღსრულებისათვის საქმის განახლების სამართლებრივი წინაპიროებები. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 07.04.2016წ. N1462 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის საჩივარი, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 01.03.2016წ. N2099 წერილის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების განახლების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული კანონის 20.1 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, ხოლო 20.2 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადება და სააღსრულებო ფურცელი. ამავე კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენილია იძულებით ღონისძიებათა აღსრულების წესი, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ აღასრულებს. ამასთანავე, უფლების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილია ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ათავისუფლებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვალდებულებისგან. ამგვარი უფლების ხანდაზმულობა მოსარჩელეს ართმევს უფლებას, მოითხოვოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პროცედურის შესაბამისად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N... განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ არ დაწყებულა, მოპასუხის მხრიდან დაუშვებელი იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გამოყენება. სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N... განკარგულების ბათილად ცნობით, გაბათილებული განკარგულების შედეგები სამართლებრივად გაუქმდა, შესაბამისად, კვლავ აღსასრულებელი იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება, თანხის გადახდევინების თაობაზე. ამ პირობებში, კვლავ კრედიტორებს დარჩათ ექსკლუზიური უფლებამოსილება, მოეთხოვათ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება, თუმცა აღნიშნული კრედიტორებს არ განუხორციელებიათ, საქმეს არ ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ კრედიტორებმა დადგენილ ვადაში მიმართეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, აღსრულების გაგრძელების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, იძულებით აღსასრულებლად მიქცეული ბინა (მდებარე: თბილისში, ...ას შესახვევი N..., ლიტ „ა“, წილობრივი მონაცემები ...), თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N... განკარგულების საფუძველზე, 2003 წლიდან საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და ლ. შ-ის საკუთრებად. ამდენად, აღნიშნული პირები, როგორც კრედიტორები, არ იყვნენ შეზღუდულები, წარდგენილი სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თავად წარედგინათ საჯარო რეესტრში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N... განკარგულება. ამგვარად, კრედიტორები ხელს შეუწყობდნენ იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, 2003 წლის 22 აგვისტოდან 10 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2/1431 გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ტ-ემ, ლ. კ-ემ და ლ. შ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 142-ე, 121-ე, 131-ე, 135-ე, 138-ე მუხლები, არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34.1 მუხლის „ე“, „კ“ ქვეპუნქტები, გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, განჩინების გაუქმებისა საფუძველია. კასატორები მიიჩნევენ, რომ მათი საკასაციო საჩივარი დასაშვებია ასკ-ის 34.3 მუხლის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას: უნდა განისაზღვროს აღსასრულებელი გადაწყვეტილების ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34.1 მუხლის „ე“, „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. მითითებული ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის საკითხებზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორები მიიჩნევენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 18.07.2003წ. გაცემული 2/1431 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. კასატორები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ხოლო “კ„ ქვეპუნქტების თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი. კასატორები მიუთითებენ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონი, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად, პირველ შემთხვევაში ზოგადად ადგენს „იძულებითი აღსრულების“ დაწყების მომენტს, ხოლო მეორე შემთხვევაში, მიუთითებს სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტზე. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორებს თავიანთი უფლების დარღვევის შესახებ საჯარო რეესტრის მეშვეობით შეეძლოთ შეეტყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალეებმა ნაწილობრივ აღასრულეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. სასამართლო გადაწყვეტილება, 2014 წლის 11 დეკემბერს. სწორედ ამ დროს გაუქმდა ადრე არსებული კრედიტორების რეგისტრაცია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, რ. ხ-ისა და ა. ნ-ის რეგისტრაციის აღდგენას და იპოთეკის უფლების აღდგენას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გამო, ლ. კ-ეს, ნ. ტ-ეს და ლ. შ-ეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნის რეალიზაციის უფლება სრულად მიეცათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იპოთეკით დატვირთულ ნივთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერით აღდგა რ. ხ-ისა და ა. ნ-ის საკუთრების უფლება. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მიზნებისათვის, მათი მოთხოვნის წარმოშობის მომენტად, აღმასრულებლის 06.10.2003წ. ... განკარგულების ბათილად ცნობის შემდგომ, ითვლება დრო 2015 წლის 12 მარტიდან. აღნიშნულ არგუმენტაციას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განახლების მოთხოვნას კრედიტორები რეალურად ვერ განახორციელებდნენ 2015 წლის 12 მარტამდე, ვინაიდან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 18.07.2003წ. 2/1431 სააღსრულებო ფურცლისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N01/14–126 განკარგულების საფუძველზე, ისინი ისედაც აღრიცხულნი იყვნენ უძრავი ნივთის მესაკუთრეებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უფლება აღსრულებაზე რეალიზებული იყო, ანუ ასეთი უფლების დარღვევას მათ მიმართ ადგილი ფაქტობრივად არ ჰქონდა, ხოლო სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N01/14126 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ რ. ხ-ისა და ა. ნ-ის სასარგებლოდ 21.05.2004წ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრეროგატივა და საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის გაუქმების უფლება მინიჭებული ჰქონდათ ამ საქმეში რ. ხ-სა და ა. ნ-ს, რომლებმაც ეს უფლება სრულად და კანონიერად 2015 წლის 12 მარტამდე არ განახორციელეს.
კასატორების განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განახლების უფლება („მოთხოვნის უფლება") წარმოიშვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რ. ხ-ისა და ა. ნ-ის მიერ აღსრულებულ იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. 01/14–126 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 2015 წლის 12 მარტამდე, თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 18.07.2003წ. 2/1431 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო.
კასატორების განმარტებით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით აუქციონის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, აღსრულების ბიურომ კი რეაგირება არ მოახდინა მათ განცხადებებზე, აღსრულების განახლების შესახებ და აღსრულების მიზნით არც ხელახალი აუქციონი დანიშნა. სწორედ ამიტომ, კრედიტორები იძულებულნი გახდნენ, 16.12.2005წ. ადმინისტრაციული სარჩელი შეეტანათ სასამართლოში, მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2005წ. განჩინებით სარჩელზე დადგინდა ხარვეზი, ხოლო შემდგომში, საქმეს მსვლელობა არ მოჰყოლია.
კასატორები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ამ აქტით დადგენილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში, ის სამართლებრივი შედეგები, რაც დადგა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. 01/14–126 განკარგულებით, ამ განკარგულების ბათილად ცნობის გამო, გაუქმებულად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორების დაკვეთა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, 18.07.2003წ. 2/1431 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ, სწორედ თბილისის სააღსრულებო ბიუროს (და არა კრედიტორის) ვალდებულებაში შედიოდა. ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების გაგრძელებისა და შესაბამისი მოვალეობის შესრულების შეხსენების მიზნით, კრედიტორებს არ ევალებოდათ ბიუროსთვის ახალი განცხადების წარდგენა, მით უფრო, რომ ამ სააღსრულებო ფურცლის კრედიტორებისთვის დაბრუნებას, ან/და აღსრულებისთვის კრედიტორების მიერ წინასწარ გადახდილი საზღაურის დაბრუნებას, აღსრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, თითქოს კვლავ კრედიტორებს რჩებათ ექსკლუზიური უფლებამოსილება, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნისათვის, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. სააღსრულებო ფურცელი კვლავ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია და მასზე წარმოება არ შეწყვეტილა.
კასატორების მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საჯარო რეესტრისათვის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების წარდგენის ვალდებულების მათთვის დაკისრება. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლება კანონით კრედიტორის პრეროგატივაა, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორებს რ. ხ-ი და ა. ნ-ი წარმოადგენდნენ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. განკარგულების ბათილად ცნობით, გაბათილებული განკარგულების შედეგები სამართლებრივად გაუქმდა, შესაბამისად, კვლავ აღსასრულებელი იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება თანხის გადახდევინების თაობაზე, თუმცა სასამართლომ სააღსრულებო ბიუროსთვის აღსასრულებლად ერთხელ უკვე ჩაბარებული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოთხოვნის ვალდებულება კრედიტორებს დააკისრა, მაშინ, როდესაც მითითებული განკარგულების გაუქმების მიზეზი, სწორედ სააღსრულებო ბიუროს მიერ ცუდად ჩატარებული სააღსრულებო მოქმედება გახდა და შესაბამისად, ეს მოქმედება, მას ამ განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ, თავადვე უნდა დაესრულებინა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო ბიუროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას ან/და აღსრულებისთვის მიღებული გასამრჯელო/საზღაურის კრედიტორისთვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე სასამართლოს 04.03.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ის, ლ. კ-ის და ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილებით ა. ნ-ს და რ. ხ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ლ. კ-ის სასარგებლოდ 8098 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (აქედან 4800 ძირითადი თანხა, 288 პროცენტი, 3010 პირგასამტეხლო), ნ. ტ-ის სასარგებლოდ - 7507 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (აქედან 4450 ძირითადი თანხა, 267 პროცენტი, 2790 პირგასამტეხლო) და ლ. შ-ის სასარგებლოდ - 3205 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (1900 ძირითადი თანხა, 114 პროცენტი, 1191 პირგასამტეხლო) გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვალის დაფარვის ანგარიშში, საჭიროების შემთხვევაში, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეოდა იპოთეკის საგანი - თბილისში, ...ას შესახვევ N...-ში მდებარე ბინა, წილობრივი მონაცემებით-.... აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 18.07.2003წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული პირველი საჯარო აუქციონის შედეგად, 06.10.2003წ. N... განკარგულებით, რ. ხ-ისა და ა. ნ-ის სახელზე რიცხული, თბილისში, ...ას შესახვევ N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ლიტ. „ა“, ძირითადი ფართი ... კვ.მ) მესაკუთრეები გახდნენ ლ. კ-ე, ნ. ტ-ე და ლ. შ-ე. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ლ. კ-ე, ნ. ტ-ე და ლ. შ-ე 24.10.2003წ. დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრეებად.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ნ-ის და რ. ხ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული აუქციონის შედეგი - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N01/14126 განკარგულება. სასამართლომ ჩათვალა, რომ დარღვეული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნა: იძულებითი აუქციონის ოქმში არ იყო მითითებული მასში მონაწილე პირთა ვინაობა და ოქმი არ იყო ხელმოწერილი მათი მხრიდან. ამასთან, არასრულყოფილად იყო შედგენილი 05.08.2003წ. აუდიტის დასკვნა - შეფასებული იყო არა იპოთეკით დატვირთული ფართი, არამედ ამავე მისამართზე მდებარე 23 კვ.მ ფართის ერთი ოთახი. ამასთან, აუქციონზე გაიყიდა არა მხოლოდ ერთი ოთახი, არამედ - დამხმარე ფართი და ავტოსადგომიც.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2014წ. N... გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და ლ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თბილისში, ...ას შესახვევ N...-ში მდებარე ბინაზე (ლიტ. „ა“, წილობრივი მონაცემები ...). რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.01.2015წ. N...-03 გადაწყვეტილებით, თბილისში, ა. ...ას შეს. N...-ში მდებარე 175 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა ა. ნ-ისა და რ. ხ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი: 25.02.1999წ. დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება), ხოლო 30.01.2015წ. N... გადაწყვეტილებით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ნ. ს-ის საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 05.02.2015წ. N... გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული რეგისტრაციის შესახებ 23.01.2015წ. N...-03, 30.01.2015წ. N... გადაწყვეტილებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ 23.01.2015წ. და 30.01.2015წ. გადაწყვეტილებების მიღების დროს არ იქნა გათვალისწინებული უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების არსებობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული 05.02.2015წ. N... გადაწყვეტილების საფუძველზე, გაუქმდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია თბილისში, ა. ...ას შეს. N...-ში მდებარე 175 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, ხოლო სააგენტოს 12.03.2015წ. გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე კვლავ დარეგისტრირდა რ. ხ-ისა და ა. ნ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი: 25.02.1999წ. ნასყიდობის ხელშეკრულება). ამასთან, მითითებულ რეგისტრირებულ მონაცემებში აისახა ნ. ტ-ის, ლ. შ-ისა და ლ. კ-ის იპოთეკის უფლება (საფუძველი: 29.07.2002წ. გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება).
03.06.2015წ. ლ. კ-ემ, ნ. ტ-ემ და ლ. შ-ემ განცხადებით მიმართეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ზ. თ-ის 06.10.2003წწ. N... განკარგულებით დასრულებული სააღსრულებო წარმოების მასალების გადაცემის მოთხოვნით. 05.06.2015წ. N49437 წერილით სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განმცხადებლებს აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივის მასალებში არ იძებნება სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორები არიან ლ. კ-ე, ნ. ტ-ე და ლ. შ-ე, ხოლო მოვალეები - ა. ნ-ი და რ. ხ-ი.
08.06.2015წ. ლ. კ-ემ, ნ. ტ-ემ და ლ. შ-ემ კვლავ მიმართეს განცხადებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია: როდის შევიდა თბილისის სააღსრულებო ბიუროში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 18.07.2003წ. გაცემული N2/1431 სააღსრულებო ფურცელი, ვინ ჩაატარა წარმოება აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელზე და სააღსრულებო საქმის განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა შესაბამისი მტკიცებულების გადაცემა.
29.09.2015წ. ლ. კ-ემ, ნ. ტ-ემ და ლ. შ-ემ განცხადებით მიმართეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 18.07.2003წ. გაცემული N2/1431 სააღსრულებო ფურცლის ხელახლა აღსრულება, ხოლო 26.02.2016წ. აღნიშნულმა პირებმა განმეორებით (შეხსენების მიზნით) მიმართეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 18.07.2003წ. გაცემული N2/1431 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დაჩქარება მოითხოვეს. 26.02.2016წ. განცხადების პასუხად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ 01.03.2016წ. N2099 წერილით ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის რწმუნებულს აცნობა, რომ გასულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებითი ღონისძიებების გატარების - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, არ არსებობს სააღსრულებო საქმის განახლების სამართლებრივი წინაპირობები (თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „ე“, „კ“ ქვეპუნქტებზე).
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 07.04.2016წ. N1462 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის საჩივარი, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 01.03.2016წ. N2099 წერილის გაუქმების, სააღსრულებო წარმოების დაწყების დავალებისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 18.07.2003წ. N2/1431 გადაწყვეტილების ხელახლა აღსრულების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეთა ინტერესი უკავშირდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის აღსრულებას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებზე და მიიჩნევს, რომ გასულია აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ამასთან, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი. ამდენად, დავის გადაწყვეტის მიზნით, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, უნდა დადასტურდეს კანონით დადგენილ ვადაში სააღსრულებო წარმოების დაწყების ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, სააღსრულებო წარმოების დაწყებულად მიჩნევის შემთხვევაში - აღსრულების ვადის გასვლის გამო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს - აქვს თუ არა ადგილი სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის აღსრულების შეუძლებლობას და სწორად მიუთითა თუ არა სადავო საკითხთან მიმართებაში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „ე“, „კ“ ქვეპუნქტებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესები. სამოქალაქო კოდექსის ნორმების მიზნებისათვის, ხანდაზმულობა უკავშირდება მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან ხანგრძლივი დროის გასვლას, რაც გავლენას ახდენს მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია - განპირობებულია თუ არა ურთიერთობის მონაწილის მხრიდან კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში სათანადო ზომების მიუღებლობა, უფლების რეალიზებისადმი ინტერესის დაკარგვით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა, უნდა დადგინდეს ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 128.3 მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ვადა წარმოადგენს კრედიტორის უფლებადამცავ ნორმას, რამდენადაც უფლება მოთხოვნაზე, თუნდაც ის შეეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნას, არ შეიძლება უფლების მომპოვებელ პირს გააჩნდეს დროში შეუზღუდავად. კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ეს უფლება უნდა შეწყდეს. სწორედ სამოქალაქო კოდექსის მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც გასულია აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადის ათვლა უკავშირდება შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას („..ბუნებრივია, 10 წლიანი ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში..სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (სუს 28.07.2017წ. Nას-871-813-2017 განჩინება)). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილებით დადასტურდა 29.07.2002წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა: ა. ნ-ს და რ. ხ-ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის ანაზღაურება, ამასთანავე, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვალის დაფარვის ანგარიშში, საჭიროების შემთხვევაში, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეოდა იპოთეკის საგანი - თბილისში, ...ას შესახვევ N...-ში მდებარე ბინა, წილობრივი მონაცემებით-.... აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 18.07.2003წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა მოსარჩელეთა (კრედიტორთა) უფლება, კანონიერ ძალაში შევიდა 2003 წელს. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გაცემული და სააღსრულებო ბიუროში წარდგენილია იმავე - 2003 წელს, ანუ სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ვადის დაცვით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლისა და შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა ის გარემოება, რომ 2003წ. მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 10 წელზე მეტი, არამედ ის, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა და იძულებითი აღსრულების მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან დადგენილ ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის მიზნით ავლენს ნებას და მიმართავს შესაბამის ღონისძიებებს დარღვეული უფლების აღსადგენად, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს 11.07.2003წ. 2/1431 გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონით დადგენილ ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, რამდენადაც უფლებამოსილმა პირმა საკუთარი მოთხოვნის დაცვის მიზნით განახორციელა შესაბამისი ღონისძიება. ამდენად, მოპასუხის მხრიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებას და ამ საფუძვლით აღსრულების შეწყვეტას საკასაციო სასამართლო არასწორად და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 142.1 მუხლით განსაზღვრული ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის გარდა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის რეალიზაციის დაწყების ვადას გულისხმობს, არსებობს აგრეთვე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის კანონით განსაზღვრული ვადა, რომლის გასვლაც იწვევს უკვე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება წყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა (მნიშვნელოვანია, რომ კანონის 34.1 მუხლს „კ“ ქვეპუნქტი დაემატა 7.12.2010წ. განხორციელებული ცვლილებით, ხოლო 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში 17.06.2011წ. და 15.07.2020წ. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, უცვლელად დარჩა ჩანაწერი: „თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი“. ცვლილება განიცადა ამ ნორმით გათვალისწინებულმა საგამონაკლისო შემთხვევებმა, რომლებზეც არ ვრცელდება 34.1 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების შეწყვეტის წესი).
როგორც აღინიშნა, 2003 წლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ინტერესის არსებობა მოსარჩელეთა მხრიდან დადასტურდა იმავე წელს სააღსრულებო ფურცლის წარდგენით თბილისის სააღსრულებო ბიუროში. შესაბამისად, გამოირიცხა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლის თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 წლის გასვლას და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააღსრულებო წარმოების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო ამ შემთხვევაშიც არასწორად ახდენს საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტთან და სააღსრულებო ფურცლის წარდგენიდან კანონიერ ძალაში არსებული გადაწყვეტილების 10 წლის განმავლობაში აღუსრულებლობას უსაფუძვლოდ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ მითითებულ პერიოდში მოსარჩელეებს, როგორც 2003 წლის სააღსრულებო ფურცელთან მიმართებაში კრედიტორებს, აღსრულების ინტერესი არ გამოუხატავთ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2010 წლის 7 დეკემბრამდე მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო მოქმედებების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადება და სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 25.07.2008წ. ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის კანონის 25.2 მუხლის შესაბამისად, აღსრულების დაწყების ეტაპზე სასამართლო აღმასრულებელი უზრუნველყოფდა აღსრულების შესახებ უწყების ჩაბარებას მოვალის, კრედიტორისა და სხვა მონაწილე პირებისათვის. აღსრულების დაწყების შესახებ მხარეთა ინფორმირების ვალდებულების შესახებ ჩანაწერს შეიცავდა ასევე 2008 წლიდან 2010 წლის 7 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.4 მუხლი, ხოლო 2010 წლის 7 დეკემბრის ცვლილების განხორციელების შემდეგ, მსგავსი შინაარსის შემცველია კანონის 25.6 მუხლი. საყურადღებოა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონს 2011 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შემდეგ დაემატა 251 მუხლი, რომელიც გამოყოფს თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებს: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. ამავე ცვლილებების შემდეგ, კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით“. ამასთან, 25-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც ასახავს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მოვალისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის შინაარსს (25.7 მუხლის „ა-ე“ ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.09.2008წ. N221 ბრძანებით დამტკიცებულ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“12.3 მუხლზე, რომლის თანახმად, აღმასრულებლისთვის გადაცემულ თითოეულ სააღსრულებო დოკუმენტთან დაკავშირებით იხსნება სააღსრულებო წარმოება დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრით, ხოლო 12.8 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი აღნიშვნით: ,,აღსრულებულია“, ,,შეწყვეტილია“ ან ,,დაბრუნებულია“.
ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მართალია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად, კრედიტორის წერილობითი განცხადება და სააღსრულებო ფურცელი ქმნის სააღსრულებო მოქმედების დაწყების საფუძველს, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს სააღსრულებო წარმოების დაწყებას. საამისოდ აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს შესაბამის სააღსრულებო მოქმედებებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეზე ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებს სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია - უნდა ჩაითვალოს თუ არა სააღსრულებო წარმოება დაწყებულად 2003 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, იმ პირობებში, როდესაც 2004 წელს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით, მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თავდაპირველად განხორციელებული აღსრულების (აუქციონის) შედეგები გაუქმდა, ხოლო სააღსრულებო ბიუროს, მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მასთან არსებულ 2003 წლის სააღსრულებო ფურცელზე წარმოება ხელახლა არ დაუწყია და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები არ განუხორციელებია.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N01/14126 განკარგულება. სასამართლომ ჩათვალა, რომ დარღვეული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნები, იძულებითი აუქციონის ოქმი არ შეიცავდა სათანადო მონაცემებს, ამასთანავე, არასრულყოფილად იყო შედგენილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების შეფასების შესახებ აუდიტის დასკვნა. ამდენად, 21.05.2004წ. სასამართლო გადაწყვეტილებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N01/14126 განკარგულების ბათილად ცნობამ გამოიწვია თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა ერთი მხრივ, აუქციონით რეალიზებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და ლ. შ-ის სახელზე 24.10.2003წ. რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი სააღსრულებო წარმოების ხელახლა დაწყება და აუქციონის ჩატარებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისკენ მიმართული ქმედებების განხორციელება, რაც კანონისმიერი ქმედების სავალდებულოობის პრინციპიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 21.05.2004წ. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2004 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო წარმოება 2003 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N... განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულება არ დაწყებულა, შესაბამისად, ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ დაუკავშირდება მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის 2003 წელს წარდგენის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო წარმოების ხელახლა დაწყება და სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება დამოკიდებული იყო მოსარჩელეთა აქტივობაზე, მათი მხრიდან აღსრულების შეხსენებაზე. საკასაციო სასამართლო პრინციპულად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ აუქციონის შედეგები ბათილად ცნო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების პროცესში კანონის დარღვევის საფუძვლით, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორების (კასატორების) მხრიდან არ არსებობდა დამატებითი ნების გამოვლენის ვალდებულება (მათ შორის, 2003 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებული ხელახალი აღსრულების მიზნით შესაბამისი სააღსრულებო საფასურის გადახდის ვალდებულება, რასაც თავადვე ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანო), სააღსრულებო წარმოება, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის პირობებში, უნდა დასრულებულიყო იმავე წარმოების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების კასატორებისათვის (კრედიტორებისათვის) გადაკისრების თაობაზე და აღნიშნავს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N01/14126 განკარგულების საფუძველზე, ლ. კ-ე, ნ. ტ-ე და ლ. შ-ე 2003 წლის 24 ოქტომბრიდან დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრეებად. შესაბამისად, კრედიტორები 2003 წლიდან 2015 წლის მარტამდე (საჯარო რეესტრში იპოთეკის უფლების აღდგენამდე), რეგისტრაციის საფუძველზე იყვნენ უძრავი ნივთის მესაკუთრეები და მათ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ არ გააჩნდათ კანონიერი ინტერესი, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში ისინი არ წარმოადგენდნენ არც კრედიტორებს და არც მოვალეებს, შესაბამისად, დაუშვებელია, მოსარჩელეებს დაეკისროთ საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების განხორციელების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მათ უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლო აქტების ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლო პრაქტიკით. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. ამასთან, საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ცალკე მითითებული არ არის, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის გაგებით, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ", N40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ. ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 სექტემბერი, 2005 წელი).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა. „...ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით..“ (სუს 07.03.2013წ. Nბს-727-711(კ-12) განჩინება). „..სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში..“ (სუს 24.04.2014წ. Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი დღის წესრიგში აყენებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მისი აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს. ამასთან, კანონით მკაცრად არის განსაზღვრული აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციები და მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილების კანონთან ზუსტი შესაბამისობით აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ბიურომ ვერ უზრუნველყო მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულება - აღსრულებას დაქვემდებარებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 21.05.2004წ. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის გათვალისწინებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხელახლა ჩაატარა სათანადო სააღსრულებო მოქმედებები. ამ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ აღსრულების შეწყვეტის საფუძვლებზე უკანონოდ მითითება, მოსარჩელეებს ართმევს მათ ინტერესში არსებულ სააღსრულებო ფურცელზე წარმოების ჩატარების უფლებას, რაც ამავე კანონის 34.3 მუხლიდან გამომდინარე, გამორიცხავს იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აღსრულების შეწყვეტის საფუძვლების მითითება (თუნდაც ისინი ნამდვილად არსებობდეს) თავისთავად არ ადასტურებს აღსრულების შეწყვეტას, აღნიშნული საჭიროებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, რამდენადაც დაინტერესებული პირისათვის შედეგს იწვევს შესაბამის საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა თავისთავად გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის არსებობა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 07.04.2016წ. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითა კანონით გათვალისწინებულ აღსრულების შეწყვეტის საფუძვლებზე (34.1 მუხლის „ე“, „კ“ ქვეპუნქტები), თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ან მიღებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების უზრუნველყოფა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ანუკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 07.04.2016წ. N1462 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი. ამდენად, ნ. ტ-ის, ლ. კ-ის და ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 აპრილის N1462 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება;
5. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ნ. ტ-ის, ლ. კ-ისა და ლ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 550 ლარის ოდენობით;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე