Facebook Twitter

№ბს-272(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 25 სექტემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ A17090385-004/001 სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მოპასუხის დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ფ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს №A17090385-004/001 წერილი სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, 2017 წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2-248/16), მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 16 მარტს თ. ფ-ემ მიმართა შპს „...ს“ სესხის თაობაზე და უზრუნველყოფის მიზნით წარადგინა, მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა OPEL VECTRA B, სარეგისტრაციო ნომერი: N..., გამოშვების წელი - 1998, ავტომანქანის ტიპი-უნივერსალი, ავტომანქანის ფერი-ლურჯი 5/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: №....

თ. ფ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის სალომბარდო №59/10/13 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ. ფ-ემ შპს „...ისაგან“ ერთი წლის ვადით აიღო სესხი, 995 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიურად 6%-ში. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 16 რიცხვში, კრედიტორზე გადაეხადა 59.7 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, ასევე, ყოველ მე-3 თვეში მართვის საკომისიო, 24 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.

სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა საკუთრების უფლებით გაუფორმა შპს „...ს“, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად კი, მოსარჩელემ მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადასცა უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და მასთან დაკავშირებული სესხის სარგებლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, კრედიტორი უკან გადაუფორმებდა მსესხებელს.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ფ-ე არ ასრულებდა სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით მას შპს „...ის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება, 2885.02 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად, სალომბარდო ხელშეკრულების 3.1; 3.3 და 3.4 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მეოთხე კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარედგინა დალომბარდებული ავტომანქანა კრედიტორთან, რაც თ. ფ-ეს არ განუხორციელებია, რის გამოც შპს „...მა“ მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, თ. ფ-ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე №2-248/16) შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თ. ფ-ეს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1729.1 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 121 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლომ გადაწყვიტა, სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, ასევე, გადაწყვიტა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის განხორციელება, მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2-248/16).

2017 წლის 26 ივლისის სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება, კრედიტორის - შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის №2-248/16 სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გზით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის მიერ 2017 წლის 22 აგვისტოს წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო აღსრულების ქვემდებარე აქტი (27.07.2017 წლის სამოქალაქო №2/24667-126. სააღსრულებო წარმოება A17093346). კრედიტორ შპს „...ს“ შეუსრულებელი სახით უკან უბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი და წინასწარი საფასური, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული იყო აღსრულების წესი, რაც, მოპასუხის შეხედულებით გულისხმობდა პირველ რიგში სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაციას.

ამის შედეგად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა. აღნიშნული წერილი და სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ შპს „...ს“ ჩაბარდა 2017 წლის 29 აგვისტოს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული იყო კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარებოდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი იყო აღსრულების დაწყების საფუძვლები და წესი. კერძოდ, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებდა იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საფუძველები რეგლამენტირებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენდა, სააღსრულებო ფურცელში მოცემული აღსრულების წესი, რომელიც აღმასრულებლის შეხედულებით არ იძლეოდა შესაძლებლობას, აღსრულება მიქცეულიყო გირავნობის საგანზე, რასაც მოითხოვდა კრედიტორი, შპს „...ი“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გირავნობის საგანი, ავტომანქანა ირიცხებოდა თავად კრედიტორის, შპს „...ის“ და არა, მოვალის (თ. ფ-ე) სახელზე, რის გამოც მასზე შეუძლებელი იყო აღსრულების მიქცევა, რადგანაც გირავნობის საგანი უკვე გადავიდა კრედიტორის საკუთრებაში და ის გირავნობის საგანს აღარ წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე თ. ფ-ისათვის დაკისრებული დავალიანების გადახდა უპირველესად უნდა მომხდარიყო, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სახით, გირაოს საგნის იძულებითი გაყიდვით, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით დავალიანების დაფარვის წესი დადგენილი იყო ასევე, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის სახითაც, მოვალის ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

დადგენილი და უდავო იყო ის გარემოება, რომ კონკრეტული მოცემულობების პირობებში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება გირაოს საგნით ვერ მოხერხდა, როგორც მხარეები მიუთითებდნენ, გირაოს საგანი, ავტომანქანა, რომელიც მოვალესთან ინახებოდა, აღსრულების დროს აღარ არსებობდა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც გირაოს საგნით ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა, თვითონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოვალის (თ. ფ-ის) კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებით და აღსრულების ამ წესის რეალიზებისათვის საჭირო არ იყო დამატებით სხვა სააღსრულებო ფურცლის გამოწერა, ან კრედიტორის მიერ სხვა რაიმე მოქმედების განხორციელება.

ამ მხრივ საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო დავის განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა OPEL VECTRA B, აღრიცხული იყო კრედიტორზე, შპს „...ზე“, თუმცა ამის მიუხედავად ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მიიჩნია, რომ დავალიანების დაფარვა უზრუნველყოფის საგნის, ანუ კრედიტორის სახელზე აღრიცხული ავტომანქანის (გირაოს საგნის) რეალიზაციით უნდა მომხდარიყო და მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებიდან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით არ იყო დათქმული, რომ სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოვალის სახელზე იქნებოდა რეგისტრირებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღმასრულებელი ვალდებული იყო, თუ სახეზე იქნებოდა გირაოს საგანი, მისი კრედიტორის სახელზე აღრიცხვის მიუხედავად მოეხდინა ავტომანქანის იძულებითი რეალიზაცია, რადგანაც ეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო დადგენილი. შესაბამისად, მოპასუხე მხარის ის მოსაზრება, რომ კრედიტორის საკუთრებაში იყო უკვე აღრიცხული და კრედიტორის საკუთრებაში არსებული ნივთის იძულების წესით გაყიდვის უფლება აღმასრულებელს არ გააჩნდა, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელისათვის 2017 წლის 22 აგვისტოს უკან დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი და შესაბამისად, ასეთი ქმედება წინააღმდეგობაში მოდიოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, რითაც შეილახა კრედიტორის, შპს „...ის“ კანონიერი უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელე შპს „...ის“ კანონიერ უფლებას და ინტერესს.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის მე-151 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა" ქვეპუნქტის მიხედვით, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, თანხის ამოღების მიზნით უნდა განხორციელებულიყო უზრუნველყოფის საგნის - ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. ამასთან დადგენილი იყო, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე.

კასატორის მითითებით, აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის დაფარვისათვის, გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო მოპასუხეების ნებისმიერი ქონებიდან. სასამართლო გადაწყვეტილების მითითებული პუნქტის შინაარსი ცალსახად ცხადყოფდ, რომ მისი ამოქმედება უკავშირდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის ფაქტს და მის შედეგად მიღებული თანხის არასაკმარისობას. შესაბამისად, თუ არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება, იმაზე, რომ რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების არასაკმარისობის გამო აღსრულება უნდა მიექცეს მოვალეთა სხვა ნებისმიერ აქტივზე.

კასატორის მოსაზრებით უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიჩნეული აღსრულებაუნარიან აქტად, ვინაიდან, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უტყუარად დასტურდებოდა, რომ მასში მოცემული ვალდებულების შინაარსი არ შეესაბამებოდა არსებულ ფაქტობრივ რეალობას და შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მიზნებისათვის არ არსებობდა აღასრულებელი მოთხოვნა.

კასატორის განმარტებით სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ვალდებულების უზრუნველყოფა მისი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით გულისხმობს კონკრეტული მატერიალური სიკეთის ხარჯზე დადასტურებული ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, კრედიტორი უფლებამოსილია დამდგარი მატერიალური დანაკლისი აინაზღაუროს კონკრეტული ქონების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, როგორც სესხის გაცემის ასევე დღეის მდგომრებით, წარმოადგენს კრედიტორი (მოსარჩელე), მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მოსარჩელე მხარეც ადასტურებს.

შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზეა ისეთი სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა, რაც გამორიცხავს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაციას, ვინაიდან ის უკვე წარმოადგენს კრედიტორის საკუთრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს A17090385-004/001 სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხე მხარისათვის აღსრულების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმე №2-248/16, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თ. ფ-ეს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა - 995 აშშ დოლარი, პროცენტი 2015 წლის 16 სექტემბრიდან, 2016 წლის 25 მაისამდე 537 აშშ დოლარი და 30 (ოცდაათი) ცენტი და მართვის საკომისიო - 72 აშშ დოლარი; თ. ფ-ეს შპს „...ის” სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების 251 დღეზე - 2015 წლის 16 სექტემბრიდან 2016 წლის 25 მაისამდე 124 აშშ დოლარისა და 80 ცენტის ოდენობით; დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა, ავტომანქანა OPEL VECTRA B, სარეგისტრაციო N..., გამოშვების წელი - 1998, ტიპი - უნივერსალი ლურჯი 5/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N... რეალიზაცია. ამასთან, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 25 ივლისს (საქმე №2-248/16) გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულების მიზნით წარედგინა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმე.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს A17090385-004/001 გადაწყვეტილებით შპს „...ს“ შეუსრულებელი სახით უკან დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი და წინასწარი საფასური, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული იყო აღსრულების წესი, რაც, გულისხმობდა პირველ რიგში სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაციას, ვინაიდან გირავნობის საგანი არ ირიცხებოდა მოვალის (თ. ფ-ე) სახელზე, ვერ ხერხდებოდა მისი რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილია აღსრულების დაწყების საფუძვლები და წესი. კერძოდ, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების თანახმად სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს (,,გ’’ პუნქტით) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; (,,ე’’ პუნქტით) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ აღმასრულებელი ვალდებული იყო, თუ სახეზე იქნებოდა გირაოს საგანი, მისი კრედიტორის სახელზე აღრიცხვის მიუხედავად მოეხდინა ავტომანქანის იძულებითი რეალიზაცია, რადგანაც ეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლიდან გამომდინარე ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას. ამასთან, კანონი გირაოს საგნის რეალიზაციის ფაქტს მხოლოდ ნივთის მოვალის საკუთრებაში არსებობას არ უკავშირებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებას სჭირდება ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, განსახილველ შემთხვევაში კი სააღსრულებო ფურცელი დაბრუნებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) საკასაციო საჩივარზე 12.03.2020წ. #03727 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2020წ. #03727 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე