ბს-524 (კ-19) 23 ივლისი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...ომ“ 13.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 28.05.2018წ. N04/31333 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტების - ს. მ-ას და ქ. პ-ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხისათვის პაციენტების - ს. მ-ასა და ქ. პ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების დავალება, ასევე შპს „...ოს 22.06.2018წ. N873/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.08.2018წ. N04/47338 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტების - ს. მ-ასა და ქ. პ-ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.2018წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 28.05.2018წ. N04/31333 გადაწყვეტილება პაციენტების - ს. მ-ას და ქ. პ-ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც პაციენტების - ს. მ-ას და ქ. პ-ის შემთხვევები დაექვემდებარება ანაზღაურებას, ბათილად იქნა ცნობილი ასევე შპს „...ოს 22.06.2018წ. N873/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.08.2018წ. N04/47338 გადაწყვეტილება პაციენტების - ს. მ-ასა და ქ. პ-ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტების ს. მ-ასა და ქ. პ-ის შემთხვევაში კლინიკაში პირველი მიმართვის დროს გადაცემულია და ჩატარებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, ხოლო განმეორებითი მიმართვის დროს პაციენტებს ჩაუტარდათ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, შესაბამისად პეციენტების შემდგომი ჰოსპიტალიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს არც არასრული ან/და არაჯეროვანი მკურნალობის შედეგად და არც რეჰოსპიტალიზაციად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პაციენტები: ს. მ-ა, დ. გ-ე და ქ. პ-ი მკურნალობდნენ მოსარჩელე დაწესებულებაში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, სამედიცინო შემთხვევათა ელექტრონულ მოდულში გადმოცემული შეტყობინების შესაბამისად, სამივე პაციენტის გამოსავალი არის: სტაბილიზაცია. აღნიშნულის მიუხედავად, სამივე პაციენტმა პრაქტიკულად ამბულატორიული მომსახურების დასრულებისთანავე სამედიცინო მომსახურების მიღება გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ფარგლებში გააგრძელეს იმავე და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ამდენად, მოსარჩელე დაწესებულება ვალდებული იყო ჯეროვნად განეხორციელებინა პაციენტების სამედიცინო მომსახურება, აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით პაციენტების ს. მ-ასა და ქ. პ-ის შემთხვევაში კლინიკაში პირველი მიმართვის დროს გადაცემულია და ჩატარებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, ხოლო განმეორებითი მიმართვის დროს პაციენტებს ჩაუტარდთ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება. პაციენტ ს. მ-ასთან მიმართებაში საქმეში დაცულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, პულმოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს ექსპერტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ი. ჩ-ის 17.09.2018წ. წერილი, რომლის მიხედვითაც პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწია სრულად და ჯეროვნად, პაციენტის განმეორებითი მიმართვა ვერ იქნება განპირობებული არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურებით, ამასთან ერთად ამ ასაკობრივ ჯგუფში ბრონქოსპაზის განმეორებითი ეპიზოდების არსებობა ხშირია და საშუალოდ პაციენტების 1/3-ს აღენიშნება. პაციენტ ქ. პ-თან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის „ალტერნატივა“ გამგეობის წევრის ე. კანდელაკის 15.09.2018წ. წერილი, რომლის მიხედვითაც პაციენტის არცერთი ჩივილი არ იყო იგნორირებული და დატოვებული უყურადღებოდ. მიღებული შედეგების მიხედვით ექიმებმა ჩაატარეს საუკეთესო შესაძლებელი მკურნალობა და მდგომარეობის სრული გაუმჯობესების შემდგომ გაწერეს პაციენტი ბინაზე. შესაბამისად არაჯეროვან სამედიცინო დახმარებას ან მის სიმწირეს ადგილი არ ჰქონია. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მეორე დღეს გამოიკვეთა სრულიად განსხვავებული წამყვანი სიმპტომი - ურტიკარიული გამონაყარი. არავითარი კავშირი პირველ ჰოსპიტალიზაციასა და მეორეს შორის არ შეიძლება იყოს, რადგან ურტიკარიის პათოფიზიოლოგია გულისხმობს სიმპტომების ვუალიზირებას დასაწყისში. ამდენად, პაციენტები ს. მ-ა და ქ. პ-ი პირველი მიმართვის შემდეგ კლინიკიდან გაეწერნენ გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში, ხოლო სამკურნალო დაწესებულებისთვის ხელმეორედ მიმართვა არ ყოფილა გამოწვეული არაჯეროვანი ან არასრული სამედიცინო მომსახურებით, საწინააღმდეგოს დამტკიცება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ვერ უზრუნველყო, ამასთან კასატორი საკასაციო საჩივარში მსჯელობს მესამე პაციენტის, დ. გ-ის შემთხვევაზეც, რომლის ნაწილში სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული აქტები. ამდენად, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია მოსარჩელე დაწესებულების მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის და ზემოაღნიშნუილი პაციენტებისათვის (ს. მ-ა, ქ. პ-ი) გაწეული სამედიცინო მომსახურების საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების შესაბამისად ანაზღაურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.05.2019წ. N16941 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე