საქმე #ბს-681(კ-19) 2 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. ჯ-ა; წარმომადგენელი – გ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; წარმომადგენელი – ე. ა-ი
მესამე პირები – ფ. გ-ე, ნ. შ-ი; წარმომადგენელი – გ. ფ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აუქციონის შედეგების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 12 იანვარს მ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 7 მაისს თაღლითობის გზით მასთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მისი უძრავი ქონება (ს/კ: #...) იპოთეკით იქნა დატვირთული. 2011 წლის 18 მარტს იგი აღიარებულ იქნა დაზარალებულად, ხოლო სასამართლოს მიერ 2011 წლის 19 ივლისს მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც აღინიშნა, რომ მის ქონებას დაეუფლნენ დანაშაულებრივი გზით. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ფაქტი არ იქნა გათვალისწინებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, რომელმაც მოახდინა მისი ერთადერთი სახლის აუქციონზე რეალიზაცია, რის შედეგადაც საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაიყიდა ფ. გ-ეზე. მოსარჩელის მითითებით, იგი აღნიშნული ფაქტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული და არც იმის თაობაზე ჰქონდა ინფორმაცია, წერილობით მიმართა თუ არა პროკურორმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის საქმესთან დაკავშირებით.
მოსარჩელის განმარტებით, აუქციონი ჩატარდა მთელი რიგი დარღვევებით, კერძოდ, აუქციონი გაიმართა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა ზემოაღნიშნული განაჩენი. ამასთან, აუქციონის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ ფ. გ-ისთვის, რომელმაც აუქციონის მიმდინარეობისას განახორციელა ... ბიჯის დადება და გამოვლინდა გამარჯვებულად. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აუქციონი ჩატარდა არაკონკურენტულ გარემოში. ქონების გასხვისება მოხდა გარიგებით აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, რაც დასტურდება სადავო განკარგულებებით, რომლებზეც არ არის მითითებული გასაჩივრების ვადა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხსენებული განკარგულებები მას არ ჩაჰბარებია. მან ჩაიბარა გაფრთხილება 2011 წლის 14 ივნისს, ხოლო აუქციონი ჩატარდა 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ მალულად. მოსარჩელე, აგრეთვე, მიუთითებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი შეფასებული იყო 300 000 აშშ დოლარად, თუმცა გაიყიდა 142 600 ლარად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და სადავო განკარგულებები და ბრძანება გამოსცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #A... და #A...- განკარგულებებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2015 წლის 16 დეკემბრის #5452 ბრძანების ბათილად ცნობა და ... წლის ... აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ფ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. შ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 23 თებერვალს მ. ჯ-ასა და ნ. შ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ჯ-ამ ნ. შ-ისაგან ისესხა 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი სამი თვის ვადით.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ. ჯ-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ).
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2011 წლის 23 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2011 წლის 7 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელე მ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე (მისამართი: ქ. თბილისი, დაბა..., ე.წ. „...“, ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: #..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ). აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ 2011 წლის 7 ივნისის მდგომარეობით შეადგინა (ძირითადი თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს გათვალისწინებით) 85 955 (ოთხმოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარი, ამასთან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.3 %.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2011 წლის 13 ივნისს კერძო აღმასრულებელ ფ. უ-ა და ნ. შ-ს შორის დადებულ იქნა სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუს რ. ჩ-ჩ-ის მიერ 2011 წლის 7 ივნისს გაცემული #110569152 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მ. ჯ-ას გაეგზავნა 2011 წლის 14 ივნისის #A...-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მას ეცნობა, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. ამავე გადაწყვეტილებით მას განემარტა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. მ. ჯ-ას განემარტა, რომ შეფასებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი ელექტრონული წესით (ვებ. გვერდის მითითებით). მას, ასევე, ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა, მათი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება კი შეეძლო კერძო აღმასრულებლისაგან აუქციონის შესახებ - ოფიციალური ვებ გვერდიდან (ვებ. გვერდის მითითებით).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 14 ივნისს კერძო აღმასრულებლის - ფ. უ- მიერ მ. ჯ-ას თანდასწრებით შედგენილ იქნა ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი, რომელიც ხელმოწერილ იქნა მ. ჯ-ას მიერ. მითითებული აქტის თანახმად, მ. ჯ-ს განემარტა მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შინაარსი, ქონების აღწერის მიზანი, აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი და მათი სხვა უფლება-მოვალეობა.
2011 წლის 14 ივნისს კერძო აღმასრულებელმა - ფ. უ-ამ #... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 2011 წლის 7 ივნისს გაცემული #110569152 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიერ 2011 წლის 14 ივნისს დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება, მოვალის - მ. ჯ-ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ). მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: #....
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 ივნისს კერძო აღმასრულებელმა - ფ. უ-ამ #A...-008/001 წერილით მიმართა შპს „...ს“ და მოითხოვა მოსარჩელე მ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ). მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: #..., მოქმედი საბაზრო ღირებულებით შეფასება. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, 2011 წლის 29 ივნისს შპს „...სა“ და ფ. უ- შორის დაიდო #11/06-29/09 ხელშეკრულება ქონების შეფასებაზე.
შპს „...ის“ 2011 წლის 4 ივლისის #11/07-04/09 უძრავი ქონების აუდიტორული შეფასების (საექსპერტო დასკვნის) თანახმად, მ. ჯ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., შეფასდა 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარად.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2011 წლის 9 ივლისს კრედიტორმა - ნ. შ-მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - ფ. უ- და მის მიერ წარდგენილი, 2011 წლის 7 ივნისის #110569152 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება, ხოლო 2011 წლის 29 ივლისს წარდგენილი განცხადებით შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლება მოითხოვა.
2011 წლის 3 აგვისტოს კერძო აღმასრულებელმა - ფ. უ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის წარმოებაში არსებულ #... სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით (სადაც კრედიტორის: ნ. შ-ი, ხოლო მოვალე: მ. ჯ-ა) მოითხოვა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ). მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., იძულებითი რეალიზაციისთვის სააუქციონო მომსახურების გაწევა.
ელექტრონული აუქციონების ვებ. გვერდზე ... წლის ... აგვისტოს გამოცხადებულ იქნა ... (ლოტი #..., განაცხადის #..., საქმის #...) ელექტრონული აუქციონი უძრავი ქონების (ს/კ #...) რეალიზაციის მიზნით, რომელიც დასრულდა ... წლის ... აგვისტოს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #A... და #A...- განკარგულებების თანახმად, მოვალის - მ. ჯ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., საკადასტრო კოდი: #..., შემძენი გახდა ფ. გ-ე, რომელმაც ნივთი შეიძინა 142 600 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება კი განხორციელდა ნ. შ-ის სასარგებლოდ. ამასთან, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ხოლო ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან, ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
2011 წლის 30 აგვისტოს #A...- განკარგულების საფუძველზე, 2011 წლის 23 სექტემბერს, ქ. თბილისში, ..., ე.წ. „...“, ...-ში მდებარე #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ფ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მ. ჯ-ას სარჩელი, 2011 წლის 23 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და საკუთრების უფლების აღიარების გზით უძრავი ქონების უკან დაბრუნება-რესტიტუციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინებით, მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს მ. ჯ-ამ განცხადებით (საჩივრით) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #A...- განკარგულების ბათილად ცნობისა და აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2015 წლის 16 დეკემბრის #5452 ბრძანებით მ. ჯ-ას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებლის ქმედების ნაწილში გასული იყო გასაჩივრების ვადა, ხოლო საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონის თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 15 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დ) საგარანტიო თანხის ოდენობას (რომელიც არის ქონების საწყისი ფასის ერთი მეათედი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონების საწყისი ფასის ერთი მეათედი 100 ლარზე ნაკლებია, ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები კი ადგენენ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მესაკუთრე მ. ჯ-ას გაეგზავნა და იმავე დღეს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 14 ივნისის #A...-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მას ეცნობა, რომ მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. ამავე წინადადებით განმარტებული იქნა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი და ასევე ისიც, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან მიეღო, ხოლო საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება მას კერძო აღმასრულებლისგანაც შეეძლო. ამასთან, სასამართლოს მითითებით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მ. ჯ-ას მითითებულ ვადაში არ გადაუხდია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის წერილით და გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ელექტრონული აუქციონების ვებ. გვერდზე ... წლის ... აგვისტოს გამოცხადებული იქნა ... (ლოტი #..., განაცხადის #..., საქმის #...) ელექტრონული აუქციონი უძრავი ქონების (ს/კ #...) რეალიზაციის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მისთვის აუქციონის ჩატარების თარიღი არავის უცნობებია და აუქციონი ჩატარდა მალულად, რადგან კერძო აღმასრულებლის და შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ზედმიწევნით სწორად იქნა განხორციელებული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურები, რის გამოც მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდა აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას და ვებ. გვერდის საშუალებით მიეღო ინფორმაცია აუქციონის მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ მან არ განახორციელა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სააღსრულებო წარმოებისა და აუქციონის კანონდარღვევით ჩატარებულად მიჩნევის საფუძველი.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება აუქციონის შეჩერების აუცილებლობაზე, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველ პუქტზე, რომელიც იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებლად მიიჩნევს აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტას, შეჩერებას, გადადებას, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ აღნიშნა, რომ პროკურორის მხრიდან ასეთი მიმართვა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი არ ყოფილა.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას ფ. გ-ის მიერ განხორციელებული ბიჯების (ნ. შ-ის მიერ აუქციონის მიმდინარეობისას განხორციელებულ იქნა ... ბიჯი) ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის შემდეგ, აუქციონის დაწყებიდან მის დასრულებამდე ფასის მატება ხდება ვაჭრობის „ბიჯით“, რაც ჩანს ონლაინ რეჟიმში (რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული იყო შესაბამისი ამონაწერით). ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ბიჯი და კანონმდებლობა რაიმე შეზღუდვას ბიჯების რაოდენობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ. გ-ის მიერ აუქციონში გამარჯვების მიზნით დაფიქსირებული ბიჯების ოდენობა არ წარმოადგენდა დარღვევას და მითუმეტეს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს.
სასამართლომ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 30 აგვისტოს გაცემულ იქნა #A... განკარგულება და ამავე თარიღით, იმის გამო, რომ #A... განკარგულებაში არასწორად იქნა მითითებული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის - მ. ჯ-ას პირადი ნომერი, გაცემულ იქნა #A...- განკარგულება, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. თბილისში, ... ში, ე.წ. „...“, ...-ში მდებარე #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრედ ფ. გ-ის რეგისტრაციას.
ამასთან, სასამართლოს მითითებით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ორივე განკარგულება, გარდა მ. ჯ-ას პირადი ნომრისა, სხვა რაიმე არსებითად განსხვავებულ მითითებას არ შეიცავდა, კერძოდ, ორივე განკარგულების თანახმად, მ. ჯ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., საკადასტრო კოდი: #..., შემძენი გახდა ფ. გ-ე, რომელმაც ნივთი შეიძინა 142 600 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება კი განხორციელდა ნ. შ-ის სასარგებლოდ. ამასთან, განკარგულებაში აღნიშნული იყო, რომ რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ხოლო ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან, ძველი მესაკუთრე კარგავდა ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ცალსახა იყო, რომ #A...- განკარგულება გამოიცა #A... განკარგულებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო და მასში რაიმე არსებითი ხასიათის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ის გარემოება, რომ განკარგულება გამოიცა ახალი ნომრით და შემდეგ სწორედ იგი დაედო საფუძვლად უძრავი ნივთის ფ. გ-ის საკუთრებად რეგისტრაციას, არ შეიძლებოდა გამხდარიყო #A...- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო, რომ აღნიშნული განკარგულების მიმართ ფ. გ-ის კანონიერი ნდობა სახეზე იყო.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2015 წლის 16 დეკემბრის #5452 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ჯ-ას უარი ეთქვა საჩივრების განხილვაზე.
სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
ამავე კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მ. ჯ-ასთვის, კანონით დადგენილი წესით, ცნობილი იყო აღმასრულებლის მიერ 2011 წლის ივნის-ივლისის თვეში განხორციელებული ქმედებების თაობაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, გასაჩივრების ვადის გასვლის საფუძვლით სწორად დატოვა მისი საჩივარი განუხილველად. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მ. ჯ-ას მართებულად ეთქვა უარის საჩივრის განხილვაზე #A...- განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილშიც, რამდენადაც სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო სრულად დასაბუთებული და იგი იძლეოდა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებს გაეგოთ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შეწყვეტის საფუძველს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენდა, რომლითაც დგინდება უძრავი ნივთის დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტი. განაჩენში პირდაპირ კეთდება მითითება, რომ ნ. ვ-ემ 2010 წლის 7 მაისს ნოტარიუს ს. ს-ის სანოტარო ბიუროში მ. ჯ-ას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით 28 000 აშშ დოლარად და 4000 ევროდ დაატვირთინა საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სესხის თანხა კი სრული მოცულობით თავად მიიღო. კასატორი აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ას მხრიდან წარმოდგენილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც დაფიქსირებული იყო სადავო უძრავი ქონება, რომელზეც მოტყუებით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ხსენებული ფაქტი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ართმევდა შესაძლებლობას, განეხორციელებინა ქონების აუქციონის წესით მესამე პირზე გასხვისება.
კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს, რომ დაზარალებული მ. ჯ-ას უფლებების დარღვევა სახელმწიფო მოხელის უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებაში გამოიხატა, კერძოდ, პროკურორმა კ. ს-ემ არ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აუქციონის შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა კასატორის მოსაზრებით, მას ისიც უნდა სცოდნოდა, რომ სადავო ქონებასთან დაკავშირებით, აუქციონი არ ცხადდება. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ თავად აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესაც უნდა შეეწყვიტა აუქციონი საქმის განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე.
კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ ნ. ვ-ე და მევახშე არ იცნობდნენ ერთმანეთს, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მევახშე ნ. შ-ისა და მისი ბიძაშვილის - ო. შ-ის მიზანს წარმოადგენდა კასატორის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ნ. ვ-ის დახმარებით ხელში ჩაგდება.
ამასთან, კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა. კასატორის განმარტებით, იგი არის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პენსიონერი, რომელსაც არ გააჩნია სამსახური. ამავდროულად, იგი ირიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში. კასატორმა საკასაციო საჩივართან ერთად ზემოაღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი. ამასთან, კასატორს – მ. ჯ-ას სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
2020 წლის 29 იანვარს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ჯ-ამ, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ #...), მდებარე - ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., ყადაღის დადება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ 08.11.2019წ. განჩინებით ყადაღა მოხსნა აღნიშნულ უძრავ ქონებას, რის გამოც ხელახალი საფრთხე დადგა მათი საცხოვრებლის იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ფ. გ-ის (პ/ნ #...) საკუთრებაში არსებულ საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ #...), მდებარე - ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ....
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 23 თებერვალს მ. ჯ-ასა და ნ. შ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ჯ-ამ ნ. შ-ისაგან ისესხა 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი სამი თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ. ჯ-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ).
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 23 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2011 წლის 7 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელე მ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: #..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ). აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ 2011 წლის 7 ივნისის მდგომარეობით შეადგინა (ძირითადი თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს გათვალისწინებით) 85 955 (ოთხმოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარი, ამასთან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.3 %.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 13 ივნისს კერძო აღმასრულებელ ფ. უ-ა და ნ. შ-ს შორის დადებულ იქნა სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუს რ. ჩ-ჩ-ის მიერ 2011 წლის 7 ივნისს გაცემული #110569152 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მ. ჯ-ას გაეგზავნა 2011 წლის 14 ივნისის #A...-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მას ეცნობა, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. ამავე გადაწყვეტილებით მას განემარტა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. მ. ჯ-ას განემარტა, რომ შეფასებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი ელექტრონული წესით (ვებ. გვერდის მითითებით). მას, ასევე, ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა, მათი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება კი შეეძლო კერძო აღმასრულებლისაგან აუქციონის შესახებ - ოფიციალური ვებ გვერდიდან (ვებ. გვერდის მითითებით).
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 14 ივნისს კერძო აღმასრულებლის - ფ. უ- მიერ მ. ჯ-ას თანდასწრებით შედგენილ იქნა ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი, რომელიც ხელმოწერილ იქნა მ. ჯ-ას მიერ. მითითებული აქტის თანახმად, მ. ჯ-ას განემარტა მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შინაარსი, ქონების აღწერის მიზანი, აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი და მათი სხვა უფლება-მოვალეობა.
2011 წლის 14 ივნისს კერძო აღმასრულებელმა - ფ. უ-ამ #... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 2011 წლის 7 ივნისს გაცემული #110569152 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიერ 2011 წლის 14 ივნისს დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება, მოვალის - მ. ჯ-ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: #....
დადგენილია, რომ 2011 წლის 27 ივნისს კერძო აღმასრულებელმა - ფ. უ-ამ #A...-008/001 წერილით მიმართა შპს „...ს“ და მოითხოვა მოსარჩელე მ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: #..., მოქმედი საბაზრო ღირებულებით შეფასება. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, 2011 წლის 29 ივნისს შპს „...სა“ და ფ. უ- შორის დაიდო #11/06-29/09 ხელშეკრულება ქონების შეფასებაზე.
შპს „...ის“ 2011 წლის 4 ივლისის #11/07-04/09 უძრავი ქონების აუდიტორული შეფასების (საექსპერტო დასკვნის) თანახმად, მ. ჯ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., შეფასდა 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარად.
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 9 ივლისს კრედიტორმა - ნ. შ-მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - ფ. უ- და მის მიერ წარდგენილი, 2011 წლის 7 ივნისის #110569152 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება, ხოლო 2011 წლის 29 ივლისს წარდგენილი განცხადებით შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლება მოითხოვა.
2011 წლის 3 აგვისტოს კერძო აღმასრულებელმა - ფ. უ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის წარმოებაში არსებულ #... სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით (კრედიტორი: ნ. შ-ი, ხოლო მოვალე: მ. ჯ-ა) მოითხოვა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., იძულებითი რეალიზაციისთვის სააუქციონო მომსახურების გაწევა.
ელექტრონული აუქციონების ვებ. გვერდზე ... წლის ... აგვისტოს გამოცხადებულ იქნა ... (ლოტი #..., განაცხადის #..., საქმის #...) ელექტრონული აუქციონი უძრავი ქონების (ს/კ #...) რეალიზაციის მიზნით, რომელიც დასრულდა ... წლის ... აგვისტოს.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #A... და #A...- განკარგულებების თანახმად, მოვალის - მ. ჯ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., საკადასტრო კოდი: #..., შემძენი გახდა ფ. გ-ე, რომელმაც ნივთი შეიძინა 142 600 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება კი განხორციელდა ნ. შ-ის სასარგებლოდ. ამასთან, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ხოლო ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან, ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
2011 წლის 30 აგვისტოს #A...- განკარგულების საფუძველზე, 2011 წლის 23 სექტემბერს, ქ. თბილისში, ..., ე.წ. „...“, ...-ში მდებარე #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ფ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მ. ჯ-ას სარჩელი, 2011 წლის 23 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და საკუთრების უფლების აღიარების გზით უძრავი ქონების უკან დაბრუნება-რესტიტუციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინებით მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს მ. ჯ-ამ განცხადებით (საჩივრით) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #A...- განკარგულების ბათილად ცნობისა და აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2015 წლის 16 დეკემბრის #5452 ბრძანებით მ. ჯ-ას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებლის ქმედების ნაწილში გასული იყო გასაჩივრების ვადა, ხოლო საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 23 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და საკუთრების უფლების აღიარების გზით უძრავი ქონების უკან დაბრუნება-რესტიტუციის თაობაზე, მოსარჩელე მ. ჯ-ა სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში აწარმოებდა დავას, თუმცა სარჩელი ზემოაღნიშნული მოთხოვნებით, არ იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის სამოქალაქო სამართალწარმოების წარუმატებლად დასრულებამ იმ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ძალაში დატოვება გამოიწვია, რომელიც საბოლოოდ საფუძვლად დაედო ნოტარიუსის მიერ 2011 წლის 7 ივნისის სააღსრულებო ფურცლის გაცემას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ძალაში დატოვებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნება, თუმცა რამდენადაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ძალაშია, მ. ჯ-ას ინტერესის დაკმაყოფილება მოცემული დავის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია. განსახილველი დავის კასატორის სასარგებლოდ გადაწყვეტის, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადავო განკარგულებების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სადავო ბრძანებისა და ... წლის ... აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, ყოველთვის იარსებებს ნოტარიუსის მიერ გაცემული სანოტარო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების ხელახალი დაწყების საფუძველი, მანამ, სანამ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, სრულყოფილად არ გაიმართება სააღსრულებო წარმოება.
ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე მ. ჯ-ას სასამართლოს მხრიდან არაერთხელ დეტალურად განემარტა არსებული მდგომარეობა. კასატორს, აგრეთვე, მრავალჯერ შეეთავაზა მესამე პირთან - ფ. გ-ესთან შეთანხმების მიღწევა. საგულისხმოა, რომ საკასაციო პალატამ მიმართა ყველა შესაძლო შესაძლებლობას სადავო ურთიერთობის პროცესის ორივე მონაწილისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი გზით გადაწყვეტის მიზნით მ. ჯ-ასა და სადავო უძრავი ქონების შემძენის, მესამე პირის - ფ. გ-ის ინტერესთა ურთიერთდაახლოებისა და ურთიერთდაბალანსებისათვის. თავად ფ. გ-ემაც გამოთქვა მზაობა, მ. ჯ-ასათვის სადავო უძრავი ქონებიდან გამოეყო კონკრეტული ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, იმისათვის, რომ მ. ჯ-ას შეძლებოდა მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის გამოყენება. საკასაციო პალატამ კასატორს ამგვარი შეთავაზების შემდგომაც გამოუყო გარკვეული დრო წამოყენებულ წინადადებაზე დასაფიქრებლად, თუმცა მ. ჯ-ამ მესამე პირის შეთავაზებაზე პრინციპული უარი განაცხადა. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საკასაციო პალატამ მიმართა ყველა შესაძლო ღონისძიებას, იმისათვის, რომ მ. ჯ-ას სადავო უძრავი ქონების გარკვეულ ნაწილზე მაინც შეენარჩუნებინა საკუთრების უფლება, თუმცა - უშედეგოდ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტები. ამავე კანონის 147 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ.
საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ განცხადებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 23 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2011 წლის 7 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, მოსარჩელე - მ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: #..., დაზუსტებული ფართობი: 1087.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 334 კვ.მ (სარდაფი ფართობით: 178 კვ.მ). სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, კერძო აღმასრულებელმა მ. ჯ-ას გაუგზავნა 2011 წლის 14 ივნისის #A...-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც მ. ჯ-ას პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 14 ივნისს. აღნიშნული წინადადებით ადრესატს განემარტა, რომ მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა, მას ასევე განემარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, მე-18 მუხლების შინაარსი და ისიც, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა. ამასთან, მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ მას დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან, ხოლო საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება კერძო აღმასრულებლისგანაც შეეძლო. ამავე თარიღით, კერძო აღმასრულებელმა - ფ. უ-ამ მ. ჯ-ას თანდასწრებით შეადგინა ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი, რომელიც ხელმოწერილ იქნა მ. ჯ-ას მიერ. მ. ჯ-ას განემარტა მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შინაარსი, ქონების აღწერის მიზანი, აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი და სხვა უფლება-მოვალეობანი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 3 აგვისტოს კერძო აღმასრულებელმა ფ. უ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის წარმოებაში არსებულ #... სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით (კრედიტორი: ნ. შ-ი, მოვალე: მ. ჯ-ა) მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისთვის სააუქციონო მომსახურების გაწევა მოითხოვა. ელექტრონული აუქციონების ვებ. გვერდზე ... წლის ... აგვისტოს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი უძრავი ქონების (ს/კ #...) რეალიზაციის მიზნით, რომელიც დასრულდა ... წლის ... აგვისტოს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #A...-... და #A...-... განკარგულებების თანახმად, მოვალე მ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ #...) შემძენი გახდა ფ. გ-ე. 2015 წლის 20 ნოემბერს მ. ჯ-ამ განცხადებით (საჩივრით) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 2011 წლის 30 აგვისტოს #A...-... განკარგულების ბათილად ცნობისა და აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 დეკემბრის #5452 ბრძანებით მ. ჯ-ას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებლის ქმედების ნაწილში გასული იყო გასაჩივრების ვადა, ხოლო საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააღსრულებო წარმოება და აუქციონი არ ჩატარებულა კანონით დადგენილი წესით, მისი სათანადოდ ინფორმირების გარეშე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ კერძო აღმასრულებლმა და შემდგომში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სწორად განახორციელეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურები, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდა აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას და ვებ. გვერდის საშუალებით მიეღო ინფორმაცია აუქციონის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, უსაფუძვლოა მ. ჯ-ას მოსაზრება აუქციონის შეჩერების აუცილებლობის თაობაზე, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებლად მიიჩნევს აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტას, შეჩერებას, გადადებას, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პროკურორის მხრიდან ასეთი მიმართვა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი არ ყოფილა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინტერნეტ აუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ“ რეჟიმში, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ბიჯი. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან კანონმდებლობა ბიჯების რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვას არ ითვალისწინებს, მოცემულ შემთხვევაში, ფ. გ-ის მიერ აუქციონში გამარჯვების მიზნით დაფიქსირებული ბიჯების ოდენობა არ წარმოადგენდა დარღვევას და მით უფრო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ფ. გ-ე, როგორც აუქციონის ერთადერთი მონაწილე, ფასის შემთავაზებელი, სწორად გამოცხადდა გამარჯვებულად.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
დადგენილია, რომ 2011 წლის 30 აგვისტოს #A... განკარგულებით მ. ჯ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისში, ... ში, ე.წ. „...“, ..., საკადასტრო კოდი: #...) შემძენი გახდა ფ. გ-ე. ამავე თარიღით, გამოცემულ იქნა #A...- განკარგულება, ვინაიდან #A... განკარგულებაში არასწორად იქნა მითითებული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის - მ. ჯ-ას პირადი ნომერი. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც #A...- განკარგულება მხოლოდ ქონების ძველი მესაკუთრის პირადი ნომრის მითითებით განსხვავდება #A... განკარგულებისაგან, არსებობდა მის საფუძველზე, თბილისში, ... ში (ე.წ. „...“, ..., ს/კ #...) უძრავი ნივთის მესაკუთრედ ფ. გ-ის რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობა, #A...- განკარგულება გამოცემულია #... განკარგულებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით და მასში რაიმე არსებითი ხასიათის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ის გარემოება, რომ განკარგულება გამოცემულია ახალი ნომრით და შემდეგ სწორედ იგი დაედო საფუძვლად უძრავი ნივთის ფ. გ-ის საკუთრებად რეგისტრაციას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს #... განკარგულების ბათილად ცნობას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ასათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო აღმასრულებლის მიერ 2011 წლის ივნის-ივლისის თვეში განხორციელებული ქმედებების თაობაზე, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადავო 2015 წლის 16 დეკემბრის #5452 ბრძანება, აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის გამო, მ. ჯ-ას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია. ამასთანავე, აღნიშნული ბრძანება კანონიერია მ. ჯ-ასათვის #A... განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილშიც, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #A... განკარგულება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2015 წლის 16 დეკემბრის #5452 ბრძანება მ. ჯ-ას საჩივრების განხილვაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული აღმასრულებლის ქმედებები და სადავო განკარგულება, რომელიც აუქციონის შედეგს წარმოადგენს, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოსარჩელის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი - მ. ჯ-ა უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც მოსარჩელის - მ. ჯ-ას სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ფ. გ-ის (პ/ნ #...) საკუთრებაში არსებულ საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ #...), მდებარე - ქ. თბილისი, ..., ე.წ. „...“, ...;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე