Facebook Twitter

ბს- 868 (კ-19) 23 ივლისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ომ“ 22.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 19.10.2017წ. N04/65474 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ - მ. ა-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და შპს „...ოს“ 31.10.2017წ. N1727/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.12.2017წ. N04/76909 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ოს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. საოქმო განჩინებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 19.10.2017წ. N04/65474 გადაწყვეტილება პაციენტ - მ. ა-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ოს“ 31.10.2017წ. N1727/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.12.2017წ. N04/76909 გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პაციენტ მ. ა-ს გაეწია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების აღკვეთის მიზნით დაუყოვნებელი ღონისძიებების გატარება, რაც ამ შემთხვევაში განხორციელდა, შესაბამისად გაწეული მომსახურების სტაციონარის ფარგლებში მოქცევა დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტი - მ. ა-ი მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში 2017 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდში. სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ პაციენტის კანონიერმა წარმომადგენელმა საჭიროების მიუხედავად უარი განაცხადა სტაციონალურ მკურნალობაზე, ხოლო დაწესებულებაში მკურნალობის დაყოვნება არ აღემატებოდა 24 საათს. ამდენად, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პაციენტის მდგომარეობის შემდგომი განვითარებიდან გამომდინარე, საჭირო იყო გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება. კასატორი მიუთითებს, რომ 24 საათზე ნაკლები დროით მომსახურება არ გულისმობს გადაუდებელ ამბულატორიას და შესაძლებელია პაციენტი თავიდანვე იყოს სტაციონალური მომსახურების ობიექტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სარჩელი საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-14, 15.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 15.6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 15.7 მუხლის შესაბამისად არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მ. ა-ი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მოსარგებლე პირს. სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ იგი კლინიკაში შეყვანილია „სსდ 112-ის“ მიერ გადაუდებელი მდგომარეობით, რისთვისაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. პაციენტის დაყოვნება განხორციელდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში 24 სთ-მდე დროით, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა მშობლის უარის გამო, რასაც ადასტურებს ხელწერილი.

გასაჩივრებულ აქტით, კერძოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.12.2017წ. N04/76909 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა „...ოს“ 31.10.2017წ. N1727/02 ადმინისტრაციული საჩივარი და სადავო შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მოიხმობს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სტაციონალური სამედიცინო მომსახურებისას თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურება არ ექვემდებარება ანაზღაურებას ანუ საუბარია ისეთ შემთვევებზე, როდესაც პაციენტებს გაეწიათ სტაციონალური სამედიცინო მომსახურება და თავიანთი სურვილით იცვლიან სამედიცინო დაწესებულებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება პაციენტის მიერ სხვა სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის ფაქტი, ამავდროულად სამედიცინო დაწესებულებას მოთხოვნილი აქვს პაციენტისათვის გაწეული გადაუდებელი ამბულატორიული და არა სტაციონალური მომსახურების ანაზღაურება, ხოლო მომსახურების სტაციონალურად მიჩნევა იმ საფუძვლით, რომ პაციენტზე შევსებული იყო სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

მოცემულ შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სპეციფიკისა და დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით პაციენტს გაეწია გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, რაც საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ N36 დადგენილების შესაბამისად ექვემდებერება ანაზღაურებას (იხ. სუს 11.04.2019წ. Nბს-74(კ-19) განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.07.2019წ. N20607 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე