ბს-967(კ-19) 23 ივლისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 13.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 08.02.2017წ. N8/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ ...ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“
9.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). „წესების“ 6.1 მუხლის
მიხედვით, აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა, შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის
საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი),
რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას
უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდა მიმწოდებლის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. „წესების“ 25.8 მუხლის თანახმად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. პალატა დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნას და აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაკისრების საფასურის განსაზღვრის მეთოდს, თუ გაირკვევა, რომ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ასეთი შემთხვევაა განსახილველ საქმეში. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დადგინდა კომპანიის მიერ აღრიცხვის კვანძის მონტაჟისა და მისი საანგარიშსწორებოდ მიღების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის არსებობა, ამასთანავე, შეუძლებელად იქნა მიჩნეული მომხმარებლის მიერ სადავო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ წყლის აღურუცხავად მოხმარების პერიოდზე საფასური უნდა გამოითვალოს მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მესამე პირის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ...ს არ მიუმართავს შპს „...ისათვის“ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით. ცენტრს მრიცხველის ჩვენების შესაბამისად დაერიცხა სასმელი წყლის საფასური. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 14.09.2015წ. ბრძანების თანახმად, ა(ა)იპ ...რს პირდაპირი განკარგვის წესით, უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ.თბილისში, მიცკევიჩის ქ. 29-29ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში, პირველ სართულზე არსებული 35,23 კვ.მ. ფართი. 2016 წლის სექტემბერში შპს „...მა“ ა(ა)იპ-ს დაარიცხა სასმელი წყლის საფასური 2411,32 ლარი. ამასთანავე, საქმის მასალებით დგინდება, რომ ა(ა)იპ-თვის წყლის მრიცხველის დამონტაჟება, შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა შპს „...ს“ არ განუხორციელებია. საქმის მასალებით არ დასტურდება ა(ა)იპ-ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვის მიზნით ნორმატიულად გათვალისწინებულ, მოხმარებისათვის ვარგის მდგომარეობაში მყოფი მრიცხველის არსებობა, რომელიც დასაშვები ცდომილების ფარგლებში აღრიცხავდა ცენტრის მიერ მოხმარებულ სასმელ წყალს. იმ მრიცხველის სანდოობა, რომლის ჩვენებითაც შპს „...მა“ სადავო დარიცხვისას იხელმძღვანელა, არ არის სათანადო წესით დადასტურებული. 10.11.2016წ. მიმართვაში შპს „...ი“ თავადვე უთითებს, რომ მისთვის უცნობია სასმელი წყლის მრიცხველის დამონტაჟების თარიღი, ამასთან, მრიცხველის დამონტაჟებისა და აბონენტად დარეგისტრირების თაობაზე კომპანიისათვის არავის მიუმართავს. ამდენად, გაურკვეველია მრიცხველის დამმონტაჟებელი სუბიექტი, დამონტაჟების თარიღი, მისი გამართულობა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მრიცხველი მოხმარებულ სასმელ წყალს აღრიცხავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ სადავო პერიოდში სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს „წესების“ 25.8 მუხლის შესაბამისად, რადგან შეუძლებელია კონკრეტულ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის - ა(ა)იპ ...ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის განსაზღვრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინება;
3.შპს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2019წ. N8298284028 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე