Facebook Twitter

ბს-1017(კ-19) 23 ივლისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 04.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 25.07.2016წ. N50/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ხ. ხ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტით მოსარჩელეს დავალებული აქვს ხ. ხ-ის საცხვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება, ხ. ხ-ის მიერ მიერთების საფასურის გადახდის პირობით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 1.3 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე. „წესების“ 18.7 მუხლის მიხედვით წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება, ხოლო 18.10 მუხლი აწესებს ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შესახებ წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ შპს „...ი“ იყო ვალდებული უზრუნველეყო მომხმარებლის წყალმომარაგება, რასაც უშუალოდ უკავშირდება მიმწოდებლის ვალდებულება, ფლობდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, კანონის შესაბამისად მოახდინოს წყალმომარაგების სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წყალმომარაგების ლიცენზიატი - შპს „...ი“ ვალდებული იყო განეხორციელებინა ხ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, სოფელ ...ში ხ. ხ-ის კუთვნილი სახლის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში არსებობს შპს „...ის“ მფლობელობაში მყოფი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა, რომელიც კომპანიის მიერ გამოიყენება მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის ინდივიდუალურ საკუთრებამდე მისაწოდებლად, ამასთანავე, არ არის აუცილებელი კომპანიამ მომხმარებელი მიაერთოს მაინცდამაინც იმ მილსადენზე, რომელიც განმცხადებლის კუთვნილი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. კომპანია თავისუფალია არჩევანში, თუ საიდან მიაწოდოს მომხმარებელს სასმელი წყალი. განმსაზღვრელია მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს იმგვარად, რომ პირი უზრუნველყოფილ იქნას წყალმომარაგებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია ლიცენზიანტი ვალდებულია, რომ მომხმარებელი დააერთოს წყალმომარაგების ქსელზე, თუმცა მნიშვნელოვანია დაერთების პირობებისა და ფასის განსაზღვრა. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია აღნიშნულ გარემოებებზე. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 18.9 მუხლის თანახმად, თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შუეთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ. ხ-ის სახლიდან 100 მეტრის რადიუსში გადის ფიზიკური პირების მიერ საკუთარი ხარჯებით გაყვანილი ქსელი, რომელიც მიიჩნევა ამ პირების საკუთრებად. შესაბამისად, შპს „...ს“ მათი ნებართვის გარეშე არ აქვს ამ ქსელის გამოყენების უფლება, რის გამო ხ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების ქსელზე დაერთება უნდა მომხდარიყო არარეგულირებადი ფასით. კასატორი თვლის, რომ მხოლოდ 100 მეტრის რადიუსში ქსელის არსებობა საკმარისი არ არის დაერთებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ლიცენზიატს ჰქონდეს ამ ქსელზე დაერთების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს არარეგულირებადი ფასი ან თავისი ხარჯებით ჩაატაროს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25.07.2016წ. გადაწყვეტილების მართლზომიერება, რომლითაც შპს „...ს“ დაევალა ხ. ხ-ის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდგომ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოების (სრული ტექნოლოგიური ციკლის) განხორციელება, მიერთების საფასურის გადახდის პირობით. სადავო აქტით არ განსაზღვრულა მიერთების პირობები, კონკრეტულად მისაერთებელი ქსელი ან მიერთების საფასურის დადგენის წესი. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა ფიქსირებული თუ არარეგულირებადი ფასით მიერთების საფასურის დაანგარიშების საკითხზე, მიერთების პირობებზე და ა. შ., არ არის დასაბუთებული. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებდა მომხმარებლის - ხ.ხ-ის ქსელზე დაერთების შესახებ შპს „...ის“ ვალდებულების არსებობა. გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში შპს თავად ადასტურებს ლიცენზიატის ვალდებულებას, დააერთოს მომხმარებელი წყალმომარაგების ქსელზე. ამასთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 18.10 მუხლის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის თანახმად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებული იყო ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განეხორციელებინა დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში. საქმის მასალებით დგინდება, რომ ხ. ხ-ის საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს წყალმომარაგების სისტემა, რომლის მეშვეობითაც შპს ახდენს სასმელი წყლის რეალიზაციას მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან განთავსებული ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, ამდენად, კომპანია ფლობს და სარგებლობს ხ. ხ-ის საცხოვრებლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე წყალმომარაგების სისტემით, იყენებს მას სასმელი წყლის ინდივიდუალურ საკუთრებამდე მისაწოდებლად. კასატორი აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების სისტემა არის ფიზიკური პირების საკუთრებაში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნორმა („წესების“ 18.10 მუხ.) უთითებს ლიცენზიატის მფლობელობაში და არა საკუთრებაში არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმის მასალების თანახმად, შპს „...მა“ დავის განხილვის პროცესში უზრუნველყო ხ. ხ-ის მოთხოვნის შესაბამისად, წყლის მილის გაყვანა და მრიცხველის დაყენება, რისთვისაც ხ. ხ-ემ გადაიხადა საფასური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინება;

3.შპს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.08.2019წ. N68 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე