#ბს-805(2კ-19) 24 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 11 აგვისტოს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.07.2016წ. #12858/2/16, #12860/2/16, #12861/2/16, #12862/2/16, #12863/2/16, #12864/2/16, #12865/2/16, #12866/2/16, #12867/2/16, #12868/2/16, #12869/2/16, #12870/2/16, #12871/2/16, #12872/2/16, #12873/2/16, #12874/2/16, #12875/2/16 გადაწყვეტილებების; სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.06.2016წ. #15466 ბრძანების, 03.06.2016წ. #15832 ბრძანების, 07.06.2016წ. #1630; #1631, #1633, #1634, #1635, #1636, #16138, #1669, #1670, #1671, #1672, #16173, #16174, #16175 ბრძანებების და 08.06.2016წ. #16260 ბრძანების; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 07.04.2016წ. #9173, #9175, #9176, #9177, #9178, #9179, #9180, #9181, #9182, #9183, #9185, #9186, #9187, #9188, #9189, #9193 და #21/10375 ბრძანებების; სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.04.2016წ. #69501/6, #69501/7, #69501/8, #69501/9, #69501/10, #69501/11, #69501/12, #69501/13, #69501/14, #69501/15, #69501/16, #69501/17, #69501/18, #69501/19, #69604/13, #69604/14 და #69604/15 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „...ის“ (ს/კ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.07.2016წ. #12858/2/16; #12860/2/16; #12861/2/16; #12862/2/16; #12863/2/16; #12864/2/16; #12865/2/16; #12866/2/16; #12867/2/16; #12868/2/16; #12869/2/16; #12870/2/16; #12871/2/16; #12872/2/16; #12873/2/16; #12874/2/16; #12875/2/16 გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.06.2016წ. #15466 ბრძანება, 03.06.2016წ. #15832 ბრძანება, 07.06.2016წ. #1630; #1631; #1633; #1634; #1635; #1636; #16138; #1669; #1670; #1671; #1672; #16173; #16174; #16175 ბრძანებები და 08.06.2016წ. #16260 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 07.04.2016წ. #9173, #9175, #9176, #9177, #9178, #9179, #9180, #9181, #9182, #9183, #9185, #9186, #9187, #9188, #9189, #9193, #21/10 375 ბრძანებები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 08.04.2016წ. #69501/6, #69501/7, #69501/8, #69501/9, #69501/10, #69501/11, #69501/12, #69501/13, #69501/14, #69501/15, #69501/16, #69501/17, #69501/18, #69501/19, #69604/13, #69604/14, #69604/15 საგადასახადო მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულ რეჟიმში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დროს დანაკლისის აღმოჩენა ანუ ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი ოდენობის ნაკლებობა შესაბამის დოკუმენტებში მითითებულ ოდენობასთან შედარებით, ავტომატურად არ უნდა გახდეს შპს „...ის“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმების საფუძველი, თუ არ დადგინდება, რომ აპელანტის მხრიდან ადგილი ჰქონდა იმავე მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო „განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების დროს, იმსჯელოს იმის შესახებ, შპს „...ის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულ რეჟიმში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დროს აღმოჩენილი დანაკლისი გამოწვეულია თუ არა შპს „...ის“ მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო „განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების“ შედეგად.
სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ გადამზიდველ სატრანსპორტო საშუალებებზე - ვაგონებზე საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული. ასე რომ ყოფილიყო, შესაბამისი საბაჟო ორგანო შეადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს ვაგონებზე ლუქის მთლიანობის დარღვევის თაობაზე და მოახდენდა შპს „...ის“ შესაბამისად დაჯარიმებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასევე, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზიდან შესაბამისი პროგრამით მიღებული ელექტრონული ინფორმაცია ვაგონების გადაადგილების თაობაზე, საიდანაც დგინდება, რომ ვაგონების შემადგენლობა მოძრაობდა გრაფიკის მიხედვით, ტრანსპორტირება განხორციელდა მინიმალურ დროში ზედმეტი გაჩერებების გარეშე, რომელიც არამარტო გამორიცხავს ცისტერნებიდან ტვირთის მოპარვის ან განკარგვის შესაძლებლობას, არამედ ასევე გამორიცხავს სარკინიგზო შემადგენლობის ვაგონების ტექნიკურ გაუმართაობასაც და შესაბამისად შენახვის პირობების დარღვევის მიზეზით ტვირთის დაკარგვას. გარდა ამისა, აპელანტი მიუთითებს, რომ გადასაზიდი ნავთობ პროდუქტების ტვირთების სახეობების თავისებურებიდან გამომდინარე, საერთოდ გამორიცხულია მათი „განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება“ ტრანსპორტირებისას, თუ არ მოხდა მისი გაჩერება და გარდა ამისა, ასეთი ტვირთის დაცლა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი გაცხელების შედეგად სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, რომელიც გააჩნიათ მხოლოდ ნავთობის ტერმინალებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლზე და აღნიშნავენ, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს-ის მიერ ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი არ იქნა მიტანილი უცვლელ მდგომარეობაში დანიშნულების ადგილზე, რაც დასტურდება სურვეიერული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით. დანაკლისი გასცდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 ივნისის #3376 ბრძანებით დამტკიცებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვებ ცდომილების ნორმებს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ლუქები დაზიანებული არ ყოფილა და შპს-ის ტვირთი შესაბამისი სარკინიგზო შემადგენლობით მოძრაობდა დადგენილი მარშრუტით, კასატორების მითითებით, აღნიშნული ვერ გამოდგება იმის დამადასტურებელ არგუმენტად, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის ივნისის თვეში საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ტრანზიტისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტით (მაზუთი) დატვირთული სარკინიგზო ვაგონები. ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებლობა აიღო შპს „...მა“ (ს/კ ...) (გადამზიდავი). ტვირთი განთავსდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. სურვეირული კომპანიის მიერ განხორციელებული აზომვების შედეგად ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების დანაკლისი - ტრანზიტულ რეჟიმში გადაზიდული ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი ოდენობა აღმოჩნდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობაზე ნაკლები, რის გამოც შპს „...ს“ (გადამზიდავი) ეკისრებოდა პასუხისმგებლობა (ჯარიმა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, თითოეულ ცალკეულ შემთხვევაზე შედგა სათანადო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები, რასაც არ დაეთანხმა შპს „...ი“, წარმართა დავა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის შედეგადაც კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შპს „...ის“ მიმართ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით არ დასტურდება და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების (რკინიგზის ვაგონების) საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქი/პლომბი) მთლიანობა დარღვეული იყო. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებებზე (რკინიგზის ვაგონების) ლუქის (პლომბის) დადება (დალუქვა/დაპლომბვა) განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, ჩატვირთვის ადგილზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე