Facebook Twitter

ბს-266 (კს-უს-19) 28 მაისი, 2020

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ი. თ-ე (მესამე პირი), წარმომადგენელი - გ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - ა. გ-ე, გ. ხ-ე (მოსარჩელეები); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი - თ. ფ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინება

დავის საგანი - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ემ და გ. ხ-ემ 28.05.2018წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილების 2.19 კვ.მ. (ა. გ-ის და გ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების) ნაწილში ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით ქალაქ თბილისში, ...ი, N3-ში არსებული მიწის ნაკვეთი მათ მიერ შეძენილ იქნა 2014 წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით. სამშენებლო ქვაბულის ამოღების შემდეგ სამუშაოები შეჩერდა და ვერ ხდება ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული არქტიტექტურული პროექტის რეალიზება და მშენებლობის წარმოება, რომლის ერთადერთ მიზეზს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მხრიდან არსებული კანონდარღვევები წარმოადგენს, რაც მათი ღობის მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებაში გამოიხატება. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან განხორციელებული სადავო რეგისტრაცია თავისი კანონსაწინააღმდეგო ხასიათის გამო კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის პირობებში, გადაფარვის/ზედდების მოტივით უნდა მომხდარიყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. ფ-ა და ი. თ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ის და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილება 2.19 კვ.მ. ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ას და ი. თ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. სასამართლო სხდომაზე ი. თ-ის წარმომადგენელმა გ. ვ-ემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. საოქმო განჩინებით ი. თ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. თ-ის მიერ.

ა. გ-ის და გ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. ა-ემ 24.04.2019წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ სასამართლო დავის დასრულებამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის გასხვისების და იპოთეკის უფლების რეგისტრაციების განხორციელების აკრძალვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში. მოცემულ მომენტამდე N... გადაწყვეტილება წარმოადგენდა ბოლო გადაწყვეტილებას N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე. განმცხადებლის მითითებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ 23.04.2019წ. საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა N... და N... განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ი. თ-ე ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემდა ი. ფ-ას N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N1 შენობაში III სართულს საერთო ფართით 108 კვ.მ., ხოლო თ. ფ-ა ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემდა ი. თ-ეს N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N1 შენობაში არსებული წილის ½ ნაწილს. აღნიშნული რეგისტრაციები არ არის დასრულებული. მოთხოვნილი რეგისტრაციების საფუძველზე N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე გახდება კიდევ ერთი (სხვა მესამე) პირი, რომელიც არსებულ თანამესაკუთრეებთან ერთად შეიძენს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით გაუქმდა საკუთრების უფლება. ამდენად, ზემოაღნიშნული განცხადებების, ასევე სამომავლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი გადაწყვეტილებების მიღება ერთმნიშვნელოვნად აზრს დაუკარგავს არსებულ სასამართლო დავას და შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად სსკ-ის 191-198-ე მუხლების საფუძველზე სახეზეა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინებით ა. გ-ის და გ. ხ-ის წარმომადგენლის ი. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის (მის: თბილისი, ...ი N9, ...ის ქ. N9) გასხვისების და იპოთეკის უფლების რეგისტრაციის განხორციელება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებას და მიაჩნიათ, რომ მესამე პირების ი. თ-ის და თ. ფ-ას სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის (ს.კ. N...) 2.19 კვ.მ. ზედდების ნაწილში საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლები არ არსებობდა, ვინაიდან აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მათ საკუთრებას. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე უძრავი ქონების შენარჩუნება წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიისათვის აუცილებელ პირობას. ი. თ-ის და თ. ფ-ას მიერ სადავო ქონების (ზედდების ნაწილის ჩათვლით) გასხვისება ქმნის ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ა. გ-ის და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილება ა. გ-ის და გ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან 2.19 კვ.მ. ზედდების ნაწილში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, ჩუქების ხელშეკრულებები, ადასტურებს განცხადებაში მითითებულ ფაქტებს სადავო უძრავი ქონების ნაწილის გაჩუქების თაობაზე. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიმართ მოსარჩელეებს რეალურად გააჩნიათ დაცვის ღირსი ინტერესი. შესაბამისად, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ი. თ-ის წარმომადგენელმა გ. ვ-ემ 15.05.2019წ. მიმართა საჩივრით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა. გ. ვ-ემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან უკვე არსებობს და დადგენილია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სასამართლო აკრძალვას, ყადაღას ან სხვა რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიებას არ იყენებს მესამე პირების მიმართ, აღნიშნულს არ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დასაბუთებულია საკმაოდ უსაფუძვლო არგუმენტებით. ი. ფ-ა არის თ. ფ-ას და, შესაბამისად მისთვის ცნობილია იმის თაობაზე, რომ შეტანილია საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამდენად ის ვერ იქნება კეთილსინდისიერი შემძენი. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 17.10.2017წ. N3/4/550 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად კეთილსინდისიერებაზე აპელირება, როდესაც ჩანაწერთან მიმართებით არსებობს საჩივარი, საფუძველს მოკლებულია. მოცემულ შემთხვევაში არ ექმნება პრობლემა აღსრულებას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ გარიგებას (ჩუქების ხელშეკრულებას) მხარე არ ასაჩივრებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მსგავს შემთხვევებში არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები მესამე პირის ქონებაზე ყადაღის დადებისა და მესამე პირებისათვის კონკრეტული მოქმედებების აკრძალვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში გაურკვეველია რა კავშირი აქვს ჩუქების ხელშეკრულებებს უზრუნველყოფის ღონისძიებასთან. მოცემული ხელშეკრულებების საფუძველზე იმთავითვე წარმოშობილია საკუთრებაზე მოთხოვნის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლის მიხედვით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.07.2005წ. N1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე სააქციო საოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 02.02.2010წ. გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრის N7975/06), სადაც საუბარია საკუთრების უფლებით დაცულ სფეროზე.

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია თუ რა მიზანს ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, მაშინ როდესაც ჩუქების ხელშეკრულებები სადავოდ არ არის გამხდარი და მოთხოვნის უფლება ი. ფ-ას რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც წარმოეშობა. ამდენად, საჩივრის ავტორი თვლის რომ, სახეზეა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. განჩინებით ი. თ-ის წარმომადგენლის გ. ვ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ის წარმომადგენლის გ. ვ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. განსახილველ შემთხვევაში ა. გ-ის და გ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. ა-ემ 24.04.2019წ. განცხადებით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ სასამართლო დავის დასრულებამდე მოპასუხისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის გასხვისების და იპოთეკის უფლების რეგისტრაციების განხორციელების აკრძალვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქმეში დაცული ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე მოსალოდნელი იყო სადავო ქონებაზე, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ახალი უფლების წარმოშობა და რეგისტრაციის შესახებ ახალი გადაწყვეტილებების მიღება, რაც გამოიწვევდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხისათვის სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში გარკვეული მოქმედებების აკრძალვის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში გ. ხ-ის და ა. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილების 2.19 კვ.მ. ზედდების ნაწილში ბათილად ცნობას. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ის და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილება 2.19 კვ.მ. ზედდების ნაწილში, ხოლო საქმის მასალებით, კერძოდ წარმოდგენილი ჩუქების ხელშეკრულებებით დასტურდება N... საკადასტრო კოდის მქონე სადავო უძრავი ქონების ნაწილის მესამე პირზე საკუთრებაში გადაცემის ფაქტი. შესაბამისად, დიდია აღნიშნული მიწის ნაკვეთის (მათ შორის ზედდების ნაწილში) გასხვისების ალბათობა, რაც გააძნელებს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავა მოსარჩელეების სასარგებლოდაა გადაწყვეტილი. მოთხოვნილი რეგისტრაციების საფუძველზე ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე გახდება კიდევ ერთი პირი, რომელიც არსებულ თანამესაკუთრეებთან ერთად შეიძენს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა საკუთრების უფლება. გარდა ამისა, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთან მიმართებაში მიღებული იქნება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები, რომლის თაობაზეც დავა სააპელაციო ინსტანციაში შეუძლებელი იქნება სასარჩელო მოთხოვნათა გაზრდის საპროცესო აკრძალვის გათვალისწინებით.

დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მოსაზრება კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების მესამე პირებთან მიმართებაში გამოყენების შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მოპასუხე მხარის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომელსაც აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე გარკვეული სახის ქმედებების, კერძოდ გასხვისების და იპოთეკის უფლების რეგისტრაციის განხორციელება. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების აკრძალვის პირობებში მოპასუხეს ერთმევა შესაძლებლობა გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს ის მიწის ნაკვეთი (მიწის ნაკვეთის ნაწილი), რომელზეც შესაძლოა მოსარჩელის უფლების არსებობა დადგინდეს. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან სულაც შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე არსებობს საფუძველი, რომლის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი შეიცავს ზოგად მითითებებს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროზე, ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც არ უკავშირდება განსახილველ შემთხვევას და არ ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების არამართლზომიერებას. უსაფუძვლოა ასევე საჩივარში მოყვანილი მოტივაცია ჩუქების ხელშეკრულების განსახილველ შემთხვევასთან კავშირის არარსებობის და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გარეშე წარმოშობის შესახებ. სკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოსაშობად აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესაბამისი გარიგების რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო სადავო უძრავ ნივთზე არსებული უფლებრივი მდგომარეობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად.

ამასთანავე, საჩივრების ავტორი მიიჩნევს, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის არსებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხორციელდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო სადავო რეგისტრაცია მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ხოლო წარმოდგენილი ჩუქების ხელშეკრულებებით არსებობს სადავო უძრავი ქონების ნაწილის გასხვისების რისკი, სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე ქმნის სარჩელის უზრუნვეყლყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-ის წარმომადგენლის გ. ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე