#ბს-46(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. პ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 7 აპრილს ზ. პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 მარტის №41 210 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 2017 წლის 6 მარტიდან სამსახურში ფაქტობრივ აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. პ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 მარტის №41 210 ბრძანება ზ. პ-ის ...ის ...ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ცალ-ცალკე ზ. პ-ემ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ზ. პ-ის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული და საკასაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა ზეპირი დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ზ. პ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მუშაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის საკითხი არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა რიგს. სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ზ. პ-ის სამსახურში აღდგენის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია მისი თანამდებობის ვაკანტურობის ან ამავე დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის არსებობის საკითხი, რის შემდეგაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გადაეწყვიტა ზ. პ-ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „მიზანშეწონილია სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საკითხის ერთი სასამართლწარმოების ფარგლებში გადაწყვეტა, რათა დასაქმებულს უფლებებში აღდგენის მიზნით არ მოუწიოს კანონით გათვალისწინებული სამი სხვადასხვა საშუალებიდან (პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, კომპენსაცია) სასამართლოსადმი რამოდენიმეჯერ მიმართვა თითოეული მათგანის მოსაპოვებად. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სასამართლო წესით ბათილად ცნობის შემდგომ საჯარო სამსახურის მიერ აღდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა მოხელეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რადგანაც მან უფლების აღდგენის მიზნით ხელახლა უნდა მიმართოს სასამართლოს, ამცირებს მართლმსაჯულების ეფექტურობას. ამდენად, სასამართლო საქმის განხილვისას ვალდებულია გამოიკვლიოს პირის უფლებებში აღდგენის ყველა შესაძლებლობა, რათა დაადგინოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ილუზორულს ხდის მოსარჩელის უფლების აღდგენას, სააპელაციო პალატა შემოიფარგლა ადმინისტრაციის უფლებებზე მითითებით და არ იქონია მსჯელობა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობაზე.“
საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით გათვალისწინებული უფლების დროებით დაცვის სამართლებრივი საშუალებების (სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლები) გამოყენების შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უცილობლად იწვევს მოხელის დაუყოვნებლივ თანამდებობაზე აღდგენას, რამდენადაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამორიცხავს თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნას. ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ხსენებული საპროცესო საშუალებების გამოყენება არ მომხდარა, არ გამორიცხავდა სააპელაციო პალატის ვალდებულებას შეესწავლა მოსარჩელის თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ გათავისუფლებამდე ზ. პ-ის მიერ დაკავებული თანაშემწის თანამდებობაზე სხვა პირი არ იყო დანიშნული, მოსარჩელე ექვემდებარებოდა აღდგენას. იმ შემთხვევაში, თუ თანაშემწის თანამდებობა იყო დაკავებული სხვა მოხელის მიერ და მისი დანიშვნის კანონიერება არ იყო სადავო, ზ. პ-ე ექვემდებარებოდა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, ვინაიდან, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტი იყო კანონსაწინააღმდეგო, რაც ქმნიდა სამსახურში აღდგენის სამართლებრივ საფუძველს. გათავისუფლების პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, შტატების შემცირების გარეშე რეორგანიზაცია შესაძლოა გამხარიყო სამუშაოზე გადაყვანის საფუძველი (43-ე მუხლი). რეორგანიზაციის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოირიცხებოდა მოხელის გადაყვანა სხვა, მათ შორის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ თანამდებობაზე, თუნდაც რანგით უფრო დაბალზე, რაზეც მოსარჩელე სასარჩელო განცხადების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე არ იყო წინააღმდეგი. საკასაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საჯარო-შრომითი ურთიერთობის ამ მიმართებით გარდაქმნის შესაძლებლობაზე. ვინაიდან, საქმეზე არ იყო გამოკვლეული სამსახურში აღდგენის ყველა შესაძლებლობა, დაუსაბუთებელი იყო აგრეთვე განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. პ-ე აღდგენილ იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 10 მარტის №41210 ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ზ. პ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სააპელაციო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ზ. პ-ის ...ის ...ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 მარტის №41210 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის N41-395 ბრძანებით ზ. პ-ე დაინიშნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ...ის ...ის თანამდებობაზე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებით ...ის ...ის, როგორც უფროსი საჯარო თანამდებობის პირის სარგო განსაზღვრული იყო 875 (რვაასსამოცდათხუთმეტი) ლარით.
ამასთან, სასამაღთლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებული საშტატო ნუსხების თანახმად, ...ის ...ის თანამდებობა იყო უფროსი საჯარო თანამდებობა (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26.02.16წ. №10 და 28.02.17წ. №15 დადგენილებები).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №15 დადგენილებით ...ის ...ის თანამდებობის ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შესვლის მიუხედავად (ცვლილებამდე თანაშემწის თანამდებობა არ იყო გათვალისწინებული კონკრეტულ სამსახურში) მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად ...ის ...ისათვის განსხვავებული ფუნქციების განსაზღვრა, აღნიშნული თანამდებობისათვის განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების წამოყენება, აგრეთვე ახალი საშტატო ნუსხით ...ის ...ისათვის დაკისრებული ფუნქციის ზ. პ-ის მიერ შესრულების შეუძლებლობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ ახალი საშტატო ნუსხით ...ის ...ისთვის დადგინდა განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქციები, არ იყო დასაბუთებული.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშნული იყო სოფიო ნატრიაშვილი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პირობებში სამართლებრივად და ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ზ. პ-ის აღდგენა მოცემულ თანამდებობაზე, თუმცა ზ. პ-ე უნდა აღდგენილიყო ტოლფას თანამდებობაზე. კერძოდ, ზ. პ-ე უნდა აღდგენილიყო იმავე რანგის (დონის) თანამდებობაზე, რომელიც არსებითად არ ცვლიდა შრომის პირობებს და რომლის განსახორციელებლად საკმარისი იყო მისი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლეოდა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. პ-ეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 10 მარტის №41210 ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე ზ. პ-ის აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან, ამჟამად არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც შესაძლებელი იქნება დაინიშნოს ზ. პ-ე. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებისას ...ის ...ისათვის დადგინდა განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რასაც ვერ აკმაყოფილებდა ზ. პ-ე.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელე ზ. პ-ის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 10 მარტის №41210 ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ზ. პ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება - მოსარჩელე ზ. პ-ის ...ის ...ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 მარტის №41210 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონითაა დადგენილი მოსამსახურეთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში, წარმოადგენს საჯარო სამსახურის სახეს, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოსარჩელე სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, ის წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, შესაბამისად, მასზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არ არსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, ზ. პ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად არის ცნობილი (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით), სახეზე არის „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლით განსაზღვრული უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ...ის ...ის თანამდებობა არ არის ვაკანტური და მასზე დანიშნული არის სოფიო ნატრიაშვილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, ზ. პ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტოლფასი თანამდებობის არ არსებობის და კონკრეტული თანამდებობების მიმართ განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპვება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე