Facebook Twitter

№ბს-19(კ-20) 17 ივნისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 7 სექტემბერს დ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 აგვისტოს №300 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის №... წერილის საფუძველზე, №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე ... საკადასტრო კოდით მონიშნულ 111.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ჯ-ე 1976 წლიდან 1998 წლის სექტემბრის თვემდე ცხოვრობდა ქ. ...ში, ...ის N...-ში მდებარე მშობლების 20.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელ სახლში, გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი იყო ათსულიანი, გორის მერიის სამშენებლო კომპლექსისა და ურბანიზაციის სათბობენერგეტიკულ საკითხთა დეპარტამენტთან არსებული მუდმივმოქმედი ტექნიკური კომისიის 1998 წლის 17 სექტემბრის №8 ოქმით, გორის მერიის ტექნიკურმა კომისიამ გორში, ...ის დასახლებაში მშენებარე სახლის მშენებლობის დამთავრებამდე ორ შვილთან და შვილიშვილთან ერთად №... ...დან დროებით შეასახლა ლ. ა-ის მიერ გათავისუფლებულ №... ...ში - 16.00 კვ.მ საცხოვრებელ ფართში.

2001 წლის 23 მაისის №110 (ოქმი №10) გადაწყვეტილებით მეჯვრისხევის ქუჩის №..., №..., №..., №... ...ის მაცხოვრებლებზე განაწილდა ... ბინიანი დაუმთავრებელი სახლი ...ის დასახლებაში, შესაბამისად, დ. ჯ-ეს და მის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სამოთახიანი ბინა აღნიშნულ დასახლებაში.

დ. ჯ-ის წარმომადგენელმა ზ. მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. ...ში, ...ის №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე, დ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა დ. ჯ-ის რეესტრში წარდგენილი მასალები, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად. ნ. ო-ის, მ. ო-ის და გ. ხ-ის ნოტარიულად დამოწმებული აქტის თანახმად, დ. ჯ-ემ 1998 წლიდან თვითნებურად დაიკავა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს მომზადებულ №... სიტუაციურ ნახაზზე ... საკადასტრო კოდით მონიშნული 111.00 კვ.მ-ი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც 1987-2000 წლებში ააშენა საცხოვრებელი სახლი, სადაც დღემდე ცხოვრობს და სარგებლობს მისით.

დ. ჯ-ის მეზობლების - ნ. ო-ის, იულია შატაკიშვილის და არცვიკ შატაკიშვილის ნოტარიულად დამოწმებული აქტების თანახმად, დ. ჯ-ემ 1996 წლიდან თვითნებურად დაიკავა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს მომზადებულ №... სიტუაციურ ნახაზზე ... საკადასტრო კოდით მონიშნული 111.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ამავე წელს ააშენა საცხოვრებელი სახლი.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა დ. ჯ-ის განცხადება და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, ქ. გორში, ...ის ... N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო 111 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ვინაიდან არ დადგინდა თვითნებურად დაკავების ფაქტი და საცხოვრებელი სახლის დ. ჯ-ის მიერ აშენება.

სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა კონკრეტული გარემოებები, რომელთა მიხედვითაც არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავების და შენობის აშენების ფაქტი. კერძოდ, დ. ჯ-ეს შესაბამისი ნებართვით დროებით გადაეცა აღნიშნული ფართი და გადაცემის მომენტში უკვე აშენებული იყო მასზე შენობა-ნაგებობა, ამიტომ მხოლოდ მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტი ამ შემთხვევაში არ იქნებოდა საკმარისი.

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება მოსახლების მიერ მეჯვრისხევის ქუჩის №..., №... №..., №... ...ის თვითნებურად დაკავების ფაქტზე, რასაც თავად მოპასუხეც ადასტურებდა და სწორედ ამიტომ 1998 წელს გორის მერიას დასჭირდა ამ ხალხის მშენებარე ბინებით დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არც ის გარემოება მიიღეს მხედველობაში, რომ მას შემდეგ, რაც გორის რაიონის გამგეობის 2001 წლის 23 მაისის №110 (ოქმი №10) გადაწყვეტილებით გორში, ...ის დასახლებაში მშენებარე ... ბინიან სახლში მას და მის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სამოთახიანი ბინა, მისი ქ. ...ში, ...ის №4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა გახდა უკანონო. მას ეს ფართი დღემდე არ მიუტოვებია, ცხოვრობს და სარგებლობს ამ ქონებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - დ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. ჯ-ე 1976 წლიდან 1998 წლის სექტემბრის თვემდე ცხოვრობდა ქ. ...ში, ...ის N...-ში მდებარე მშობლების 20.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელ სახლში, გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი იყო ათსულიანი, გორის მერიის სამშენებლო კომპლექსისა და ურბანიზაციის სათბობენერგეტიკულ საკითხთა დეპარტამენტთან არსებულ მუდმივმოქმედი ტექნიკური კომისიის 1998 წლის 17 სექტემბრის №8 ოქმით, გორის მერიის ტექნიკურმა კომისიამ გორში, ...ის ...ში მშენებარე სახლის მშენებლობის დამთავრებამდე ორ შვილთან და შვილიშვილთან ერთად N... ...ან დროებით შეასახლა ლ. ა-ის მიერ გათავისუფლებულ №... ...ში 16.00 კვ.მ საცხოვრებელ ფართში.

2001 წლის 23 მაისის №110 (ოქმი №10) გადაწყვეტილებით მეჯვრისხევის ქუჩის №..., №... №..., №... ...ის მაცხოვრებლებზე განაწილდა ... ბინიანი დაუმთავრებელი სახლი ...ის დასახლებაში, შესაბამისად, დ. ჯ-ეს და მის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ... ბინა აღნიშნულ დასახლებაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მას არ მიუტოვებია დროებით მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი და განახორციელა არსებული შენობის გაფართოება და მიშენება, შესაბამისად, მას წარმოეშვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ. ჯ-ე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად აღიარების საფუძვლად მიუთითებს, იმ საცხოვრებელი ფართის გაუმჯობესებაზე და ფართში ცხოვრებაზე, რომელიც ირიცხებოდა და განკარგული იყო ქ. გორის მერიის მიერ (შესაბამისად იმყოფებოდა, მერიის ბალანსზე), შესაბამისად, საცხოვრებელ ფართზე უფლების მოპოვება შესაძლებელია განხორციელებულიყო არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში, არამედ პრივატიზების გზით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ჯ-ეს საკასაციო საჩივარზე 06.03.2020წ. #9158138687 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ჯ-ეს (პ/ნ 59001046512) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება;

3. დ. ჯ-ეს (პ/ნ 59001046512) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.03.2020წ. #9158138687 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე