Facebook Twitter

№ბს-261(კ-20) 17 ივნისი, 2020 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ. რ-ი; მ. ს-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 6 მარტს ბ. რ-მა და მ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის №363 ბრძანებისა და ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი №99) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, ასევე მოსარჩელეების მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1500 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. რ-ისა და მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (ოქმი №99; მოსარჩელეთა ნაწილში); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 8 თებერვლის №363 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელეების - ბ. რ-ისა და მ. ს-ის სასარგებლოდ, დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ბ. რ-ი და მ. ს-ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს..., ..., ...ის ქუჩა N...-.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 თებერვლის №... წერილის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ბ. რ-ის (პირადი ნომერი - ...) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული ინფორმაცია მოძიებულ იქნა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი ნომრებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით.

2017 წლის 26 იანვარს ბ. რ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. განმცხადებელმა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე - მ. ს-ი. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ...ის რაიონი, სოფ. .... კითხვარში აღნიშნულია, რომ თვიური ხარჯები საშუალოდ შეადგენს 225 ლარს, შემოსავალი შეადგენს 225 ლარს (პენსია -180 ლარი, დევნილთა შემწეობა - 45 ლარი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, სამინისტრომ 2017 წლის 20 ივნისს ბ. რ-ის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში (ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე – 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი – 3 ქულა) ჯამში 4.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა.

მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 04 ოქტომბერს გამოცხადნენ ბ. რ-ისა და მ. ს-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - ...ის რაიონში, სოფელ ...ში, სადაც გაესაუბრნენ განმცხადებელს - ბ. რ-ს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2 წლის მანძილზე ქირის გარეშე, შემოსავალი აქვს 240 ლარი და ფიქსირდება სოც. ბაზაში 17 830 ქულით. ასევე მიუთითა, რომ მანამდე ცხოვრობდა შვილთან - ზ. რ-თან, მისამართზე:..., ...ის ქ. N...-ში, კერძო ორ სართულიან სახლში 2007-2015 წლებში, ხოლო 1991-1997 წლებში ცხოვრობდა მისამართზე:..., გ. ...ის ქ. N...--ში, ... სახლში.

მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 16 ოქტომბერს ასევე გამოცხადდა მისამართზე: ..., ...ის ქ. N...-ში და გაესაუბრნენ განმცხადებლის შვილს - ზ. რ-ს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან - ნ. კ-ესთან, შვილთან - გ. რ-თან, რძალთან - ნ. ხ-თან ერთად, რომლებიც იმყოფებოდნენ რუსეთში სამოგზაუროდ. მამის - ბ. რ-ის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა სოფ. ...ში და პერიოდულად ჩადიოდა მასთან.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულად მიიჩნია, რომ ...ის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; შენობა - ნაგებობების საერთო ფართით 35.66 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს ზ. მ-ე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №99 ოქმით დგინდებოდა, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, განიხილა შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულებით დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით ქ. ...ში, გრძელვადიან განსახლების მიმდინარე ეტაპზე 1 ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ბ. რ-ის ოჯახს (სარეგ. №025-02253) იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არ ჰქონდათ რაიმე სახის უძრავი ქონება, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმში (20.12.2017წ. ოქმი №99) კი უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო მოსარჩელეთა შვილის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ არა შვილის საცხოვრებელ სახლში, არამედ სოფელ ...ში, ახლობლის სახლში. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად ცხოვრობენ შვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში და შესაბამისად, არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს (ზაკ-ის 96-ე მუხლი).

ამასთან, საქალაქო სასამართლომ, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება, რო...ც წარმომადგენლებისათვის იურიდიული მომსახურების საფასურად გადახდილი თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. საცხოვრებლის სწრაფად ან რამდენიმე საცხოვრებლის მიღების მოტივით დევნილთა ოჯახები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რომელთაც დიდი სურვილი აქვთ სწრაფად მიიღონ ბინა, ასხვისებენ ბინებს, ასევე ქირაობენ ბინებს, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს დაუდასტურონ ამა თუ იმ პირის ცხოვრების ფაქტი, ხოლო ქირას, რომელსაც სამინისტრო ურიცხავს უხდიან რეგულარულად, რათა კმაყოფილი იყოს მესაკუთრე და სამინისტროს თანამშრომლების მისვლაზე ყოველ ჯერზე დაადასტურონ ცხოვრების ფაქტი, ამ შემთხვევაში - ქირის არსებობის შემთხვევაში - აპლიკაციის შევსებისას მათ ემატებათ ქირის ქულა, რაც ემატება რეალურად არსებულ ქულებს, ვინაიდან, რაც უფრო მაღალია ქულა მით მეტია ბინის მიღების შანსი. ასევე ხშირია შემთხვევები მათივე საკუთრების გასხვისების ან გაჩუქებისა ისევ ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე, რაც ასევე ქულის მომატების მიზეზია.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეული იყო სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, რომელიც არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას და რომელიც ცდილობს უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა“ განიმარტება, როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები მოცემულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლში. დევნილი ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, დადგენილია ის გარემოება, რომ მ. ს-ი და ბ. რ-ი ცხოვრობენ არა შვილის, არამედ ახლობლის საცხოვრებელ სახლში, სოფელ ...ში. ამასთან, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორის მიერ არ წარმოდგენილა. ამდენად, სადავო აქტები, რომელშიც, მოსარჩელეთა გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია შვილის სახლში ცხოვრების ფაქტი და აუცილებელი საჭიროების არ არსებობა, წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე დადგენილ გარემოებებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.

ამასთან, კასატორის მხრიდან ზოგად პრაქტიკულ მაგალითებზე მითითება და განსახილველი შემთხვევის განზოგადება, ყოველგვარი დამადასტურებელი ფაქტისა თუ მტკიცებულების გარეშე სამართლებრივად აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს (მათ შორის, ადვოკატის ხარჯებთან მიმართებაში), რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე