გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 67-აპ 3 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. ისაევი (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა ქუთაისის საოლქო პროკურატურის თანაშემწის _ შ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 ივლისის განაჩენში გრ.გ-ს მიმართ, კერძოდ, გრ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ" ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი. მსჯავრდებული გრ. გ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა პატიმრობიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გრ. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2004 წლის 13 იანვარს გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მივიდა ... მცხოვრებ თ. დ-ს საცხოვრებელ ბინასთან, ისარგებლა ამ უკანასკნელის სახლში არყოფნით, გარედან მიწოლით გააღო ფანჯარა და შეაღწია შიგნით, საიდანაც ფარულად გაიტაცა დაზარალებულის კუთვნილი, 975 ლარის ფასეულობანი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი შ. ვ ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი არის მეტისმეტად მსუბუქი და არასამართლიანი, რადგან გრ. გ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. ჯ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა პროკურორ შ. ვ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით მსჯავრდებულ გრ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გრ. გ პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდება დადებითად, დაზარალებული მხარე არ იყო დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით, რის გამოც შეფარდებული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 3 წელი.
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თითქმის ერთი წელი მსჯავრდებულმა გაატარა პატიმრობაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად მსუბუქ სასჯელად და ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველიც არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 იანვრის განაჩენი გრ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.