№ბს-270(2კ-20) 17 ივნისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 სექტემბერს ე. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ37.01180893 ბრძანების ნაწილობრივ (რომლითაც ე. ჩ-ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა) ბათილად ცნობა, ე. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №395 ბრძანების ბათილად ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (რომლითაც ე. ჩ-ს აღუდგება კომპენსაციის ჩარიცხვა 300 ლარის ოდენობით) და 2018 წლის მარტიდან მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, ე. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ37.01180893 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ე. ჩ-ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №395 ბრძანება, ე. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაეკისრა 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ე. ჩ-ის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის თანხის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურება; ე. ჩ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ. აპელანტებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. ჩ-ი წარმოადგენდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის მიმღებ პირს. ე. ჩ-ის და მისი ოჯახის კომპენსაცია განისაზღვრებოდა 300 ლარით.
2018 წლის 5 იანვარს №180005625 სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, თამარ მინდიაშვილმა („გამქირავებელი“) ე. ჩ-ს („დამქირავებელი“) მიაქირავა ბინა (ქ. თბილისში, წულუკიძის ჩიხი, კორპ. 7, ბინა 23) 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით, რისთვისაც ამ უკანასკნელს გამქირავებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 350 (სამასორმოცდაათი) ლარი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ (საბჭომ) 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე განიხილა ამავე გამგეობის მიერ რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ბინის ქირის გადახდა შეუწყდა 3 ბენეფიციარს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ (გამგებლის მოადგილე სოციალური პროგრამების მიმართულებით) 2018 წლის 30 მარტის №37-011808969 მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე რაიონის გამგებელს და იშუამდგომლა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და №19/01180826448-37 განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ე. ჩ-ისთვის ბინის ქირის გადახდის შეწყვეტა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ37.01180893 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, დანართი №3-ში მითითებულ ბენეფიციარებს, მათ შორის, ე. ჩ-ს 2018 წლის მარტის თვიდან შეუწყდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა.
ე. ჩ-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ37.01180893 ბრძანება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №395 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ე. ჩ-ის 2018 წლის 2 აპრილის №19/01180923563-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ37.01180893 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ე. ჩ-ისთვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში. ამავე ბრძანების თანახმად, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე. ჩ-ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ე. ჩ-ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 14 მარტამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 4678,10 ლარს, კერძოდ, ყოველთვიურად, თვეში 325 ლარის ოდენობით ხელფასის სახით ა(ა)იპ „კომუნალური I“-დან, 2017 წლის მარტში, ხელფასი 210 ლარი - სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან და 2017 წლის ნოემბერში, ხელფასი 243,10 ლარი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.
ე. ჩ-ი 2018 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, დასაქმებული იყო ა(ა)იპ „კომუნალური I“-ში, მარეგულირებლად. მისი სამუშაო დატვირთვა მორიგეობის მიხედვით შეადგენდა კვირაში ორ დღეს.
სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით ე. ჩ-ის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 08 ნოემბრამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 0 ლარს.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ლ. ნ-ის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 14 მარტამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 4096,54 ლარს, რომელიც მიღებული ჰქონდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანებიდან და სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლიდან, ხელფასის სახით.
2018 წლის 2 აპრილის მდგომარეობით ლ. ნ-ი დასაქმებული იყო სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში, მუსიკის მასწავლებლად, მისი საათობრივი დატვირთვა შეადგენდა 7 საათს, რომელსაც ატარებდა კვირაში ორი დღე.
ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ნათია ჩალაბაშვილის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 17 082.11 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 3 416,44 ლარს. აღნიშნული შემოსავალი წარმოადგენდა მის ხელფასს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მზია ჩალაბაშვილის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურში არ დაფიქსირდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, სს „...ში“ სასესხო ვალდებულებები დაფიქსირდა ე. ჩ-ის სახელზე. 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით, სს „ლ...ში“ სასესხო ვალდებულება დაფიქსირდა ლ. ნ-ის სახელზე, 2018 წლის 1 აგვისტომდე. 2018 წლის განმავლობაში, სს „საქართველოს ბანკში“ ნათია ჩალაბაშვილის სახელზე დაფიქსირდა კრედიტი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 თებერვლის №ბ37.01190574 ბრძანებით დაკმაყოფილდა ე. ჩ-ის განცხადება ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი, რომლის მიზანი იყო კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნდა სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან, მოცემული მომენტისათვის არ იყო დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე წესის ამავე რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქვეპროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა). ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნებოდა საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავდა კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლიდა შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენდა ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებდა სხვა უფლება-მოვალეობებს. გამგებელის ბრძანებით განისაზღვრებოდა საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა ყოფილიყო სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებული იყო, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეემოწმებინა ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ უნდა შემოწმებულიყო: ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით; ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე; გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მე-3 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა სხვა გარემოებების არსებობაც.
აღნიშნული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველი იყო ის შემთხვევა, როდესაც აღარ არსებობდა ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენდა მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულად მიიჩნის, რომ მართალია ოჯახის სამი წევრის დასაბეგრი შემოსავალი (2018 წლის მარტის მდგომარეობით) მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმს, მაგრამ ამავე პერიოდში ოჯახის შემოსავლის მქონე ყველა წევრს გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციასა თუ ბანკის წინაშე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მხოლოდ დასაბეგრი შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნია ოჯახის მიერ საკუთარი ფინანსებით ბინის ქირის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმო იყო ასევე საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ე. ჩ-ის შემოსავალი 2018 წლის 1 აგვისტოდან 8 ნოემბრამდე შეადგენდა 0 ლარს, რაც ავტომატურად გულისხმობდა 2018 წლის განმავლობაში მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ქირის გადახდის შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე. ჩ-ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა მოსარჩელისათვის კომპენსაციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა, რის გამოც მოსარჩელე ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კომპენსაციის მიმღები პირისათვის დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგებლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ე. ჩ-ისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გამოყოფის შეწყვეტის თაობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ საჩივრის ავტორისათვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდის გაგრძელების მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძველი გახდა 2018 წლის 23 მარტის №19/0118082648-37 განცხადებაზე თანდართული, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობები ე. ჩ-ისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლების თაობაზე.
კასატორი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსულტაციო სათათბირო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ შეისწავლოს ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, კასატორის აღნიშვნით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მხოლოდ კომპენსაციის მიმღები პირის და არა მისი ოჯახის წევრების სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით ცალსახად დგინდებოდა კომპენსაციის შეწყვეტის კანონიერება. შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდა საკითხის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის - ე. ჩ-ისათვის დანგრეული სახლების საცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდის შეწყვეტის კანონიერების შეფასება და მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი, რომლის მიზანი იყო კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნდა სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან, მოცემული მომენტისათვის არ იყო დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამავე წესის ამავე რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქვეპროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა). ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნებოდა საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავდა კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლიდა შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენდა ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებდა სხვა უფლება-მოვალეობებს. გამგებელის ბრძანებით განისაზღვრებოდა საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა ყოფილიყო სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.
ამასთან, ზემოაღნიშნული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებული იყო, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეემოწმებინა ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ უნდა შემოწმებულიყო: ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით; ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე; გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მე-3 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა სხვა გარემოებების არსებობაც. წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველი იყო ის შემთხვევა, როდესაც აღარ არსებობდა ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც მისი აქტივები/შემოსავლები, ასევე, პასივები/ვალდებულებები/ხარჯები და მხოლოდ ორივეს ურთიერთშეჯერებით მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მათ შორის, საკუთარი შემოსავლებით ქირის გადახდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ოჯახის შემოსავლის მქონე ყველა წევრს გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციისა თუ ბანკის წინაშე, ასევე ე. ჩ-ის შემოსავალი 2018 წლის 1 აგვისტოდან 8 ნოემბრამდე შეადგენდა 0 ლარს, საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ქირის გადახდის შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე