Facebook Twitter

№ბს-255(კ-20) 17 ივნისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ე-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 იანვარს ე. ე-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმარულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმარულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №316 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (... კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ე. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №316 განკარგულება, რომლითაც ე. ე-ას უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ე-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმარულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმარულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დადგენილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა თვითუზრუნველყოფის უნარის ამაღლების პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტის მონაწილეს, ...ის თემის ს/კ ,,...ი’’ წევრს ე. ე-ას გადაეცა პირად საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი (კოტეჯი №...) საწყისი ოჯახური მეურნეობით, მისამართზე: ...ოს რაიონი, სოფელი ...ი.

2017 წლის 5 აპრილს ე. ე-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წყალტუბო სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაზე გადაგზავნის თაობაზე; თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ; ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; ელ. ვერსია, მოქალაქის განცხადება.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 16 აგვისტოს №... წერილით აცნობა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ ...ოს რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსია ე. ე-ა, რეგისტრირებული არ იყო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 მაისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე (წყალტუბო, სოფელი ...ი) ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის უფლება რეგისტრირებული არ იყო. ამავე წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ...ოს რაიონის ...ის მებოსტნეობის ს/მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სახნავ (მრავალწლიანი ნარგავები) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართობს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 მაისის №... მიმართვის თანახმად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ე. ე-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე:..., სოფელი ...ი, განსახილველად გადაეგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ივლისის მიმართვის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ხომ არ იყო გაცემული რაიმე სახის დოკუმენტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების მიზნით და ასევე ითხოვა სააგენტოს პოზიცია აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 20 სექტემბრის 01-01/07/22771 წერილის თანახმად, სამინისტროს წერილებში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნდა, ხოლო სამინისტროს ელ. ბაზის მიხედვით ე. ე-ა დამისამართებული იყო ...ის რაიონში, სოფელი ..., კორპ. №....

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი მიმართული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №5/53448 წერილით განმარტებულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხს, აღნიშნული საკითხის განხილვა არ წარმოადგენს სააგენტოს კომპეტენციას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, გამგებლის წარმომადგენლებისა და კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მიერ 2017 წლის 20 ივნისს შედგენილი ოქმისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 21 ივნისის №50-50 წერილის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება ,,...ის’’ ტერიტორიაზე ე. ე-ას ნამდვილად ქონდა 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული ... კვ.მ. მიწის ნაკვეთი (აღნიშნული დასახლების ტერიტორიაზე). ნაკვეთი იყო შემორაგული და ათვისებული ე. ე-ას მიერ, მასზე გაშენებული იყო ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ნუგზარ ბუავას და ილია დოლაბერიძის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ე-ა (პ/ნ ...) 2003 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ... კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, მდებარე წყალტუბო, სოფელი ...ი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, შპს „...დან’’, სს „...დან’’ და შპს „ე...დან’’ გამოითხოვა ე. ე-ას მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი კომუნიკაციების არსებობის თაობაზე ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ ე. ე-ას მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული ე...ას კუთვნილი ელექტრონული ქსელი, ასევე არ გადიოდა ბ/აირის მილსადენი და ს/ს „...ს’’ კუთვნილი კომუნიკაციები.

საბოლოოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. ე-ას უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ძირითად საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა მოსარჩლის, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსზე და აღნიშნა, რომ დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ახორციელებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და არა კომისია. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს არცერთი საკანონმდებლო აქტი არ უკრძალავდა ესარგებლა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და ამ კანონით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობებში თვითნებურად დაკავების მოტივით საკუთრებაში ეღიარებინა მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმის გათვალიწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ე. ე-ას მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლიანობაზე არ უმსჯელია, საკითხის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმარულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე - ადმინისტრაციულმა ორგანომ მოუსმინა დაინტერესებულ პირს, შესაბამის უწყებებში გადააგზავნა წერილები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მოწმეთა ჩვენებებს. კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, ის აფასებს წარმოდგენილ მალებს და თავად იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო

„ფიზკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ვალდებულია მოახდინოს ადგილზე დათვალიერება და შედეგები დაურთოს საქმის მასალებს.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ე. ე-ას დაკავებული აქვს სახელწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი … კვ.მ, რომელზეც განთავსებულია ასაწყობ-დასაშლელი ხის კოტეჯი. აღნიშნული კოტეჯი მას გადაეცა საკუთრებაში საქმეზე არსებული საქართველოს თვითუზრუნველყოფის ფონდის 2003 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დადგენილების თანახმად. მიწის აღიარების კანონის მე-2 მუხლის „დ'' ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნაა საკუთრება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავებული იყოს საცხოვრებელი სახლი - შენობა ნაგებობა აშენებული ან დანგრეული. ე. ე-ას მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე კი განთავსებულია კოტეჯი, რომელიც არ არის აშენებული და წარმოადგენს ხის ასაწყობ-დასაშლელ სისტემას, ხოლო კანონის მე-2 მუხლით განმარტებულია, რომ შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; დრობითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი ნაგებობა, რაც მოქმედი კანომდებლობის (,,ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის) თანახმად, ეწინააღმდეგება სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების წესსა და პირობებს; ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც დროებითი ნაგებობაა განთავსებული, შესაძლოა ექვემდებარებოდეს დაშლას, რითაც დაირღვევა კანონის მიზანი - საკუთრების უფლების აღიარებით მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის - ე. ე-ას მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (... კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ახორციელებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და არა კომისია.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, როგორც საქართველოს მოქალაქეს არცერთი საკანონმდებლო აქტი ზღუდავს ისარგებლოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და ამ კანონით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობებში თვითნებურად დაკავების მოტივით საკუთრებაში იღიაროს მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მსგავსი განმარტება სამართლებრივად აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ამასთან, იმის გათვალიწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ე. ე-ას მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლიანობაზე საერთოდ არ უმსჯელია, საკითხის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე