Facebook Twitter

№ბს-215(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ“ 2018 წლის 24 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 30 ოქტომბრის №04/67691 და 2017 წლის 07 ნოემბრის №04/69540 გადაწყვეტილებების, აგრეთვე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილის №04/20326 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №04/67691 და 2017 წლის 07 ნოემბრის № 04/69540 გადაწყვეტილებები და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილის №04/20326 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

პაციენტი ა. ზ-ი (დაბ. ...) ჰოსპიტალიზებულ იქნა 10.03.2017 წლის 16:57 საათზე, გაეწერა 10.03.2017 წლის 20:50 საათზე, გაატარა 1 საწოლდღე, კლინიკას მიაკითხა თვითდინებით, დიაგნოზი შესვლისას: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, დაუზუსტებელი J06.9, დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, დაუზუსტებელი J06.9. მშობლის გადმოცემით, ბავშვს მე-4 დღეა აღენიშნება ცხელება, ტირის შარდვის დროს, ბინაზე ეძლეოდა ანტიპირეტიკი, ცხელება გრძელდება. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: კანი ვარდისფერი, ტურგორი შენახული, აღენიშნება ცხელება, ჭირვეულობს, cor et pulmo – №, ცნობიერება ნათელი, მენინგიალური ნიშნების უარყოფითი, ხახა ჰიპერელიუმი, ნადებით, მუცელი რბილი, პალიპატიით უმტკივნეულო, შარდვა მძაფრი სუნით, დეფეკაცია ნორმა. ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. პაციენტი ბინაზე გაეწერა მშობლის ხელწერილის საფუძველზე.

2018 წლის 17 აპრილის შეტყობინების დათვალიერების თანახმად, პაციენტი ა. ზ-ის (დაბ. ...) შემთხვევის ტიპს წარმოადგენს ამბულატორია, შემთხვევის სტატუსს: გადაუდებელი; შემთხვევის №33910110551; აღნიშნული შემთხვევა შეტყობინებაში დახურულ იქნა, როგორც დაუსრულებელი მკურნალობა ხელწერილის საფუძველზე, საჭიროებს გადაყვანას.

პაციენტი ნ. ჭ-ე (დაბ. ...) ჰოსპიტალიზებულ იქნა 11.03.2017 წლის 18:17 საათზე, გაეწერა 12.03.2017 წლის 00:20 საათზე. კლინიკაში გაატარა 1 საწოლ-დღე. კლინიკას მიაკითხა თვითდინებით, დიაგნოზი შესვლისას: მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9, დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9. დაავადების 3-დღიანი ანამნეზი: ცხელება, რინორეა, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, ბინაზე ანტიბაქტერიული და სიმპტ. პრეპარატებით ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ხველის ინტენსივობამ იმატა, გამოიკვეთა სპასტიური, შეტევითი ხასიათის ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, ჰექტიური ცხელება, ძნელად ემორჩილებოდა ანტიპირეტიულ პრეპარატებს. ჩაუტარდა ER ექიმის კონსულტაცია, რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი. მდომარეობა სტაციონარში შესვლისას: კანი ფერმკრთალი, ტურგორი და ელასტიურობა შენახული, აღენიშნება ცხელება, შეტევითი მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, დატვირთვის ექსპ. სტრიდორი, cor – №. pulmo - უხეში მოგუგუნე და მსტვინავი ხასიათის მშრალი ხიხინი დიფუზურად. ნევროლოგიური სტატუსი - №. ხახა ჰიპერემიული. ყლაპვა თავისუფალი, მუცელი რბილი, უმტკივნეულო, ნაწლავთა მოქმედება და დიურეზი - №. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. ხველის ინტენსივობა შემცირდა, სუნთქვითი ძალისხმევა და ინსპ. სტრიდორი მოეხსნა, R-38, SpO-96-97%, აუსკულტაციური მონაცემები - დადებითი დინამიკის გარეშე, საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.

2018 წლის 17 აპრილის შეტყობინების დათვალიერების თანახმად, ნ. ჭ-ის (დაბ. ...) შემთხვევის ტიპს წარმოადგენს აბულატორია, შემთხვევის სტატუსს: გადაუდებელი; შემთხვევის №2739708208; აღნიშნული შემთხვევა შეტყობინებაში დახურულ იქნა, როგორც სტაბილიზაცია, საჭიროებს გადაყვანას.

პაციენტი ნ. მ-ი (დაბ. ...) ჰოსპიტალიზებულ იქნა 18.04.2017 წლის 22:12 საათზე, გაწერა 19.04.2017 წლის 03:15 საათზე. კლინიკაში გაატარა ერთი საწოლ-დღე. დიაგნოზი შესვლისას: ცხელება R50.0, დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: ცხელება R50.0. მშობლის გადმოცემით, ბავშვი ავად არის 5 დღეა, დაავადება დაეწყო ცხელებით, რასაც თან დაერთო ურტიკარიული გამონაყარი. ბინაზე მკურნალობდნენ პედიატრის დანიშნულებით, გამონაყარი ალაგდა, თუმცა ცხელება გრძელდება, მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურის არეში გამოიხატა ტკივილი, შეშუპება, რის გამოც სასწრაფო დახმარების მიერ მიყვანილ იქნა კლინიკაში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ER ექიმის კონსტულტაცია, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ს.ს.ა შ.ს.ა გულმკერდის რენტგენოგრაფია. ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ქვედა კიდურის არეში აღენიშნება სილურჯეები, შეშუპება მარჯვენა კოჭ-წვივის არეში, სიარულისას ორივე კიდურს ეყრდნობა. აღენიშნება ცხელება, რინორეა, ერთეული მშრალი ხველა, cor – №, pulmo - მკვრივი ელფერის სუნთქვა. ცნობიერება ნათელი, მენინგიალური ნიშნები და კეროვანი ნეეროლოგიური სიმპტომები არ ვლინდება. ხახა ჰიპერემიული 4 მცირედ, მუცელი რბილი, უმტკივნეულო, დეფეკაცია და დიურეზი ნორმა. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: უცვლელი. ტემპერატურა ნორმალიზდა, ტკივილის ინტენსივობამ იკლო, მეტად გააქტიურდა. სსა ვლინდება ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრა. შეთავაზებულ ჰოსპიტალიზაციაზე მშობელმა უარი განაცხადა, გაეწერა ბინაზე ხელწერილის საფუძველზე.

2018 წლის 17 აპრილის შეტყობინების დათვალიერების თანახმად, პაციენტ ნ. მ-ის (დაბ. ...) შემთხვევის ტიპს წარმოადგენს აბულატორია, შემთხვევის სტატუსს: გადაუდებელი; შემთხვევის №812217495; აღნიშნული შემთხვევა შეტყობინებაში დახურულ იქნა, როგორც დაუსრულებელი მკურნალობა ხელწერილის საფუძველზე, საჭიროებს გადაყვანას.

პაციენტი ნ. ხ-ი (დაბ. ... წ) ჰოსპიტალიზებულ იქნა 22.04.2017 წლის 23:09 საათზე, გაეწერა 23.04.2017 წლის 02:00 საათზე. კლინიკაში გაატარა 1 საწოლ-დღე. დიაგნოზი შესვლისას: მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9, დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9 მშობლის გადმოცემით, პაციენტს გამოეხატა სუნთქვის გაძნელება და გახშირება, რის გამოც მიყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია, ოქსიგენოთერაპია, ავროზოლოთერაპია, ტრაქეოსტომული მილის სანაცია. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: გამოხატულია ტაქიპნოე, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა, რეტრაქციები, ცხვირის ნესტოების ბერვა, სუნთქვა ხორციელდება ტრაქეოსტომული მილის საშუალებით, კანი ფერმკრთალი, ტურგორი და ელასტიურობა დაქვეითებული, პულსი პერიფერიაზე საშუალო ავსების გადაჭიმულობის, გამოხატულია ტაქიკარდია. სახეზეა გლობალური ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, მზერას ვერ აფიქსირებს, cro - ტონები მოყრუებული, pulmo - დიფუზურად მშრალი მსტვინავი ხიხინი, მუცელი რბილი, პალპაციით უმტკივნეულო, დიურეზი ადეკვატური, დეფეკაცია არარეგულარული. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული, ჩატარებული თერაპიის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, სუნთქვა გახდა მშვიდი, რითმული, რეკონმენდირებულია სტაციონარში მოთავსება, რაზედაც უარი ითქვა და ბინაზე გაეწერა ხელწერილის საფუძველზე.

2018 წლის 17 აპრილის შეტყობინების დათვალიერების თანახმად, პაციენტი ნ. ხ-ი (დაბ. ...წ.) შემთხვევის ტიპს წარმოადგენს აბულატორია, შემთხვევის სტატუსს: გადაუდებელი; შემთხვევის №690003039; აღნიშნული შემთხვევა შეტყობინებაში დახურულ იქნა, როგორც დაუსრულებელი მკურნალობა ხელწერილის საფუძველზე, საჭიროებს გადაყვანას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 ოქტომბრის №04/67691 გადაწყვეტილებით, პაციენტების: ა. ზ-ის და ნ. ჭ-ის სამედიცინო შემთხვევებს (№2739708208, №3391010551) ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 ნოემბრის №04/69540 გადაწყვეტილებით, პაციენტების: ნ. ხ-ის და ნ. მ-ის სამედიცინო შემთხვევებს (№690003039, №812217495) ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილის №04/20326 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს ,,...ოს“ 2017 წლის 27 ნოემბრის №1960/02 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 ოქტომბრის №04/67691 და 2017 წლის 07 ნოემბრის №04/69540 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე უთხრა უარი მოსარჩელეს შესაბამისი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, რომ სრულყოფილად არ შეუფასებია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რაც სადავო აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად.

კასატორი მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებლი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. კასატორი განმარტავს, რომ სამედიცინო შემთხვევის გადაუდებელ ამბულატორიულ შემთხვევად მიჩნევისთვის არ უნდა არსებობდეს სტაციონალური მომსახურების აუცილებლობა. ვინაიდან პაციენტების მშობლებისთვის შეთავაზებულ იქნა სტაციონარული მომსახურება, ხოლო მათ მიერ ხელწერილით მოხდა სამედიცინო დაწესებულების დატოვება, აღნიშნული შემთხვევა ვერ აკმაყოფილებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების პირობებს, შესაბამისად, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებას ელექტრონულ მოდულში მოთხოვნილი აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება, აღნიშნული შემთხვევა ვერ აკმაყოფილებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა ვერ განმარტეს გადაუდებელი სტაციონარული/ამბულატორიული მომსახურების სამართლებრივი შინაარსი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებუილი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.3. ითვალისწინებს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურების პირობებს. დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პაციენტები - ა. ზ-ი (პ/ნ:...), ნ. ჭ-ე (პ/ნ: ...), ნ. ხ-ი (პ/ნ:...) და ნ. მ-ი (პ/ნ: ...) წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით მოსარგებლე პირებს.

საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტებს ა. ზ-ს, ნ. ჭ-ეს, ნ. ხ-ს და ნ. მ-ს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში“ ჩაუტარდათ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, ხოლო გასაჩივრებულ - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, მხოლოდ იმ გარემოებების მითითებით, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად გამოვლინდა, რომ შეთავაზებულ იქნა ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამედიცინო შემთხვევებზე ისე იმსჯელა განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ არ შეუფასებისა და არ დაუსაბუთებია თუ რას დაეფუძნა გადაწყვეტილების მიღებისას, რაც ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების დასტურად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას; როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) საკასაციო საჩივარზე 24/03/2020წ. საგადახდო მოთხოვნით №09993 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24/03/2020წ. საგადახდო მოთხოვნით №09993 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე