Facebook Twitter

საქმე №ბს-282(2კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 24 მაისს ს. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 მაისის №508 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №387433, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4004365, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის №4329913, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4335882 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ს. ბ-მა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 მაისის №508 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მის მიერ 2019 წლის 26 თებერვალს წარდგენილი №19/01190571357-01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვის დავალება, კანონით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 მაისის №508 ბრძანება ს. ბ-ის წარმომადგენლის - მ. ო-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ს. ბ-ის წარმომადგენლის მ. ო-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3874331, 2018 წლის 8 ივნისის №4004365, 2019 წლის 8 იანვრის №4329913, 2019 წლის 14 იანვრის №4335882 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, 2019 წლის 26 თებერვალს წარდგენილი №19/01190571357-01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „...მა“. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, აპელანტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ 2019 წლის 26 თებერვალს ს. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ო-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3874331, 2018 წლის 8 ივნისის №4004365, 2019 წლის 8 იანვრის №4329913 და 2019 წლის 14 იანვრის №4335882 ბრძანებების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 აპრილის №10-01191024669 წერილით ს. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ სადავო აქტები არ იყო გამოცემული მის მიმართ, ამასთანავე, მისი საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად, არ დასტურდებოდა ინტერესის არსებობა სადავო აქტებთან და მათ საფუძველზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით მიყენებულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. მოსარჩელეს დაევალა, 5 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. 2019 წლის 19 აპრილს ს. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ო-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ს. ბ-ი წარმოადგენდა საპროექტო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც დღეის მდგომარეობითაც ფლობდა და სარგებლობდა. საპროექტო ტერიტორიაზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებით კი, მისი საცხოვრებელი სახლი იმდენად დაზიანდა, რომ ცხოვრება საშიში გახდა. საბოლოოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 მაისის №508 ბრძანებით ს. ბ-ის წარმომადგენლის მ. ო-ის 2019 წლის 26 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ ს. ბ-ი წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 02.03.2009წ. ცნობა-დახასიათებაზე, საიდანაც დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისში, ...ს N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 611 კვ. მ, აღრიცხული იყო ს. კ-ის სახელზე, მის სახელზე აღრიცხული იყო ასევე შენობა-ნაგებობები: ლიტერ ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ფ1’’, ,,ფ2’’, ,,ფ3’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,ეც’’ და ,,ვც’’. საქმეში არსებული 2009 წლის 1 მაისის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება ს. კ-ის გარდაცვალების შემდეგ საკუთრებაში მიიღო ს. ბ-მა, როგორც ს. კ-ის მეორე რიგის მემკვიდრემ. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ 1987 წლის №029441 სააღრიცხვო ბარათისა და 01.05.2009წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი: 611.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9) 2009 წლის 18 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ს. ბ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, დღეის მდგომარეობით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ს. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება იყო ბათილი და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა, თუმცა დავა შეეხებოდა მხოლოდ ქონების ნაწილს, ამასთანავე, უდავო იყო, რომ ს. ბ-ი დღესაც ცხოვრობდა საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-მა, დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, თუ რატომ აყენებდა ზიანს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3874331, 2018 წლის 8 ივნისის №4004365, 2019 წლის 8 იანვრის №4329913, 2019 წლის 14 იანვრის №4335882 ბრძანებები, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 07.05.2019წ. №508 ბრძანებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ ს. ბ-ი წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ს. ბ-ის კანონიერი ინტერესის არსებობის დასადგენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა ს. ბ-ის საკუთრების უფლების ბათილობის ფაქტს და საჯარო რეესტრიდან შესაბამის ამონაწერს. სხვა მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა.

შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა ს. ბ-ის კანონიერი ინტერესი სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არსებითად უნდა განეხილა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „...მა“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ვინაიდან ს. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ბათილი იყო, შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3874331, 2018 წლის 8 ივნისის №4004365, 2019 წლის 8 იანვრის №4329913 და 2019 წლის 14 იანვრის №4335882 ბრძანებებით შეთანხმებული და ნებადართული სამშენებლო სამუშაოები ზიანს ვერ მიაყენებდა ს. ბ-ის კანონიერ ინტერესებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, ს. ბ-ი ვერ იქნებოდა მიჩნეული სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირად, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

კასატორი - შპს „...ი“ აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას და შესწავლას ემსახურებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს. ბ-ისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აპრილის №10-01191024669 წერილით ხარვეზის დადგენა. რაც შეეხება ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილ განცხადებას, რაც სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია ადმინისტრაციული საჩივრის წარსადგენისა და ს. ბ-ის უფლებამოსილების დასადასტურებლად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო აქტშივე განმარტა, თუ რატომ ვერ გაიზიარებდა 2019 წლის 19 აპრილს ს. ბ-ის წარმომადგენელის მ. ო-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ №19/01191091544-10 განცხადებაში მითითებულ გარემოებებს. ის გარემოება, რომ ს. ბ-სა და მესამე პირებს შორის მიმდინარეობს დავა საპროექტო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ შესაძლოა საფუძვლად დაედოს ს. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ვერ იქნებოდა გაზიარებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულებული იყო, გადაწყვეტილება მიეღო საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე და აღნიშნული არც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის - ს. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 მაისის №508 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2019 წლის 26 თებერვალს წარდგენილი №19/01190571357-01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულია დამატებითი ინფორმაციის წარდგენის, განცხადების განუხილველად დატოვების წესი. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3874331 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N..., კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4004365 ბრძანებით გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2018 წლის 8 ივნისიდან 2019 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის №4329913 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (საკადასტრო კოდი №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4335882 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2019 წლის 4 იანვრიდან 2020 წლის 14 ივლისის ჩათვლით.

დადგენილია, რომ 2019 წლის 26 თებერვალს, ს. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ო-მა №19/01190571357-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №3874331, 2018 წლის 8 ივნისის №4004365, 2019 წლის 8 იანვრის №4329913 და 2019 წლის 14 იანვრის №4335882 ბრძანებების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 აპრილის №10-01191024669 წერილით კი, ს. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ სადავო აქტები არ იყო გამოცემული მის მიმართ, ხოლო მისი საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული არ იყო და შესაბამისად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის ინტერესის არსებობა სადავო აქტებთან და მათ საფუძველზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით მიყენებულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. ამდენად, მოსარჩელეს დაევალა, 5 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

2019 წლის 19 აპრილს ს. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ო-მა №19/01191091544-10 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ს. ბ-ი წარმოადგენდა საპროექტო - ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც დღეის მდგომარეობითაც ფლობდა და სარგებლობდა. საპროექტო ტერიტორიაზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებით კი მისი საცხოვრებელი სახლი იმდენად დაზიანდა, რომ ცხოვრებაც კი საშიში გახდა. საბოლოოდ კი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 მაისის №508 ბრძანებით ს. ბ-ის წარმომადგენლის მ. ო-ის 2019 წლის 26 თებერვლის №19/01190571357-01 ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ ს. ბ-ი წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევისთვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უშუალოდ აღნიშნული პირის მიმართ, ან იგი უშუალო და პირდაპირ გავლენას უნდა ახდენდეს პირის კანონიერ ინტერესსა თუ უფლებაზე. უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მხარის უფლება თუ ინტერესი იყოს კანონით დაცული და აღიარებული. სწორედ კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებას უნდა ადგებოდეს ზიანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2009 წლის 2 მარტის ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ს N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 611 კვ.მ. აღრიცხული იყო ს. კ-ის სახელზე, საიდანაც 607კვ.მ აღრიცხული იყო 1987 წელს, ხოლო 4 კვ.მ. – 2003 წელს. მის სახელზე აღრიცხული იყო ასევე შენობა-ნაგებობები: ლიტერ ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ფ1’’, ,,ფ2’’, ,,ფ3’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,ეც’’ და ,,ვც’’. აღნიშნული უძრავი ქონება ს. კ-ის გარდაცვალების შემდეგ 2009 წლის 1 მაისის სამკვიდრო მოწმობით საკუთრებაში მიიღო ს. ბ-მა, როგორც ს. კ-ის მეორე რიგის მემკვიდრემ.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ 1987 წლის №029441 სააღრიცხვო ბარათისა და 2009 წლის 1 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N..., მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 611.00კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 30; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, 2009 წლის 18 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ს. ბ-ის სახელზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მართალია დღეის მდგომარეობით ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე ს. ბ-ის რეგისტრირებული უფლება სადავოა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, რაზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ დავა ეხება მხოლოდ ქონების ნაწილს. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ს. ბ-ი დღესაც ცხოვრობს და სარგებლობს საპროექტო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) მომიჯნავედ არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში ს. ბ-ის კანონიერი ინტერესის არსებობის დასადგენად სრულყოფილად უნდა შეესწავლა ს. ბ-ის (წარმომადგენელი მ. ო-ი) მიერ 2019 წლის 26 თებერვალს წარდგენილი №19/01190571357-01 ადმინისტრაციული საჩივარი, შეემოწმებინა მისი ფორმალური და შემდგომ მატერიალური საფუძვლიანობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 25.02.2020წ. #3216222878 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.02.2020წ. #3216222878 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე