Facebook Twitter

№ბს-296(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ს-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 04 ივლისს ზ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.

მოსარჩელემ ზ. ს-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივნისის №147/05 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის, ზ. ს-ის საქართველოს ეროვნული ბანკის ... ჯგუფების და... ...ის ...ის ... და ... და ... ... ... ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ზ. ს-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, 2016 წლის 11 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც იგი სარგებლობდა ბრწყინვალე რეპუტაციით. მუშაობის პერიოდში არასოდეს ყოფილა დისციპლინური სახლდელდადებული და არ ჰქონია რაიმე ტიპის გადაცდომა. აღნიშნულის მიუხედავად, ყოველგვარი საფუძვლისა და საქმისათის მნიშვენლოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. უფლების დასაცავად, ზ. ს-მა მიმართა სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებითაც, საკითხი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ ბანკს. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითებები და ზურაბ სატმბოლიშვილი განმეორებით, უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანმდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივნისის №147/05 ბრძანება; საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ზ. ს-ის საქართველოს ეროვნული ბანკის ... ჯგუფების და... ...ის ...ის ... და ... და ... ... ... ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ზ. ს-ისათვის მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს, 2016 წლის 11 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ნოემბრის №313/05 ბრძანების თანახმად, ზ. ს-ი გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული ბანკის ... ჯგუფების და... ...ის დეპარტამენტის ... და .... და ... ... ...ის ...ის თანამდებობიდან. ხსენებული ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის №3ბ/1552-17 გადაწყვეტილებით. ამასთან, მოპასუხე - საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ, 2018 წლის 6 ივნისს გამოცემული იქნა №147/05 სადავო ბრძანება.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რამაც გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას. ასევე, დისციპლინური გადაცდომის შედეგად საჯარო დაწესებულების რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება. დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებისას, კომისიამ მიუთითა ორ ფაქტობრივ გარემოებაზე: ზ. ს-ის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით, მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობა და ეროვნული ბანკის საკადრო პოლიტიკის გათვალისწინებით სხვა თანამშრომელთა მიმართ პრევენციული ხასიათის ღონისძიების აუცილებლობა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ. ს-ის მიერ არაეთიკური საქციელის ჩადენა ეჭქვეშ არ დამდგარა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, დაედგინა და გამოეკითხა კონფლიქტის მონაწილე პირები. აღნიშნულის შემდეგ კი შეეფასებინა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხასიათი და გამოეყენებინა პასუხისმგებლობის პროპორციული ღონისძიება. კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებებსა და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას, არ გამოკვეთილა ისეთი ახალი გარემოება, რომელიც არ იყო დადგენილი და შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ზ. ს-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, ხარისხი და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება არაპროპორციულია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის მძიმე გადაცდომად დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან არ დგინდებოდა, თუ რა სახის ზიანი მიადგა მოსარჩელის ქმედებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაციას და საჯარო ინტერესს. მოპასუხე მხარის მიერ არ იყო არგუმენტირებული მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, არ იყო დასაბუთებული, პროპორციული დისციპლინური ღონისძიების გამოყენების პირობებში, ზ. ს-ის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობის გაგრძელების შეუძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას შეფასების მიღმა დარჩა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოხმობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ზ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედების ანალოგიური ქმედება ჩაითვალა საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციად, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლება - ჩადენილი გადაცდომის პროპორციულ ღონისძიებად. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სადავო აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - დისციპლინური წარმოების ოქმი, რომელიც აღწერს მოსარჩელის მიერ ჩადენილ ქმედებას და შეიცავს გამოყენებული დისციპლინური ზომის პროპორციულობის დასაბუთებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა ზ. ს-ის მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიყენებული ზიანი და შელახული რეპუტაცია.

კასატორის მოსაზრებით, ზ. ს-ის მიერ ჩადენილი საქციელი ცალსახად მოიცავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომის მახასიათებელ ელემენტებს - დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინული გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას. ასევე, დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.

კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის არ შეიცავს რაიმე საგამონაკლისო ზომას პირის პროფესიონალიზმისა და სახდელდაუდებლობის გამო. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების განზრახულობა, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების მცდელობის არარსებობა ცალსახად გამორიცხავს მოსარჩელისათვის უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესაძლებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ საჯარო მოხელის, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტის, კვალიფიკაცია პროფესიონალიზმთან ერთად იზომება მორალური კრიტერიუმებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. ს-ი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა თავის უშუალო ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს, ამდენად, მასთან კოლეგიალური ურთიერთობის გაგრძელება რთული იქნება, რაც გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის მართებულობას ადასტურებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, კერძოდ, საჯარო მმართველობის განხორციელების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზ. ს-ის მიმართ ჩატარებული დიციპლინური წარმოების კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, ქალაქგარეთ გასვლითი ღონისძიებიდან დაბრუნების დროს, ზ. ს-ი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს თანამშრომლებისა და საქართელოს ეროვნული ბანკის მიმართ. აღნიშნული ქცევა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შეფასდა ეთიკის ნორმების დარღვევად და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ნოემბრის №313/05 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ხსენებული ბრძანება სასამართლოში გასაჩივრდა ზ. ს-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის №3ბ/1552-17 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ნოემბრის №313/05 ბრძანება და ეროვნულ ბანკს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. სააპელაციო პალატის ხსენებული განჩინების აღსრულების მიზნით, მოპასუხე ადმინისტარციულ ორგანოში ჩატარდა დისციპლინური წარმოება და მიღებულ იქნა მოპასუხის 2018 წლის 6 ივნისის №147/05 სადავო ბრძანება, რომლის თანახმად, ზ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა გახდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომაა ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ხსენებული კანონის 96-ე მუხლი შეიცავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების ამომწურავ ჩამონათვალს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიულად სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრა მიზნად ისახავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაცდომის შინაარსის, ინტენსივობის, ხასიათისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, პროპორციული და თანაზომიერი სახდელის შერჩევას. სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც ყველაზე მძიმე და რადიკალური ღონისძიება, უნდა პასუხობდეს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს. მნიშვნელოვანია, რომ ადრესატისათვის ნათელი იყოს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და მოტივები. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით უნდა იქნეს გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის მიზნით დაევალა საქართველოს ეროვნულ ბანკს საკითხის ხელახალი განხილვა, ვინაიდან სააპელაციო პალატამ, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება არაპროპორციულ ღონიძიებად მიიჩნია. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტაციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ხელახალი წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება. დაუსაბუთებელია პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ღონისძინების გამოყენების აუცილებლობა. მართალია, წარმოების ფარგლებში, გამოიკითხნენ კონფლიქტის შემსწრე პირები, თუმცა ვერც ერთი მათგანი კონკრეტულად ვერ ასახელებს იმ პირის ვინაობას, ვისაც ზ. ს-ი თავდაპირველად დაუპირისპირდა. ამასთან, პირველი ინსტაციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა კამათს და არა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, აგრეთვე, მოწმის მიერ ზ. ს-ის საქციელი შეფასდა როგორც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის ქმედება. ამდენად, არ დასტურდება ჩადენილი ქმედების განზრახულობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტით არ არის დასაბუთებული თუ რაში გამოიხატა ზ. ს-ის მიერ საჯარო დაწესებულების დისკრედიტაცია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება საერთოდ არ უკავშირდებოდა სამუშაო პროცესს, დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ სადავო კონფლიქტის შემდგომ, შეუძლებელი იქნება ზ. ს-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულება. საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ჩადენილი ქმედების განზრახულობა და დამდგარი შედეგის თავიდან აცილების მცდელობის არარსებობა ცალსახად გამორიცხავდა მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესაძლებლობას. აგრეთვე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. ს-მა დისციპლინური წარმოების დაწყებამდე სცადა კონფლიქტის მოგვარება და თანამშრომლებს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ბოდიში მოუხადა ჩადენილი საქციელის გამო. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მაღალი სტანდარტით ვერ დაასაბუთა ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა, გათვალისწინებული არ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის №3ბ/1552-17 გადაწყვეტილების მითითებები, რაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე