Facebook Twitter

№ბს-300(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ს-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 20 ივლისს დ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 აპრილის №595 სხდომის ოქმის მე-7 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 7 ივნისის №163 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე, დ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 354 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 1994 წელს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომლის მომიჯნავედ არსებულ 354 კვ.მ. ტერიტორიას ფლობს და ამუშავებს დღემდე. დ. ს-ემ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შეიყვანა სამანქანო გზა, გააშენა ხეხილის ბაღი და ბოსტანი, რომელსაც დღემდე ამუშავებს. მოსარჩელის განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი შემოღობილი იყო ეკლიანი მავთულის ღობით, რომლის ნაწილიც 90-იან წლებში მოიპარეს. ამდენად, დღეის მდგომარეობით, ხსენებულ ნაკვეთსა და დ. ს-ის მეზობლის ნაკვეთს შორის შიდა სასაზღვრე ღობე არ არსებობს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ღობის მოწყობა დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც მას არ აქვს. დ. ს-ე მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 აპრილის №595 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება დ. ს-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თმის თაობაზე და ამავე კომისიის 2017 წლის 7 ივნისის №163 განკარგულება, მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დ. ს-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე მსჯელობისას, კომისიის მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევა და შეფასება. სადავო მიწის ნაკვეთის დ. ს-ის მიერ ფლობის დასადასტურებლად მოპასუხეს წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზები, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ორთოფოტოები, ფოტოსურათები და მოწმეთა განცხადებები. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხავი უტყუარი გარემოებები მოპასუხის მიერ საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ორტოფოტოებზე ღობე არ ჩანს, თუმცა დასტურდება უფლებაასაღიარებელი ტერიტორიისა და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობა, რაც დ. ს-ის მიერ სადავო ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტზე მიუთითებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომისიას წარედგინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს დ. ს-ის მიერ სადავო ნაკვეთის 1994 წლიდან ფლობას, თუმცა აღნიშნული ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. კასატორის განმარტებით, ორთოფოტოებით არ დგინდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და სადავო მომიჯნავე მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნით. კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ს-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას აგრეთვე არ ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრები, რადგან ისინი დათარიღებულია 2010, 2011 და 2016 წლებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ მხოლოდ მხარის ზეპირი განმარტება გაითვალისწინა. კომისიის მოსაზრებით, გაუგებარია, რას გულისხმობს ნაკვეთების „ერთიან სივრცეში“ განთავსება, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოსარჩელის - დ. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს. სადავო აქტში, დ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, მითითებულია ის გარემოება, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტის მიღებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. დ. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებასა და მის მომიჯნავედ მდებარე სადავო მიწის ნაკვეთზე ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის არარსებობა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთებს ორივე მხრიდან ესაზღვრება სამანქანო გზა, რაც მათი ერთიან სივრცედ მიჩნევის შესაძლებლობას ქმნის. ამასთან, მოთხოვნილი ნაკვეთის მოსარჩელის მიერ დაკავებისა და ფლობის ფაქტი დასტურდება მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, რაც "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში).

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებზე, დ. ს-ის საცხოვრებელი სახლის გასწვრივ ფიქსირდება სხვადასხვა ობიექტები. აღნიშნული გარემოება არ გამხდარა კომისიის მსჯელობის საგანი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ არ მომხდარა ნაკვეთის მდგომარეობის ადგილზე შესწავლა, მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეების გამოკითხვა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ტერიტორიაზე გარკვეული ობიექტების არსებობის საკითხის გამოკვლევის, შესაძლო დაინტერესებულ პირთა გამოვლენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვის და თანმდევ სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობის საჭიროება დამატებით ადასტურებს დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის მართლზომიერებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (კანონიერების პრინციპი), ხოლო კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული ობიექტების კუთვნილების საკითხი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე