Facebook Twitter

ბს-325 (კ-19) 23 ივლისი, 2020 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...მა“ 06.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.11.2017წ. N04/73759 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პაციენტების - მ. ჩ-ის და ს. ქ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც პაციენტების - მ. ჩ-ისა და ს. ქ-ის შემთხვევები დაექვემდებარება ანაზღაურებას, ასევე სს „...ის“ ტრამვატოლოგიური ჰოსპიტალის 19.12.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.06.2018წ. N04/33403 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.11.2017წ. N04/73759 გადაწყვეტილება, პაციენტების - მ. ჩ-ის და ს. ქ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც პაციენტების - მ. ჩ-ისა და ს. ქ-ის შემთხვევები დაექვემდებარება ანაზღაურებას, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სს „...ის“ ტრამვატოლოგიური ჰოსპიტალის 19.12.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.06.2018წ. N04/33403 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტების მ. ჩ-ის და ს. ქ-ის მიმართ გაწეული მომსახურება არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1.3 დანართის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი შემთხვევები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტი მ. ჩ-ი მკურნალობდა შპს „გადაუდებელი მედიცინის ცენტრში“ 2017 წლის 14-15 ივნისს დიაგნოზით პნევმონია. გამოსავალი - დაუსრულებელი მკურნალობა პაციენტის ხელწერილის საფუძველზე. 21.06.2017წ. 14:48 საათზე განხორციელდა პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია მოსარჩელე დაწესებულებაში იმავე დიაგნოზით. საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა, მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/ მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა“. საგამონაკლისო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად ზემოაღნიშნული შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. რაც შეეხება პაციენტ ს. ქ-ს, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: იგი მკურნალობდა მოსარჩელე დაწესებულებაში 2017 წლის 25 ივნისიდან 2017 წლის 27 ივნისამდე, დიაგნოზით და შეტყობინებით წვივის მრავლობითი მოტეხილობები, კოჭ-წვივის ან ტერფის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია მხოლოდ ჭანჭიკების გამოყენებით, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციით, ანუ ფორმა NIV-100/ა-ით განსაზღვრულია წვივის მრავლობითი მოტეხილობები, კოჭ-წვივის ან ტერფის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ფირფიტის და ჭანჭიკების გამოყენებით. საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. შესაბამისად, ვინაიდან სამედიცინო შემთხვევათა ელექტრონულ მოდულში გადმოცემული შეტყობინება და სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ერთმანეთს, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამდენად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტები - მ. ჩ-ი და ს. ქ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მ. ჩ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა) გადმოცემულ მოკლე ანამნეზზე, რომლის მიხედვითაც პაციენტი თავს ავად თვლიდა 5 დღის განმავლობაში, დაავადება დაეწყო ცხელებით, ოფლიანობით, საერთო სისუსტით, ექიმისთვის არ მიუმართვას. ამასთანავე, შეტყობინების მოდულში პაციენტის დარეგისტრირებისას და გაწერის დროს პორტალზე რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამდენად საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მ. ჩ-ის მიმართ გაწეული მომსახურება შეესაბამება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით გათვალისწინებულ ასანაზღაურებელ შემთხვევათა კატეგორიას. ს. ქ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 27.06.2017წ. ცნობაში (NIV-100/ა) მითითებული ჩარევა არ ემთხვეოდა შეტყობინების სისტემაში გადაცემულ დიაგნოზს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს საკითხის განხილვას, პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე და არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე დაყრდნობით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი არ შეიცავს სამედიცინო დოკუმენტაციის კონკრეტიზაციას. საქმეში დაცული რენტგენოგრაფიის დასკვნისა და ჩატარებული ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით პაციენტს ჩატარებული ჰქონდა მარცხენა წვივის ძვლების გოჯების შიდა ფიქსაცია ჭანჭიკებით, რაც შეესაბამებოდა სამედიცინო შემთხვევათა ელექტრონულ მოდულში კლინიკის მიერ გაკეთებულ შეტყობინებას, შესაბამისად ზემოაღნიშნული შემთხვევა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.04.2019წ. N11115 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე