ბს-365(2კ-19) 23 ივლისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ღ-მა 15.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ თ. ღ-მა მოითხოვა ზედამხედველობის საქალაქო სამსასხურის 25.11.2016წ. N001852 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 23.10.2017წ. N1-2270 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 23.10.2017წ. N1-2270 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.11.2016წ. N001852 დადგენილება და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. განჩინებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული წარმოება, რა დროსაც სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე კანონმდებელი საჭიროდ მიიჩნევს გარკვეული პროცედურის დაცვას, რითიც დამრღვევს ეძლევა სამართალდარღვევის გამოსწორების და პასუხისმგებლობის თავდან აცილების შესაძლებლობა. აქტის გამოცემა პროცედურების არსებითი დარღვევით მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება, შემოწმების აქტი ან დადგენილება თ. ღ-ს პირადად არ ჩაბარებია. თ. ღ-ს ...ში არსებულ მისამართზე მხოლოდ ერთხელ გაეგზავნა კორესპონდენცია - მითითება, ხოლო შემოწმების აქტი და დადგენილება თ. ღ-ს არც კი გაგზავნია ისე განთავსდა ფასადზე. თ. ღ-ს არ მიეწოდა ინფორმაცია აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დანიშნული სხდომების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, მხარეს უნდა გაეგზავნოს არა მხოლოდ მითითება, არამედ შემოწმების აქტი, უწყებები და დადგენილება. თ. ღ-ს არ ჰქონდა რაიმე სახის ინფორმაცია მიმდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ, მას არ მიეცა რეალური შესაძლებლობა დარღვევის გამოსასწორებლად. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემეობაზე, რომ თ. ღ-ისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება შეძლო სააღსრულებო ბიურომ შესაბამისი სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.19 მუხლის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება კორესპონდენციის განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა მშენებარე ობიექტის ფასადი, ბინის მთავარი შესასვლელი და სხვ.. ორგანომ სცადა გზავნილის ადრესატისათვის პირადად ჩაბარება, თუმცა ვერ მოხერხდა, რაც ქმნიდა აქტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით ჩაბარების წინაპირობას. განმეორებით გაგზავნის ვალდებულება სამსახურს არ აკისრია. ამასთანავე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წამომადგენელი გამოცხადდა ქ. თბილისში არსებულ ობიექტზე გზავნილის ჩაბარების მიზნით, რაც ვერ განხორციელდა თ. ღ-ის მისამართზე არყოფნის გამო. თ. ღ-მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურდა, რომ არ ცხოვრობს ქ. ყვარელში მის მიერ მითითებულ მისამართზეც და სააღსრულებო ბიუროს გზავნილი კურიერმა ქ. ყვარელში არსებულ სხვა მისამართზე ჩააბარა. კასატორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათადანო სანქციას - დაჯარიმებას ან/და უნებართვო ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს (25.9 მუხ.), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდება დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (25.2 მუხ.), მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად (მე-15 მუხ., „ღ“ ქვ.პ.), მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების შესრულებასთან მიმართებით (25.5 მუხ.), უკეთუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა - მითითების პირობების შეუსრულებლობა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას პირისათვის სახდელის დაკისრების შესახებ (25.9 მუხ.), ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრის სამართალდარღვევას (25.7 მუხ.). სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, მოქმედი მოწესრიგების მიხედვით პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ 21.01.2020წ. Nბს-468-465(კ-17)). ამასთანავე, აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება. პირს უნდა მიეცეს ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის, მიმდინარე წარმოების შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს სადავო აქტს. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ თ. ღ-ს მხოლოდ ერთხელ გაეგზავნა სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითება და ვერ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო, კორესპონდენცია ჩაუბარებელი სახით დაუბრუნდა გამგზავნ ადმინისტრაციულ ორგანოს. მითითების განმეორებით გაგზავნა იმავე ან სხვა ალტერნატიულ მისამართზე აღარ მომხდარა. ამასთანავე, სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შედგენილი სხვა დოკუმენტები: შემოწმების აქტი, დანიშნული სხდომების შესახებ უწყებები ან დადგენილება თ. ღ-ს აღარ გაგზავნია ისე განთავდა ობიექტის ფასადზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსება მხოლოდ მაშინ მიიჩნევა კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებად, უკეთუ ორგანომ გზავნილის პირადად ჩაბარების ყველა სხვა საშუალება ამოწურა. ორგანომ არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს კანონის დანაწესი აქტების გაგზავნის შესახებ, არამედ უნდა განახორციელოს რეალური ქმედებები გზავნილის ჩასაბარებლად. ადრესატისათვის კორესპონდენციის ერთხელ გაგზავნა ვერ იქნება ასეთ ღონისძიებად მიჩნეული, რადგან ფოსტის მეშვეობით გზავნილის ერთხელ ჩაუბარებლობა არ ადასტურებს გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების რეალურ შეუძლებლობას და შესაბამისად, არ წარმოშობს თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევს უნდა გაეგზავნოს არა მხოლოდ მითითება, არამედ უწყებებიც, შემოწმების აქტიც და დადგენილებაც. მხარეს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიმდინარე წარმოების შესახებ, განსახილველ შემთხვევაში თ. ღ-მა არ იცოდა მის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ, რამაც მოუსპო დარღვევის გამოსწორების, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის, თავისი სამართლებრივი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია, რომ თ. ღ-ი არ აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენას, უთითებს ღობის მომწყობ სხვა სუბიექტზე და თვლის, რომ უკეთუ მას მიეცემოდა დარღვევის გამოსწორების შესაძლებლობა, იგი შეძლებდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე