ბს-391 (კ-19) 30 ივლისი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.მ-მა 11.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, თ. მ-ის ნაწილში „შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 07.03.2017წ. N551460 ბრძანების, თ. მ-ის ნაწილში „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 11.07.2017წ. N1654584 ბრძანების ბათილად ცნობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თ. მ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარი სპეციალისტის/ჯგუფის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 07.03.2017წ. N551460 ბრძანება, „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 11.07.2017წ. N1654584 ბრძანება თ. მ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. გადაწყვეტილება და 03.10.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საკითხის დამატებით გამოკვლევის საჭიროების თაობაზე, ვინიადან გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე, კერძოდ, არ გამოკვლეულა თ. მ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების მიუხედავად მსგავსი ფუნქცია-მოვალეობების მატარებელი შტატის შექმნის საკითხი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების შეუსწავლელობა, რეორგანიზაციის შემდეგ მსგავსი ფუნქციის მქონე შტატის არსებობის საკითხის გამოკვლევის გარეშე სადავო აქტის გამოცემა ადასტურებდა დავის სასკ-ის 32.4 მუხლით გადაწყვეტის კანონიერებას. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მოხდა ნორმატიულად დადგენილი წესის დაცვით, სამსახურის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. თავის მხრივ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის გასვლა ქმნიდა სამინისტროდან გათავისუფლების საკმარის სასფუძველს. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სრულად იყო დაცული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. მ-ი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარი სპეციალისტის/ჯგუფის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული უწყებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირად მიჩნეული იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა, იგი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული აქტის ფორმალური კანონიერების საკითხს, სადავო აქტის გამოცემაზე შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილების არ ქონის საკითხი არ დასმულა სასარჩელო განცხადებაში. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტების ბათილად ცნობის შესახებ სააპელაციო და საკასაციო წესით თ. მ-ის მიერ არ გასაჩივრებულა. სასამართლო შეზღუდულია მხარის მოთხოვნის ფარგლებით, იგი არ არის უფლებამოსილი გასცდეს დავის საგანს და მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხ.), ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრების და კასატორის საუარესოდ საქმის გადაწყვეტის დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამოსილებისა და აქტის არარად ცნობის საკითხზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თ. მ-ის მიერ არ გასაჩივრების გამო, არ არსებობს აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. თუმცა აღნიშნული გარემოებები არ ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უკანონობას, ვინაიდან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ზემდგომი ორგანოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლისთვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხზე ხელახალი მსჯელობის დავალება მოიცავს მათ შორის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანოს დადგენის, საკითხის ქვემდებარობით გადაგზავნაზე მსჯელობის საჭიროების დავალებასაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მიღებისას, საკასაციო სასამართლოს მყარი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით (სუსგ 04.07.2019წ. საქმე Nბს-537 (2კ-19), 26.09.2019წ. საქმე Nბს-884 (კ-19), 13.02.2020წ. Nბს134 (2კ-19), 20.03.2020წ. Nბს-891 (კ-19) და სხვ.), უნდა იმსჯელოს საკითხის ქვემდებარეობით გადაგზავნაზე, შეფასება უნდა მიეცეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა გათავისუფლებაზე შსს-ს უფლებამოსილების საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე