საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-439(კ-20) 6 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
შეამოწმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ტ-ა).
ზ. ტ-ამ 2017 წლის 4 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ზ. ტ-ას გათავისუფლების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანების ბათილად ცნობა და იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ. ტ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანება ზ. ტ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ზ. ტ-ა აღდგენილ იქნა მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ...ის და ...ის ...ის ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2020 წლის 5 მარტს (ტ. 1 ს.ფ. 377).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა საქართველოს ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 16 ივნისს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2020 წლის 5 მარტს, ხოლო საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იქნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 16 ივნისს - საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბარდა 2020 წლის 5 მარტს, აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2020 წლის 6 მარტს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21 დღიანი ვადა 2020 წლის 26 მარტის 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო საჩივარი კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 16 ივნისს იქნა წარდგენილი, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 21 დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე